არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას აკეთებს ღმერთი ჩვენთვის?

რას აკეთებს ღმერთი ჩვენთვის?

რას აკეთებს ღმერთი ჩვენთვის?

„ო, იეჰოვა, რატომ დგახარ შორს? რატომ იმალები მაშინ, როცა გვიჭირს?“ a (ფსალმუნი 10:1).

ყოველდღიურად ახალი ამბები იმაში გვარწმუნებს, რომ მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება. როცა ძალადობის ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი ვხდებით ან სიკვდილი საყვარელ ადამიანს გვართმევს, შეიძლება გვებადება ასეთი კითხვები: „ნუთუ ამას ვერ ხედავს ღმერთი? როგორ უყურებს ამ ყველაფერს გულგრილად? ან საერთოდ, სად არის ამ დროს?“.

მაგრამ არასდროს გიფიქრიათ, რომ ის, რასაც ღვთისგან ელით, შეიძლება არარეალური იყოს? მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელიც გაბუტულია იმის გამო, რომ მამა სამსახურშია წასული. ბავშვს მამა ენატრება და უნდა, რომ სახლში იყოს. ის თავს მარტოდ გრძნობს და მთელი დღე გაიძახის: „სად არის მამიკო?“.

აშკარაა, რომ ბავშვი სწორად ვერ აღიქვამს ყველაფერს. მამა ხომ იმიტომ მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს. ზოგჯერ ჩვენც ამ ბავშვივით ხომ არ მოგვდის, როცა ვამბობთ „სად არის ღმერთი?“.

მაგალითად, ზოგის აზრით, ღმერთმა მაშინვე უნდა დასაჯოს ყველა დამნაშავე. ზოგს კი უნდა, რომ ღმერთი თოვლის პაპასავით იყოს და სამსახურით, მეუღლით ან ლატარიის მომგებიანი ბილეთით დაასაჩუქროს.

მათი აზრით, რახან ღმერთი მაშინვე არ სჯის ვინმეს და ყველა სურვილს არ ასრულებს, გამოდის, რომ მას არ ადარდებს ჩვენი ტანჯვა და მისთვის სულერთია, რა გვჭირდება. მაგრამ ეს შეუძლებელია სიმართლე იყოს. სწორედ ახლა ღმერთი, ასე ვთქვათ, ირჯება თავისი შვილებისთვის, ადამიანებისთვის, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ბევრი მოელის.

მაშ, რას აკეთებს ღმერთი ჩვენთვის? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად უნდა გავიხსენოთ, რა მოხდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში, როცა ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, მაგრამ არა სამუდამოდ.

ცოდვის სავალალო შედეგები

წარმოიდგინეთ დიდი ხნის მიტოვებული სახლი — სახურავი ჩამოწოლილია, კარები ჩამოვარდნილი, ფასადი კი შელახული. ერთ დროს ეს სახლი კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ახლა ისეა დაზიანებული, რომ მისი აღდგენა ერთ ღამეში შეუძლებელია.

მოდი ვიმსჯელოთ, რა ზიანი მიაყენა კაცობრიობას 6 000 წლის წინ უხილავმა სულიერმა ქმნილებამ, სატანამ, როცა ადამი და ევა ღმერთს დაუპირისპირა. ამ მოვლენამდე პირველ წყვილს სრულყოფილი ჯანმრთელობა და იმის შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მარადიულად ეცხოვრა თავის შთამომავლობასთან ერთად (დაბადება 1:28). როცა ადამმა და ევამ შესცოდეს, თავიანთი ჯერ არშობილი შთამომავლები სავალალო მდგომარეობაში ჩაყარეს.

ადამმა და ევამ დაუმორჩილებლობით სერიოზული ზიანი მიაყენეს კაცობრიობას. ბიბლიაში წერია: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“ (რომაელები 5:12). ცოდვამ არა მარტო სიკვდილი მოგვიტანა, არამედ უარყოფითად იმოქმედა როგორც შემოქმედთან ჩვენს ურთიერთობაზე, ისე ჩვენს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ისეთივე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც დანგრეული სახლი. ღვთისმოშიში იობი არ შემცდარა, როცა ადამიანს „დღემოკლე და შფოთით აღსავსე“ უწოდა (იობი 14:1).

