ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა
რას ვსწავლობთ იესოსგან?
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა
იწონებს ღმერთი ყველა რელიგიას?
▪ იესოს ებრალებოდა ხალხი, რომლებიც ცრუ რელიგიის მონობაში იყვნენ. მან უთხრა მათ: „უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან“ (მათე 7:15). შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი ბოროტების ჩასადენად რელიგიას აფარებს თავს?
იესომ ლოცვისას უთხრა ღმერთს: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). ამგვარად, ღმერთი არ იწონებს ისეთ თაყვანისცემას, რომელიც ბიბლიის სწავლებებს ეწინააღმდეგება. იესომ ზოგ ფარისეველს ღვთის სიტყვები გაუმეორა: „ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“ (მათე 15:9).
არსებობს ჭეშმარიტი რელიგია?
▪ სამარიელ ქალს, რომელიც ცრუ რელიგიის მიმდევარი იყო, იესომ უთხრა: „თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს . . . ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:22, 23). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი რელიგია არსებობს.
იესომ თქვა: „ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“. ცხადია, იესომ კარგად იცოდა, რომ ჭეშმარიტი რელიგია მხოლოდ ის იყო, რომლის შესახებაც ასწავლიდა (იოანე 8:28). მან თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). რამდენადაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ღმერთთან მისაახლოებლად მხოლოდ ერთი გზა აქვთ, ისინი ერთ რელიგიაში უნდა იყვნენ გაერთიანებულნი.
როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები?
▪ ნამდვილი ქრისტიანი ის არის, ვინც იესო ქრისტეს ჰბაძავს. განვიხილოთ იესოს მიმდევართა ამოსაცნობი ოთხი ნიშანი.
1. იესო ლოცვაში სთხოვდა იეჰოვას: „ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოანე 17:26). ჭეშმარიტი ქრისტიანებიც აცხადებენ ღვთის სახელს.
2. იესო ქადაგებდა იეჰოვას სამეფოს შესახებ. მან თავის მოწაფეებსაც დაავალა, რომ ექადაგათ კარდაკარ. იესომ უთხრა მათ: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“. მოგვიანებით კი უთხრა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 10:7, 11; 28:19). დღეს ადვილად შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოცნობა, რადგან ისინიც ქადაგებენ და მოწაფეებად ამზადებენ ხალხს.
3. იესო პოლიტიკაში არ ერეოდა. მან თავის მიმდევრებზე თქვა: „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14). ჭეშმარიტი ქრისტიანები ნეიტრალიტეტს უნდა იცავდნენ.
4. იესო თავგანწირულ სიყვარულს ავლენდა სხვების მიმართ. მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). ჭეშმარიტი ქრისტიანები ზრუნავენ ერთმანეთზე და არ მონაწილეობენ ომებში.
რა კურთხევებს მოგიტანთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?
▪ ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი რომ გახდეთ, პირველ რიგში, კარგად უნდა გაიცნოთ იეჰოვა. ღვთის შესახებ ცოდნა დაგეხმარებათ, ცხოვრების საუკეთესო გზა აირჩიოთ და ღვთისადმი სიყვარული გაიღრმავოთ. იეჰოვა თავის მოყვარულთ უსასრულო სიცოცხლეს ჰპირდება. იესომ მართებულად აღნიშნა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის, რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში? მე-15 თავი გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 16 გვერდზე]
„უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან“ (მათე 7:15)