არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიცრუე სინამდვილის პირისპირ — სიმართლე იესოს შესახებ

სიცრუე სინამდვილის პირისპირ — სიმართლე იესოს შესახებ

სიცრუე სინამდვილის პირისპირ — სიმართლე იესოს შესახებ

როგორ ფიქრობთ? ქვემოთ მოყვანილი შეხედულებები სინამდვილეა თუ სიცრუე?

იესო 25 დეკემბერს დაიბადა.

ახალდაბადებული იესო სამმა ბრძენკაცმა მოინახულა.

იესო დედისერთა იყო.

იესო ღმერთკაცი იყო.

იესო მხოლოდ კარგი ადამიანი არ იყო.

ბევრი თვლის, რომ ეს შეხედულებები სინამდვილეს წარმოადგენს. სხვები ფიქრობენ, რომ ამის ხელაღებით მტკიცება ძნელი და შეუძლებელიც კია. მათთვის მთავარია, სწამდეთ იესო და სხვა დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია.

ბიბლიაში საპირისპირო აზრია ნათქვამი. ჩვენ უნდა შევიძინოთ „უფლის იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანი ცოდნა“ (2 პეტრე 1:8). ასეთ ცოდნას სახარებებიდან ვიღებთ. ეს წიგნები გვიმხელს სიმართლეს იესოს შესახებ და მათზე დაყრდნობით შეგვიძლია გავარჩიოთ სინამდვილე სიცრუისგან. ახლა ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ზემოთ მოყვანილ შეხედულებებზე.

შეხედულება: იესო 25 დეკემბერს დაიბადა.

სიცრუეა.

ბიბლიაში არ არის მოხსენიებული იესოს დაბადების არც თვე და არც რიცხვი. მაშ, რატომ აღნიშნავენ მის დაბადებას 25 დეკემბერს? „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ვკითხულობთ: „ქრისტიანებს სურდათ, ეს თარიღი წარმართულ რომაულ დღესასწაულს დამთხვეოდა, . . რომელიც ზამთრის ნაბუნიობას ეძღვნებოდა. ამ დროს დღე მატულობდა და მზეც ძალას იკრებდა“. ამავე ენციკლოპედიაში ნათქვამია: „შობის დღესასწაულთან დაკავშირებული ბევრი წეს-ჩვეულება წარმართული დღესასწაულებიდან იღებს სათავეს. ეს დღესასწაულები ეძღვნებოდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასრულებასა და ზამთრის ნაბუნიობას“.

მოსწონს იესოს, მის დაბადების დღეს 25 დეკემბერს რომ აღნიშნავენ? იესოს დაბადების თარიღი უცნობია. წმინდა წერილებში არსად არის მითითება, რომ ქრისტიანებს იესოს დაბადების დღე უნდა ეზეიმათ; არც პირველი ქრისტიანები აღნიშნავდნენ ამ დღეს. ბიბლიაში მოცემულია იესოს სიკვდილის ზუსტი თარიღი. სწორედ ამ დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს (ლუკა 22:19). * აშკარაა, იესოს სურდა, რომ ხალხს დიდი აქცენტი მის დაბადებაზე კი არ გაეკეთებინა, არამედ სიკვდილზე — მან ხომ ჩვენთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო (მათე 20:28).

შეხედულება: ახალდაბადებული იესო სამმა ბრძენკაცმა მოინახულა.

სიცრუეა.

ალბათ, გინახავთ ნახატები და დადგმული საშობაო სცენები, რომლებიც ასახავს, როგორ ჩუქნის სამი ბრძენკაცი ბაგაში მყოფ იესოს საჩუქრებს. თუმცა, ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია და არა სინამდვილე.

სიმართლეს შეეფერება ის, რომ აღმოსავლელმა სტუმრებმა მართლაც მიაგეს პატივი ახალდაბადებულ იესოს. ეს სტუმრები ასტროლოგები იყვნენ (მათე 2:1). ასტროლოგებს იესო ბაგაში არ უნახავთ. ისინი მას სახლში ესტუმრნენ. როგორც ჩანს, მათ რამდენიმე თვის იესო ნახეს (მათე 2:9—11).

