არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ამოვუდგეთ მხარში ქვრივებს?

როგორ ამოვუდგეთ მხარში ქვრივებს?

როგორ ამოვუდგეთ მხარში ქვრივებს?

ჟანა თავისი პატარა ბინის სამზარეულოში მექანიკურად შლიდა სუფრას, თუმცა ჭამის ხალისი მაინცდამაინც არ ჰქონდა. უცებ შენიშნა, რომ მაგიდაზე ერთის ნაცვლად ორი თეფში იდო, თავი ვეღარ შეიკავა და აქვითინდა. მართალია, საყვარელი მეუღლე ორი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ჩვეულებისამებრ მაგიდა ორ კაცზე გაშალა.

ვისაც არ გამოუცდია, ვერასდროს გაიგებს, რამდენად მტკივნეულია მეუღლის სიკვდილი. ამ დროს ადამიანს უჭირს, თვალი გაუსწოროს მწარე რეალობას. 72 წლის ბერილი ვერაფრით ეგუებოდა ქმრის მოულოდნელ სიკვდილს. „გაოგნებული ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ქმარი მეტად აღარ შემოვიდოდა სახლში“, — ამბობს ის.

კიდურის ამპუტაციის შემდეგ, ზოგჯერ ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს კიდური ისევ აქვს. მსგავსად, მგლოვიარე მეუღლეებს ზოგჯერ ეჩვენებათ, რომ ხალხში მეუღლეს მოჰკრეს თვალი. ზოგჯერ რაღაცას ეუბნებიან მეუღლეს და მერე ახსენდებათ, რომ ის უკვე აღარ არის.

ხშირად ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში. თქვენს ნაცნობებს შორის ვინმეს ხომ არ დაეღუპა მეუღლე? იცით, როგორ ამოუდგეთ მას მხარში? რა უნდა იცოდეთ, რომ შეძლოთ, დაეხმაროთ ქვრივებს მწუხარებასთან გამკლავებაში? როგორ უნდა დაეხმაროთ დამწუხრებულ ადამიანს სიცოცხლის ხალისის დაბრუნებაში?

რისი გაკეთება არ ღირს

ზოგჯერ ქვრივის მდგომარეობით შეფიქრიანებული მეგობრები ან ოჯახის წევრები ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მას გლოვის პროცესი დიდხანს არ გაუგრძელდეს. მაგრამ ერთმა მკვლევარმა 700 ქვრივის გამოკითხვის შემდეგ ასეთი რამ განაცხადა: „გლოვისთვის არ არსებობს განსაზღვრული დრო“. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ გლოვა დაუშალოთ დაქვრივებულ ადამიანს, მიეცით საშუალება, გამოხატოს თავისი მწუხარება (დაბადება 37:34, 35; იობი 10:1).

ცუდი არაფერია იმაში, თუ მგლოვიარეს დაკრძალვასთან დაკავშირებული ფორმალური მხარეების მოგვარებაში დაეხმარებით. მაგრამ ნუ ეცდებით, რომ ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღოთ. პოლი, 49 წლის ქვრივი, ამბობს: „ძალიან მესიამოვნა, როცა მათ, ვინც პრაქტიკულად მეხმარებოდა, მეც მომცეს საშუალება, მნიშვნელოვანი საკითხები თავად გადამეწყვიტა. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, როგორ ჩაივლიდა დაკრძალვა. ვფიქრობდი, რომ ეს იყო უკანასკნელი რამ, რაც ჩემი ცოლისთვის შემეძლო გამეკეთებინა“.

რა თქმა უნდა, მძიმე წუთებში დახმარება ნამდვილად დასაფასებელია. 68 წლის აილინი ამბობს: „ჩემი ვაჟი და რძალი რომ არ დამხმარებოდნენ, დასაფლავებისთვის ყველაფრის ორგანიზება ძალიან გამიჭირდებოდა. იმ დროს არაფრის თავი არ მქონდა“.

ნუ მოერიდებით გარდაცვლილ ადამიანზე საუბარს. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ბერილი ამბობს: „მართალია, მეგობრები მხარში მედგნენ, მაგრამ ისინი თავს არიდებდნენ ჩემს ქმარზე, ჯონზე, საუბარს. ეს მტკივნეული იყო ჩემთვის, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მას არც უარსებია“. დროთა განმავლობაში ქვრივს შეიძლება თავის მეუღლეზე საუბრის სურვილი გაუჩნდეს. თუ გახსენდებათ სასიამოვნო ისტორია ან კურიოზი, რომელიც დაღუპულს უკავშირდება, ნუ მოგერიდებათ, მოუყევით მის მეუღლეს. თუ ხედავთ, რომ სიამოვნებით გისმენთ, ისიც აღნიშნეთ, რას აფასებდით მის მეუღლეში და რატომ დაგაკლდათ ის. ამგვარად მგლოვიარე დაინახავს, რომ მის ტკივილს სხვებიც იზიარებენ (რომაელები 12:15).

