არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობს იესო საკუთარ თავზე?

რას ამბობს იესო საკუთარ თავზე?

რას ამბობს იესო საკუთარ თავზე?

„ცხადია, იესო ხალხს გაუმჟღავნებდა, ვინ იყო, საიდან მოვიდა, რატომ ჩამოვიდა დედამიწაზე და რას გააკეთებს მომავალში“ (მწერალი ჰერბერტ ლოკიერი).

სანამ იესოს და მის ნათქვამს ვირწმუნებთ, ჯერ უნდა გავიცნოთ ის. ვინ იყო სინამდვილეში იესო? საიდან მოვიდა? რა იყო დედამიწაზე მისი მოსვლის მიზანი? მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებში ამ კითხვებზე თავად იესო გვცემს პასუხებს.

იგი დედამიწაზე მოსვლამდე ცხოვრობდა. იესომ ერთხელ თქვა: „სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“ (იოანე 8:58). აბრაამი იესოს დაბადებამდე დაახლოებით 2 000 წლის წინათ ცხოვრობდა. მაგრამ იესო ღვთის ამ ერთგულ მსახურამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მაშ, სად იყო იესო? იგი ამბობს: ‘ზეციდან ჩამოვედი’ (იოანე 6:38).

ღვთის ძე. იეჰოვას ბევრი სულიერი ძე, ანუ ანგელოზები ჰყავს, მაგრამ იესო განსაკუთრებულია. მან საკუთარ თავზე თქვა, რომ „მხოლოდშობილი ძეა“ (იოანე 3:18). ეს იმაზე მიუთითებს, რომ იესო უშუალოდ ღვთის შექმნილი იყო, ხოლო სხვა ყველაფერი ღმერთმა სწორედ მხოლოდშობილი ძის მეშვეობით შექმნა (კოლოსელები 1:16).

„კაცის ძე“. იესო საკუთარ თავს ყველაზე ხშირად კაცის ძედ მოიხსენიებდა (მათე 8:20). ამით ის აჩვენებდა, რომ არც ხორცშესხმული ანგელოზი იყო და არც ღმერთკაცი. სინამდვილეში ის იყო ადამიანი. ღმერთმა წმინდა სულით თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან დედამიწაზე ქალწულ მარიამის საშვილოსნოში გადმოიტანა. შედეგად იესო სრულყოფილ, უცოდველ ადამიანად დაიბადა (მათე 1:18; ლუკა 1:35; იოანე 8:46).

აღთქმული მესია. „ვიცი, რომ მოდის მესია“, — უთხრა სამარიელმა ქალმა იესოს. „ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები“, — მიუგო ქალს იესომ (იოანე 4:25, 26). სიტყვა „მესია“ ანუ „ქრისტე“ ნიშნავს „ცხებულს“. იესო ღვთისგან იყო ცხებული ანუ დანიშნული, რათა ღვთის დანაპირების თანახმად, განსაკუთრებული როლი შეესრულებინა.

მისი მთავარი მისია. ერთხელ იესომ თქვა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). მართალია, იესო ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა გაჭირვებულთათვის, მაგრამ მთავარ ადგილს ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას უთმობდა. მოგვიანებით ვიმსჯელებთ, რას ასწავლიდა ის ამ სამეფოს შესახებ.

რასაკვირველია, იესო ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. * როგორც შემდეგ სტატიებში დავინახავთ, ზეცაში ცხოვრებამ მის სიტყვებს მეტი წონა შესძინა დედამიწაზე. ამიტომ, გასაკვირი არ არის, მის ცნობას მილიონების ცხოვრებაზე მოეხდინა გავლენა.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 იესოსა და მისი როლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-4 თავი (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).