რამდენმა ასტროლოგმა მოინახულა იესო? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ალბათ, ზემოხსენებულ სამი ბრძენკაცის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებას ის უდევს საფუძვლად, რომ სტუმრებმა სამი სახის საჩუქარი * მიართვეს იესოს (მათე 2:11). ზოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ეს ეგრეთ წოდებული ბრძენი მამაკაცები სხვადასხვა რასის წარმომადგენლები იყვნენ. მაგრამ ამ შეხედულებას ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია. პირიქით, როგორც სახარების შესახებ გაკეთებულ ერთ-ერთ კომენტარშია აღნიშნული, ეს მოსაზრება „VIII საუკუნის ისტორიკოსის წარმოსახვის ნაყოფია“.

შეხედულება: იესო დედისერთა იყო.

სიცრუეა.

სახარებებიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს და-ძმები ჰყავდა. როგორც ლუკას სახარებაშია ნათქვამი, იესო იყო მარიამის პირმშო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას მოგვიანებით სხვა შვილებიც გაუჩნდა (ლუკა 2:7). * მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ, რომ ნაზარეთში ზოგისთვის იესო ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორც მისი და-ძმები: „განა ეს . . . იაკობის, იოსების, იუდასა და სიმონის ძმა არ არის, და მისი დები აქვე, ჩვენთან არ არიან?“ (მარკოზი 6:3; მათე 12:46; იოანე 7:5).

სახარებებში მოცემული ცნობების მიუხედავად, ბევრი თეოლოგი ისევ თავის აზრზე რჩება და თვლის, რომ იესო დედისერთა იყო. ზოგი ამტკიცებს, რომ იესოს და-ძმები სინამდვილეში მისი ბიძაშვილები * იყვნენ, ზოგი კი ამბობს, რომ ისინი მარიამის გერები იყვნენ. მაგრამ ერთ რამეზე დავფიქრდეთ: თუ იესო მარიამის ერთადერთი ვაჟი იყო, მაშინ რატომ იტყოდნენ ნაზარეთელები მასზე ზემოთ მოყვანილ სიტყვებს? მათგან ზოგმა საკუთარი თვალით იხილა, რომ მარიამი რამდენჯერმე იყო ფეხმძიმედ, ზოგი კი იმის მოწმე გახდა, რომ მარიამს ბევრი შვილი ჰყავდა და ერთ-ერთი იესო იყო.

შეხედულება: იესო ღმერთკაცი იყო.

სიცრუეა.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ღმერთი იესოს სახით მოევლინა დედამიწას, სამების მოძღვრების ძირითადი ნაწილია, და დიდი ხანია არსებობს, მაგრამ იესოს დროს ასეთი შეხედულება არავის ჰქონია. „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ წერია: „ახალ აღთქმაში არსად ვხვდებით არც სიტყვა სამებას და არც მსგავს სწავლებას . . . ეს მოძღვრება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და არაერთი დისკუსია სდევდა თან“.

რელიგიებმა იესოს შესახებ სიმართლე დაამახინჯეს, რადგან ასწავლიან, რომ იგი დედამიწაზე ყოფნის დროს ხორცშესხმული ღმერთი იყო. * დავუშვათ, ხელქვეითი დამსაქმებელს დახმარებისთვის მიმართავს, მაგრამ დამსაქმებელი ეუბნება, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. თუ ეს ასეა, დამსაქმებელს კარგად ესმის, რომ ყველაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. მაგრამ, თუ ეს ასე არ არის, გამოდის, რომ ატყუებს ხელქვეითებს, რადგან შეუძლია დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა.

როგორ მოიქცა იესო, როცა მისმა ორმა მოციქულმა მაღალი მდგომარეობა მოისურვა? მან პასუხად მიუგო: „ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“ (მათე 20:23). თუ იესო ღმერთი იყო, გამოდის, რომ მოატყუა ისინი. ნაცვლად ამისა, იესომ ყურადღება გადაიტანა მასზე, ვისაც უფრო დიდი ძალაუფლება აქვს, რითაც მოკრძალებულობის საუკეთესო მაგალითი დატოვა. ამით მან ცხადყო, რომ არ იყო ღვთის თანასწორი.

