მთავარანგელოზი მიქაელია იესო?
მკითხველები გვეკითხებიან
მთავარანგელოზი მიქაელია იესო?
▪ იესო ნამდვილად მთავარანგელოზი მიქაელია. ბევრ ქვეყანაში მიღებულია, რომ ადამიანს ერთზე მეტი სახელი ჰქონდეს. ბიბლიურ დროშიც ასე იყო. მაგალითად, იაკობს ისრაელიც ერქვა (დაბადება 35:10). მოციქული პეტრე ოთხი სხვადასხვა სახელითაა ცნობილი — სიმონი, პეტრე, კეფა და სიმონ-პეტრე (მათე 10:2; 16:16; იოანე 1:42; საქმეები 15:7, 14). რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიქაელი იესოს ერთ-ერთი სახელია? ვნახოთ, რა წერია ბიბლიაში ამის თაობაზე.
ბიბლიაში ხუთჯერ არის მოხსენიებული ძლევამოსილი სულიერი ქმნილება მიქაელი და აქედან სამჯერ — დანიელის წიგნში. დანიელის 10:13, 21-ში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთ ანგელოზს ღვთის დავალების შესრულების დროს დაეხმარა მიქაელი, რომელსაც ეწოდება „ერთ-ერთი პირველი მთავარი“ და ხალხის მთავარი. დანიელის 12:1-დან ვიგებთ, რომ უკანასკნელ დღეებში ‘აღსდგებოდა მიქაელი, დიდი მთავარი, რომელიც [დანიელის] ხალხის ძეების გულისთვის იდგებოდა’.
გამოცხადების 12:7-ში მოხსენიებულია „მიქაელი და მისი ანგელოზები“, რომლებიც იბრძვიან ზეცაში და სატანასა და მის ბოროტ დემონებს ზეციდან ყრიან.
შენიშნეთ, რომ ზემოთ მოყვანილ თითოეულ შემთხვევაში მიქაელი აღწერილია მებრძოლ ანგელოზად, რომელიც ღვთის ხალხის დასაცავად იბრძვის და იეჰოვას დაუძინებელ მტერს, სატანასაც კი ერკინება.
იუდას მე-9 თავში მიქაელს „მთავარანგელოზი“ ეწოდება. თავსართი „მთავარი“ ნიშნავს „ძირითადს“ ანუ „უფროსს“. სიტყვა „მთავარანგელოზი“ ბიბლიაში არასდროს არ გამოიყენება მრავლობით რიცხვში. კიდევ ერთი მუხლი, სადაც მთავარანგელოზი არის მოხსენიებული, 1 თესალონიკელების 4:16-ია, სადაც პავლე მკვდრეთით აღმდგარ იესოზე ამბობს: „უფალი [იესო] თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმითა და ღვთის საყვირით“. ასე რომ, ამ მუხლში იესო ქრისტეს მთავარანგელოზი ეწოდება.
რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია აქედან? იესო ქრისტე არის მთავარანგელოზი მიქაელი. ორივე სახელი — მიქაელი („ვინ არის ღვთის მსგავსი?“) და იესო („იეჰოვაა ხსნა“) — მიუთითებს მის როლზე, როგორც იეჰოვას უზენაესობის მთავარ დამცველზე. ფილიპელების 2:9-ში ნათქვამია: „ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი“.
აღსანიშნავია, რომ იესოს ცხოვრება დედამიწაზე არ დაწყებულა. იგი მსახურების დროს ხშირად იხსენებდა თავის ზეციერ ცხოვრებას (იოანე 3:13; 8:23, 58).
აქედან გამომდინარე, იესოს ზეცაში ცხოვრების დროს ერქვა მთავარანგელოზი მიქაელი. აღდგომისა და ზეცაში დაბრუნების შემდეგ იესომ, როგორც მიქაელ მთავარანგელოზმა, „ღვთის, მამის სადიდებლად“ თავისი მსახურება განაახლა (ფილიპელები 2:11).