მაგრამ ღმერთს არ მიუტოვებია ადამიანები ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ. მას შემდეგ ჩვენი ზეციერი მამა ყველაფერს აკეთებს თავისი მიწიერი შვილების საკეთილდღეოდ. უკეთ რომ დავინახოთ, რას აკეთებს ღმერთი ჩვენთვის, განვიხილოთ, „სახლის“ აღსადგენად საჭირო სამი ნაბიჯი და ის, თუ როგორ უკავშირდება თითოეული მათგანი იმას, რაც ღმერთმა კაცობრიობის მდგომარეობის გამოსასწორებლად გააკეთა.

1 სახლის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, პატრონი განსაზღვრავს, აღადგენს თუ დაანგრევს მას.

მას შემდეგ, რაც ადამი და ევა ეურჩნენ იეჰოვა ღმერთს, მან დაუყოვნებლივ მიიღო ზომები კაცობრიობის მდგომარეობის გამოსასწორებლად. უხილავ სულიერ ქმნილებას, რომლის გამოც მოხდა ეს ყველაფერი, ღმერთმა უთხრა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15).

ამ სიტყვებით იეჰოვამ პირობა დადო, რომ გაანადგურებდა ედემის ბაღში მომხდარი მოვლენების ინიციატორს (რომაელები 16:20; გამოცხადება 12:9). გარდა ამისა, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ გამოჩნდებოდა შთამომავალი, რომელიც კაცობრიობას ცოდვისგან გამოისყიდდა b (1 იოანე 3:8). ღვთის ამ გადაწყვეტილებიდან გამოჩნდა, რომ ის კი არ გაანადგურებდა თავის ქმნილებებს, არამედ გამოასწორებდა მათ მდგომარეობას. მაგრამ ამის განხორციელებას დრო დასჭირდებოდა.

2 არქიტექტორი ადგენს გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სახლის აღდგენა.

იეჰოვა ღმერთმა ისრაელებს მისცა კანონთა კრებული და ააშენებინა მისი თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ტაძარი. ბიბლიაში წერია: „ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია“ (კოლოსელები 2:17). „ეს ყველაფერი“, როგორც გეგმა, მომავალში უფრო დიდებული სახით განხორციელდებოდა.

მაგალითად, ისრაელები ცხოველებს სწირავდნენ ღმერთს, რათა მას მათთვის ცოდვები ეპატიებინა (ლევიანები 17:11). ეს მსხვერპლშეწირვა იმის წინაპირობა იყო, რომ საუკუნეების შემდეგ მოხდებოდა უფრო დიდი მსხვერპლშეწირვა, რომელიც კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვას მოემსახურებოდა. c კარავი და ტაძარი, სადაც ისრაელები ღმერთს თაყვანს სცემდნენ, იმის პირველსახე იყო, რასაც მესია მომავალში გააკეთებდა. ამაში შედიოდა მისი სიცოცხლის მსხვერპლად გაღება და ზეცად ამაღლება (იხილეთ  ჩარჩო მე-7 გვერდზე).

3 არჩეული მშენებელი გეგმის მიხედვით აღადგენს სახლს.

იესო ქრისტე იყო აღთქმული მესია, რომელსაც კაცობრიობის გამოსასყიდად უნდა გაეღო საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლშეწირვის იმ ნიმუშის მიხედვით, რომელსაც ისრაელები მიჰყვებოდნენ. სწორედ ამიტომ უწოდა იოანე ნათლისმცემელმა იესოს „ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი“ (იოანე 1:29). იესო ნებაყოფლობით დათანხმდა ამ რთული დავალების შესრულებას. მან თქვა: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოანე 6:38).

ღვთის ნებით იესოს არა მარტო „თავისი სული [უნდა გაეღო] მრავალთა გამოსასყიდად“, არამედ თავის მიმდევრებთან უნდა დაედო შეთანხმება, რომლის თანახმადაც მათ ერთად უნდა ემეფათ მის სამეფოში (მათე 20:28; ლუკა 22:29, 30). ამ სამეფოს მეშვეობით ღმერთი განახორციელებს ყველაფერს, რაც ადამიანებისთვის აქვს განზრახული. ღმერთმა ზეცაში დაამყარა სამეფო, რომელიც დედამიწას უხელმძღვანელებს. ამიტომ ამ სამეფოს შესახებ ცნობას „სასიხარულო ცნობა“ ეწოდება (მათე 24:14; დანიელი 2:44). d

აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით . . . და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათე 28:19, 20).