შეხედულება: იესო მხოლოდ კარგი ადამიანი არ იყო.

სინამდვილეა.

იესომ თქვა, რომ მხოლოდ კარგი ადამიანი არ იყო. მან დასძინა: „ღვთის ძე ვარ“ (იოანე 10:36). რასაკვირველია, ნებისმიერს შეუძლია განაცხადოს, რომ ღვთის ძეა. მაგრამ, თუ იესოს განაცხადი ტყუილი იყო, რა რეპუტაციას შეუქმნიდა ეს მას? იესოს მატყუარას უწოდებდნენ და არა კარგ ადამიანს!

ყველაზე სარწმუნო მტკიცებულებას თავად ღმერთი იძლევა. მან ორჯერ გააცხადა იესოზე: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“ (მათე 3:17; 17:5). დაფიქრდით: წმინდა წერილებში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა მოხსენიებული, როცა ზეციდან დედამიწაზე ღვთის ხმა გაისმა და აქედან ორჯერ თავის ძეზე, იესოზე დაამოწმა! ამაზე საუკეთესოდ არაფერი ამტკიცებს იმას, რომ იესო მართლაც ღვთის ძე იყო.

არის მოყვანილი ამ სტატიაში იესოზე ისეთი ფაქტები, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით? თუ ასეა, უფრო ღრმად გამოიკვლიეთ ღვთის შთაგონებით დაწერილი სახარებები. ეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ; უფრო მეტიც, თქვენს ცხოვრებას ნამდვილ აზრს შესძენს. იესომ თქვა, რომ მამისა და მის შესახებ სიმართლის გაგება „მარადიულ სიცოცხლეს“ ნიშნავს (იოანე 17:3).

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 ებრაული კალენდრის თანახმად, იესო 14 ნისანს, პასექის დღესასწაულზე, მოკვდა (მათე 26:2).

^ აბზ. 18 მათეს სახარებიდან ვიგებთ, რომ სტუმრებმა „ამოალაგეს თავიანთი განძეული“ და მიართვეს იესოს ოქრო, გუნდრუკი და სმირნა. აღსანიშნავია, რომ ეს ძვირად ღირებული საჩუქრები იესოს ღარიბი ოჯახისთვის მართლაც რომ საჭირო იყო, რადგან მალე მათ თავიანთი ქვეყნიდან გაქცევა მოუწევდათ (მათე 2:11—15).

^ აბზ. 21 იესოს ჩასახვა სასწაულებრივად მოხდა, მაგრამ მარიამმა დანარჩენი შვილები თავისი ქმრისგან, იოსებისგან გააჩინა (მათე 1:25).

^ აბზ. 22 ამ მოსაზრებას, რომელიც იერონიმემ დაახლოებით ახ. წ. 383 წელს გაავრცელა, მხარს უჭერდნენ ისინი, ვისაც სწამდათ, რომ მარიამი მთელი ცხოვრება ქალწულად დარჩა. მოგვიანებით იერონიმემ ეჭვი შეიტანა ამ შეხედულებაში, მაგრამ ბევრი, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებიც კი დღემდე მხარს უჭერენ ამ მოსაზრებას.

^ აბზ. 26 სამების მოძღვრების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოიძიეთ ბროშურაში „უნდა გწამდეს სამება?“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]

სხვა ფაქტებმა შეიძლება გაგაოცოთ

როგორი ადამიანი იყო იესო? იმდენად კარჩაკეტილი, ცივი ან უგულო ხომ არ იყო, რომ უბრალო ხალხს უჭირდა მასთან ურთიერთობა? ზოგმა შეიძლება გაიზიაროს ეს აზრი. ალბათ, მათ გააოცებთ იმის გაგება, რომ იესო . . .

• მხიარულ წვეულებებს ესწრებოდა (იოანე 2:1—11).

• სხვებისთვის ქების სიტყვებს არ იშურებდა (მარკოზი 14:6—9).

• ძალიან კარგად გრძნობდა თავს ბავშვებთან (მარკოზი 10:13, 14).

• ტირილისგან თავს არ იკავებდა (იოანე 11:35).

• თანაუგრძნობდა სხვებს (მარკოზი 1:40, 41).