როდესაც დამწუხრებულ ადამიანს დახმარებას სთავაზობთ, ნუ დაამძიმებთ მას რჩევებით. ნურც იმას აიძულებთ, რომ სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები. a კარგი იქნება, თუ გამჭრიახობას გამოავლენთ და დაფიქრდებით, როგორ დაეხმაროთ მეგობარს ან ნათესავს ამ უმძიმეს წუთებში.

რისი გაკეთება შეგიძლიათ

პირველ დღეებში მგლოვიარეს ნამდვილად დაეხმარებით, თუ მარტო არ დატოვებთ, მოუმზადებთ საჭმელს ან დააბინავებთ ჩამოსულ ნათესავებს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მამაკაცები და ქალები სხვადასხვანაირად უმკლავდებიან მწუხარებასა და მარტოობას. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში დაქვრივებული მამაკაცების ნახევარზე მეტი მეუღლის დაღუპვიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარში მეორედ ქორწინდება, რასაც ვერ ვიტყვით ქვრივი ქალების უმეტესობაზე. რატომ ხდება ასე?

გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, მამაკაცების უმეტესობა ხელმეორედ მხოლოდ ფიზიკური თუ სექსუალური მოთხოვნილებების გამო არ ქორწინდება. ხშირ შემთხვევაში კაცისთვის ცოლი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ის გულს უშლის, ამიტომ მეუღლის სიკვდილის შემდეგ მას ძალიან უძნელდება მარტოობასთან შეგუება. კაცების ამ თავისებურებით შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას ის ფაქტი, თუ რატომ ხედავს მრავალი ქვრივი მამაკაცი ერთადერთ გამოსავალს მეორედ დაქორწინებაში მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება საკმაოდ ნაჩქარევად გადადგას. მამაკაცებისგან განსხვავებით ქალებს უადვილდებათ ემოციური მხარდაჭერის პოვნა მიუხედავად იმისა, რომ ქმრის მეგობრებს შეიძლება ზოგჯერ არც კი ახსენდებათ ისინი. აქედან გამომდინარე, მარტოობას ქვრივი ქალები უფრო ადვილად ეგუებიან.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი მეგობრისთვის ან ნათესავისთვის, რომ მარტოობის გრძნობა შეუმსუბუქოთ? 49 წლის ელენე ამბობს: „ბევრს უნდა ჩემი დახმარება, მაგრამ სინამდვილეში ვერაფრით მეხმარებიან. ისინი ხშირად მეუბნებიან, თუ რამე დაგჭირდეს, გაგვაგებინეო. მაგრამ მირჩევნია მითხრან, საყიდლებზე მივდივარ და შენც ხომ არ წამოხვალო“. პოლი, რომელსაც მეუღლე კიბოთი დაეღუპა, გვიხსნის, რატომ სიამოვნებს, როცა სადმე ეპატიჟებიან: „ზოგჯერ არ გაქვს ხალხთან ურთიერთობის თავი ან არ გინდა, ვინმეს შენს პრობლემებზე ესაუბრო, მაგრამ სასიამოვნოდ გატარებული საღამოს შემდეგ, თავს უკეთესად გრძნობ და მარტოობაც აღარ გტანჯავს. ხედავ, რომ სხვები ზრუნავენ შენზე და ყველაფერი უფრო გიადვილდება“. b

როცა თანაგრძნობა განსაკუთრებით საჭიროა

ელენე აღნიშნავს, რომ ნათესავები გარკვეული დროის შემდეგ თავ-თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ და ის მარტო დარჩა იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ემოციური მხარდაჭერა. „მეგობრები და ოჯახის წევრები პირველ დღეებში არიან შენთან, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, შენ კი ვერა“, — ამბობს ელენე. ნამდვილი მეგობრები ითვალისწინებენ ამას და მუდამ მხარში უდგანან თავიანთ დამწუხრებულ მეგობარს.

შეიძლება ქვრივებს განსაკუთრებით ისეთ დღეებში დასჭირდეთ თანადგომა, როგორიცაა მაგალითად ქორწინების დღე ან მეუღლის გარდაცვალების დღე. ზემოთ მოხსენიებული აილინი აღნიშნავს, რომ ქორწინების წლისთავზე სიცარიელის გრძნობას თავისი ვაჟი უვსებს. „ყოველ წელს, ჩემი ვაჟი, კევინი, ამ დღეს ჩემთან ერთად ატარებს. ჩვენ ერთად ვსადილობთ და ვტკბებით დედაშვილური ურთიერთობით“, — ამბობს ის. კარგს იზამთ, თუ ჩაინიშნავთ თქვენი მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის მნიშვნელოვან თარიღებს. ამგვარად, მას მარტო არ დატოვებთ ამ რთულ დღეებში (იგავები 17:17).

