არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

არსებობს თუ არა ბიბლიის გარდა სხვა მტკიცებულებები, რომ იესო ისტორიული პიროვნება იყო?

პირველ საუკუნეში ზოგმა მწერალმა იესოზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ერთ-ერთი მათგანი იყო კორნელიუს ტაციტუსი, რომელმაც იმპერატორების მმართველობის დროს რომის ისტორია აღწერა. ახ. წ. 64 წელს რომში ხანძარი გაჩნდა. როგორც ტაციტუსი ამბობს, იმ დროს ხმა დაირხა, რომ ამ უბედურებაში იმპერატორ ნერონს მიუძღოდა ბრალი. ნერონი ცდილობდა, დანაშაული იმ ხალხისთვის გადაებრალებინა, რომლებსაც ქრისტიანები ეწოდებოდათ. ტაციტუსი წერს: «„ქრისტუსი“, რომლისგანაც მომდინარეობს ქრისტიანების სახელი, პროკურატორმა პონტიუს პილატემ ტიბერიუსის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯა» („ანალები“, წიგნი XV, აბზ. 44).

ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმაც მოიხსენია თავის ნაშრომში იესო. ფლავიუსი აღწერდა იმ მოვლენებს, რომლებიც დაახლოებით ახ. წ. 62 წელს მოხდა რომაელი მმართველის, ფესტუსის სიკვდილის შემდეგ და მანამ, სანამ მისი მემკვიდრე ალბინუსი მის ადგილს დაიკავებდა; ფლავიუსის თქმით, ამავე პერიოდში მღვდელმთავარმა ანანუსმა (ანამ) „შეკრიბა სინედრიონის მოსამართლეები და მათ წინაშე წარადგინა მამაკაცი, სახელად იაკობი, ქრისტედ წოდებული იესოს ძმა, და სხვები“ (Jewish Antiquities XX, 200 [ix, 1]).

რატომ ეწოდა იესოს ქრისტე?

სახარებების თანახმად, მარიამს ანგელოზი გაბრიელი ეჩვენა და უთხრა, რომ გააჩენდა ძეს, რომელსაც იესოს დაარქმევდა (ლუკა 1:31). ბიბლიურ დროში იესო ებრაელებს შორის გავრცელებული სახელი იყო. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამ სახელით ცნობილი ბიბლიური პერსონაჟების გარდა, თავის წყაროებში კიდევ 12 ადამიანს მოიხსენიებს, რომლებსაც იესო ერქვათ. მარიამის ვაჟს „ნაზარეთელს“ ეძახდნენ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იესო ნაზარეთიდან იყო (მარკოზი 10:47). მას აგრეთვე „ქრისტედ“ ანუ იესო ქრისტედ იცნობდნენ (მათე 16:16). რას ნიშნავს ეს სიტყვა?

სიტყვა „ქრისტე“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ხრისტოს“, რომლის ებრაული შესატყვისია „მაშიახ“ (მესია). ორივე სიტყვა ნიშნავს „ცხებულს“. იესომდე მცხოვრები სხვა მამაკაცებიც მოიხსენიებოდნენ ცხებულებად. მაგალითად, ბიბლიაში მოსეს, აარონსა და დავით მეფეს ცხებულები ეწოდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ღმერთმა უფლებამოსილებით აღჭურვა და განსაკუთრებული დავალება მიანდო (ლევიანები 4:3; 8:12; 2 სამუელი 22:51; ებრაელები 11:24—26). იესო, ნაწინასწარმეტყველები მესია, იეჰოვას ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო. ასე რომ, იესოს მართებულად ეწოდა „ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“ (მათე 16:16; დანიელი 9:25).

[სურათი 15 გვერდზე]

იოსებ ფლავიუსის პორტრეტი