არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ქრისტე მის ცნობას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

იესო ქრისტე მის ცნობას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

იესო ქრისტე მის ცნობას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

„მე იმისთვის მოვედი, რომ ცხვარს სიცოცხლე ჰქონოდა, თანაც უხვად“ (იოანე 10:10).

იესო ქრისტე დედამიწაზე იმიტომ მოვიდა, რომ სხვებს მომსახურებოდა. მან თავისი მსახურებით კაცობრიობას ძალიან ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა — იესომ მნიშვნელოვანი ცნობა გადასცა ადამიანებს ღვთისა და მისი ნების შესახებ. ვინც ამ ცნობას გამოეხმაურება, მილიონობით ჭეშმარიტი ქრისტიანის * მსგავსად, დღესვე ექნება აზრიანი ცხოვრება. ამ ცნობის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ის იყო, რომ იესო ჩვენთვის გაიღებდა უძვირფასეს საჩუქარს, თავის სრულყოფილ სიცოცხლეს. ჩვენი მარადიული ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, დავაფასებთ თუ არა ამ შეუდარებელ საჩუქარს.

რა გაიღეს ღმერთმა და ქრისტემ? იესომ იცოდა, რომ მტრები მას წამებით მოკლავდნენ (მათე 20:17—19). მიუხედავად ამისა, იოანეს 3:16-ში, ყველასთვის კარგად ნაცნობ, მის ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“. იესომ ისიც თქვა, რომ ‘მისცემდა თავის სულს [სიცოცხლეს] მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). რატომ თქვა იესომ, რომ ის მისცემდა თავის სიცოცხლეს?

ღმერთმა უსაზღვრო სიყვარული გამოავლინა და იმაზე იზრუნა, რომ ადამიანები გათავისუფლებულიყვნენ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და მისი შედეგებისგან — არასრულყოფილებისა და სიკვდილის მონობისგან. ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე ადამიანებს შესწირა. იესომ ჩვენთვის თავისი ნებით გაიღო სიცოცხლე. იესოს გამოსასყიდი ღვთის მიერ კაცობრიობისთვის გაღებული უძვირფასესი საჩუქარია, რისი წყალობითაც უსასრულოდ ვიცხოვრებთ. *

რა უნდა გავაკეთოთ? თვლით, რომ გამოსასყიდი თქვენი საჩუქარია? დავუშვათ, ვიღაცამ ლამაზად შეფუთული საჩუქარი მოგართვათ. თუ მას არ მიიღებთ და არ გახსნით, ვერასდროს გახდება თქვენი საჩუქარი. მსგავსად ამისა, იეჰოვამ გაიღო თქვენთვის გამოსასყიდი, მაგრამ თუ ამ საჩუქარს არ მიიღებთ, ის ვერასდროს გახდება თქვენი. როგორ შეგვიძლია დავაფასოთ იესოს საჩუქარი?

იესომ თქვა, რომ მარადიულ სიცოცხლეს მხოლოდ ისინი მიიღებენ, „ვისაც ის სწამს“. რწმენა საქმეებით უნდა აჩვენოთ (იაკობი 2:26). იესოს მიმართ რწმენას იმით გამოავლენთ, თუ მას სიტყვასა და საქმეში მიჰბაძავთ. ამას კი მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ კარგად გაიცნობთ იესოს და მის მამას. იესომ აღნიშნა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

დაახლოებით 2 000 წლის წინათ იესო ქრისტემ გააცხადა ცნობა, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. გსურთ, უკეთ გაეცნოთ ამ ცნობას და გაიგოთ, რას მოგიტანთ ის თქვენ და თქვენს ახლობლებს ახლაც და მარადიულად? იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით გაგიზიარებენ ამ ცნობას.

ამ ჟურნალის შემდეგ სტატიებში უფრო მეტს გავიგებთ იესო ქრისტეზე, ადამიანზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობა იქადაგა. ამ ცნობას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ყველა, ვინც თავს ქრისტიანად თვლის, არ არის იესოს ნამდვილი მიმდევარი. ქრისტიანი ის არის, ვინც ქრისტეს სწავლების თანახმად ღვთის ნებას ასრულებს (მათე 7:21—23).

^ აბზ. 5 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-5 თავი „გამოსასყიდი — ღვთის უძვირფასესი საჩუქარი“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).