ბევრ ქვრივს ძალიან ეხმარება მასთან ურთიერთობა, ვისაც ესმის, რას ნიშნავს მეუღლის დაკარგვა. ენის, რომელიც რვა წელია დაქვრივდა, ძალიან ეხმარება სხვა ქვრივ ქალთან ურთიერთობა. ის ამბობს: „მისმა სიმტკიცემ ძალიან იმოქმედა ჩემზე და ძალები მომცა, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა“.

მას შემდეგ, რაც გლოვის პირველი ტალღა გადაივლის, ქვრივები შეიძლება ერთმანეთისთვის გამხნევების წყარო აღმოჩნდნენ. ბიბლიაში მოხსენიებული ქვრივები, რუთი და მისი დედამთილი ნაომი, მხარში ედგნენ ერთმანეთს. ბიბლიაში ჩაწერილი ამ გულშიჩამწვდომი შემთხვევიდან ვხედავთ, თუ როგორ დაეხმარა ამ ქალებს ერთმანეთზე ზრუნვა მწუხარებისა და სირთულეების გადატანაში (რუთი 1:15—17; 3:1; 4:14, 15).

განკურნების დრო

ცხოვრების ჩვეულ რიტმს რომ დაუბრუნდნენ, ქვრივებს გაწონასწორებულობა სჭირდებათ. მათ მხოლოდ მოგონებებით კი არ უნდა იცხოვრონ, არამედ საკუთარ თავზეც უნდა იზრუნონ. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა, რომ არის „ტირილის დრო“, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ არის „განკურნების დრო“ (ეკლესიასტე 3:3, 4).

ზემოხსენებული პოლი აღნიშნავს, რამდენად რთულია, არ იცხოვრო წარსულით. ის ამბობს: „მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს შეზრდილი ხეებივით ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის დაიღუპა, დასახიჩრებული ხესავით დავრჩი. მარტოობას ვერ ვეგუებოდი“. ზოგი წარსულით იმიტომ ცხოვრობს, რომ ჰგონია, ამით მეუღლეს უერთგულებს. ზოგი კი ფიქრობს, რომ თუ საკუთარ თავს ასიამოვნებს, ეს ღალატის ტოლფასი იქნება, ამიტომ უარს ამბობს სადმე წასვლასა და ხალხთან ურთიერთობაზე. როგორ დავეხმაროთ ქვრივებს, რომ თანდათანობით მოიშუშონ ჭრილობები და ნორმალურად გააგრძელონ ცხოვრება?

პირველ რიგში, შესაძლებლობა მიეცით დამწუხრებულ ადამიანს, გამოხატოს თავისი გრძნობები. ჰერბერტი, რომელსაც ექვსი წელია, რაც ცოლი დაეღუპა, ამბობს: „სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს, როცა ჩემთან მოსული სტუმრები ჩუმად ისხდნენ და მისმენდნენ, როგორ ვსაუბრობდი წარსულზე ან ჩემს გრძნობებზე. ვიცი, რომ ჩემი მოსმენა ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ისინი მაინც თანაგრძნობით მისმენდნენ“. პოლს ყველაზე მეტად ამხნევებდა მოწიფული მეგობარი, რომელიც ყოველთვის ინტერესდებოდა მისი ემოციური მდგომარეობით. ის ამბობს: „ძალიან მსიამოვნებდა მისი გულწრფელობა და ტაქტიანობა. ამიტომ მეც თავისუფლად ვესაუბრებოდი ჩემს გრძნობებზე“ (იგავები 18:24).

როცა ადამიანს აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი გრძნობები, იქნება ეს სინანული, დანაშაულის გრძნობა თუ ბრაზი, ის უფრო ადვილად ეგუება ახალ მდგომარეობას. მეფე დავითს ყველაზე სანდო მეგობრისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის გულის გადაშლამ მისცა იმის ძალა, რომ წამომდგარიყო და შეგუებოდა თავისი ახალშობილი ვაჟის სიკვდილს (2 სამუელი 12:19—23).

მართალია, თავიდან დაქვრივებულ ადამიანს უჭირს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდეს. კარგი იქნება, თუ ზოგჯერ დაქვრივებულთან ერთად ყოველდღიურ საქმეებს გააკეთებთ, მაგალითად ერთად წახვალთ საყიდლებზე ან საღამოს ერთად გაისეირნებთ. შეგიძლიათ სთხოვოთ, რაიმე საქმეში დაგეხმაროთ, მაგალითად, ბავშვები დაიტოვოს ან რომელიმე კერძის მომზადება გასწავლოთ. შეგიძლიათ სახლში რამის შეკეთებაში დაიხმაროთ. ამგვარად მას მარტოობისგან თავის დაღწევაში დაეხმარებით. ასეთი საქმეების კეთება არა მარტო ახალისებს ადამიანს, არამედ არწმუნებს, რომ მის სიცოცხლეს ნამდვილად აქვს აზრი.