ასე რომ, პროცესი, რომლის შედეგადაც კაცობრიობის მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს, იესოს სიკვდილით არ დამთავრებულა. ეს გაგრძელდება „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ ანუ იმ დრომდე, სანამ ღვთის სამეფო არ დაიწყებს დედამიწაზე მმართველობას. ჩვენ სწორედ ამ დროში ვცხოვრობთ. ამაში დარწმუნებულნი ვართ, რადგან ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიშანი უკვე სრულდება e (მათე 24:3—14; ლუკა 21:7—11; 2 ტიმოთე 3:1—5).

დღეს იეჰოვას მოწმეები ასრულებენ იესოს მითითებას და 236 ქვეყანაში ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ეს ჟურნალიც იმისთვის არის განკუთვნილი, რომ მეტი გაიგოთ ამ სამეფოსა და იმის შესახებ, რაც მისი მეშვეობით გაკეთდება. თითოეული „საგუშაგო კოშკის“ მე-2 გვერდზე წერია: „ეს ჟურნალი ანუგეშებს ხალხს სასიხარულო ცნობით, რომ ღვთის სამეფო, ზეცაში დამყარებული რეალური ხელისუფლება, მალე ბოროტებას აღმოფხვრის და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. ჟურნალი რწმენას გვიღვივებს იესო ქრისტეს მიმართ, რომელმაც საკუთარი შეწირვით მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა, და რომელიც ახლა ღვთის სამეფოს მეფეა“.

დღეს შეიძლება ხშირად იგებთ ტერაქტებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ ან პირადად ხდებით ტრაგედიის მსხვერპლი. მაგრამ ბიბლიის შესწავლა დაგარწმუნებთ, რომ ღმერთს არ მიუტოვებია ადამიანები. ღვთის სიტყვაში წერია: „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). ღმერთი აუცილებლად შეასრულებს პირობას და დაგვიბრუნებს იმას, რაც ჩვენმა პირველმა მშობლებმა დაკარგეს (ესაია 55:11).

[სქოლიოები]

a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.

b დაბადების 3:15 დაწვრილებით არის ახსნილი წიგნში „დაუახლოვდი იეჰოვას“, თავი 19. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

c მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 5. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

d ღვთის სამეფოს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 8.

e დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 9.

[ცხრილი⁄სურათები 7 გვერდზე]

 (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

„ჭეშმარიტის ანარეკლი“ — რას განასახიერებდა კარავი

სამსხვერპლო

ღვთის სურვილი, რომ მიეღო იესოს მსხვერპლი (ებრაელები 13:10—12).

მღვდელმთავარი

იესო (ებრაელები 9:11).

1 გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი ხალხის ცოდვების გამოსასყიდად მსხვერპლს სწირავდა (ლევიანები 16:15, 29—31).

1 ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო ადამიანებისთვის (ებრაელები 10:5—10; 1 იოანე 2:1, 2).

წმინდა

იესოს, როგორც ღვთის სულითცხებული ძის მდგომარეობა (მათე 3:16, 17; რომაელები 8:14—17; ებრაელები 5:4—6).

ფარდა

იესოს ხორციელი სხეული, რომელიც მის მიწიერ ცხოვრებას ყოფდა ზეციური ცხოვრებისგან (1 კორინთელები 15:44, 50; ებრაელები 6:19, 20; 10:19, 20).

2 მღვდელმთავარი შედიოდა ფარდის შიგნით, რომელიც წმინდათაწმინდას ჰყოფდა წმინდისგან.

2 აღდგომის შემდეგ იესო ფარდის შიგნით შევიდა ანუ ზეცად ამაღლდა და წარდგა „ღვთის სახის წინაშე“ (ებრაელები 9:24—28).

წმინდათაწმინდა

ზეცა (ებრაელები 9:24).

3 წმინდათაწმინდაში მღვდელმთავარი მსხვერპლად შეწირული ცხოველის სისხლს შეთანხმების კიდობნის წინ ასხურებდა (ლევიანები 16:12—14).

3 იესომ თავისი სისხლის საფასური წარუდგინა მამას, რითაც სრულყოფილად გამოგვისყიდა ცოდვისგან (ებრაელები 9:12, 24; 1 პეტრე 3:21, 22).