თუ დამწუხრებული ადამიანი გულს უშლის სხვებს, ის თანდათანობით დაიბრუნებს სიცოცხლის ხალისს და შეიძლება ახალი მიზნებიც კი დაისახოს. ასე მოხდა 44 წლის ქვრივის, იონეტის შემთხვევაში. ის იხსენებს: „ძალიან გამიჭირდა ცხოვრების ძველებურად გაგრძელება. ყოველდღიური საქმეების კეთება, შემოსავლის განაწილება და სამ ბავშვზე ზრუნვა ძალიან რთული იყო ჩემთვის“. მაგრამ დროთა განმავლობაში იონეტმა შეძლო თავის ხელში აყვანა და შვილებისთვის მეტი დროის გამოყოფა. იონეტი იმასაც მიეჩვია, რომ მეგობრებისგან დახმარების მიღებაზე უარი არ ეთქვა.

„სიცოცხლე ძვირფასი საჩუქარია“

მეგობრები და ოჯახის წევრები იმ შემთხვევაში გაუწევენ ქვრივს ნამდვილ დახმარებას, თუ გააცნობიერებენ, რომ დამწუხრებული ადამიანის მდგომარეობა თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში იცვლება — ის ხან მშვიდად არის, ხან დეპრესიაშია. ბუნებრივია, ადვილი არ არის „გულის ტკივილის“ გაყუჩება (1 მეფეები 8:38, 39).

დამწუხრებულ ადამიანს მძიმე წუთებში განსაკუთრებით სჭირდება გვერდში დგომა, რათა არ გამოეთიშოს რეალობას და საკუთარ თავში არ ჩაიკეტოს. სხვების დახმარებით ბევრმა ქვრივმა შეძლო სიცოცხლის ხალისის შენარჩუნება. 60 წლის ქვრივი, კლოდი, რომელიც ამჟამად აფრიკაში ქადაგებს, ამბობს: „მეუღლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის მიუხედავად, სიცოცხლე ძვირფასი საჩუქარია“.

რასაკვირველია, მეუღლის სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში მრავალი რამ იცვლება. მაგრამ მათ, ვისაც მეუღლე უკვდება, კვლავაც ბევრის გაკეთება შეუძლიათ სხვებისთვის (ეკლესიასტე 11:7, 8).

[სქოლიოები]

b დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ დაეხმაროთ დამწუხრებულებს, შეგიძლიათ იხილოთ ბროშურაში „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“, გვერდები 20—25. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 11 გვერდზე]

ნამდვილი მეგობრები მუდამ მხარში უდგანან თავიანთ დამწუხრებულ მეგობარს

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

 ძვირფასი სახსოვარი თუ მტკივნეული მოგონება?

„ჩემი ქმრის ბევრ პირად ნივთს ვინახავ, — ამბობს ელენე, რომელსაც ქმარი რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. — რაც დრო გადის, ეს ნივთები უფრო მეტ სასიამოვნო წუთს მახსენებს. არ მინდოდა მაშინვე მათი თავიდან მოშორება, რომ მოგვიანებით სინანულის გრძნობას არ შევეწუხებინე“.

მეორე მხრივ, კლოდი, რომელსაც ხუთი წლის წინ დაეღუპა მეუღლე, ამბობს: „პირადად მე მირჩევნია, ყველგან ჩემი ცოლის ნივთებს არ ვხედავდე და ყველაფერი მას არ მახსენებდეს. ჩემი აზრით მისი ნივთების მოშორება დამეხმარა, რეალობისთვის თვალი გამესწორებინა და უფრო იოლად გადამეტანა მწუხარება“.

ზემოთ მოხსენიებული მაგალითებიდან ჩანს, რომ ყველა სხვადასხვანაირ გადაწყვეტილებას იღებს გარდაცვლილი მეუღლის ნივთებთან დაკავშირებით. გონიერი მეგობრები და ნათესავები შეეცდებიან საკუთარი აზრი არ მოახვიონ თავს დამწუხრებულ ადამიანს (გალატელები 6:2, 5).

[სურათები 9 გვერდზე]

განსაკუთრებით რომელ დღეებში შეიძლება დასჭირდეს თქვენი თანადგომა დამწუხრებულ ადამიანს?

[სურათი 9 გვერდზე]

მათთან ერთად დაგეგმეთ რამე

[სურათები 10 გვერდზე]

გაატარეთ დრო მათთან ერთად და დაიხმარეთ საქმის კეთებაში