არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა ვინმე „მოდრეკილი და განადგურებული“ გულით ითხოვს პატიებას

როცა ვინმე „მოდრეკილი და განადგურებული“ გულით ითხოვს პატიებას

დაუახლოვდით ღმერთს

როცა ვინმე „მოდრეკილი და განადგურებული“ გულით ითხოვს პატიებას

2 სამუელი 12:1—14

ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით. შეიძლება ძალიანაც ვნანობთ, მაგრამ მაინც გვებადება კითხვები: „ისმენს ღმერთი ჩემს გულწრფელ ლოცვებს, როცა პატიებას ვთხოვ? მომიტევებს ღმერთი ცოდვებს?“. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა თვალს არ ხუჭავს ცოდვაზე, მაგრამ ის მზად არის აპატიოს შემცოდველს, რომელიც გულწრფელად ინანიებს. ეს კარგად გამოჩნდა ძველი ისრაელის მეფე დავითის შემთხვევიდან, რომელიც მე-2 სამუელის მე-12 თავშია აღწერილი.

გავიხსენოთ რა მოხდა: დავითმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. მან იმრუშა ბათ-შებასთან და როცა ჩადენილი ცოდვის დაფარვა ვეღარ შეძლო, მისი ქმარი მოაკვლევინა. დავითმა მიჩქმალა თავისი ცოდვები და თვეების განმავლობაში თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ იეჰოვას თვალს არაფერი გამოჰპარვია. მართალია ღმერთმა ყველაფერი დაინახა, მაგრამ ის იმასაც ხედავდა, რომ დავითს მოუნანიებელი გული არ ჰქონდა (იგავები 17:3). როგორ მოიქცა იეჰოვა?

იეჰოვამ დავითთან წინასწარმეტყველი ნათანი გაგზავნა (მუხლი 1). წმინდა სულით აღძრული ნათანი ტაქტიანად მიუდგა მეფეს. მან იცოდა, რომ სიტყვები ფრთხილად უნდა შეერჩია. როგორ უნდა დაენახვებინა ნათანს დავითისთვის, მის მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე და ის, რომ თავს იტყუებდა?

დავითს თავის მართლება რომ არ დაეწყო, ნათანი მას მოუყვა ამბავს, რომელიც მის, როგორც ყოფილი მწყემსის გულს აუცილებლად შეეხებოდა. ეს ამბავი ორ კაცზე, მდიდარზე და ღარიბზე იყო. მდიდარს „უამრავი ცხვარ-ძროხა“ ჰყავდა, ღარიბს კი „დედალი ბატკნის მეტი არაფერი ებადა“. ერთხელ მდიდარ კაცს სტუმარი ეწვია. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ცხვარი დაეკლა, სტუმარს ის ღარიბის ერთადერთი ბატკნით გაუმასპინძლდა. დავითს, როგორც ჩანს, ეს ამბავი ნამდვილი ეგონა და განრისხებულმა წამოიძახა: „სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი! . . . რადგან შეუბრალებლად მოიქცა“ a (მუხლები 2—6).

ნათანის მონაყოლმა მიზანს მიაღწია. დავითმა, ფაქტობრივად, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. მაშინ ნათანმა დავითს პირდაპირ უთხრა: „შენა ხარ ის კაცი!“ (მუხლი 7). რადგან ნათანი იეჰოვას სახელით ლაპარაკობდა, მისი სიტყვებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ იეჰოვა გულნატკენი იყო დავითის საქციელის გამო. დავითმა უპატივცემლობა გამოიჩინა ღვთის მიმართ, როცა მისი კანონები დაარღვია. „შემიძულე“, — სწორედ ამიტომ უთხრა მას ღმერთმა (მუხლი 10). ღვთის ეს სიტყვები დავითის გულს შეეხო. მან აღიარა: „შევცოდე იეჰოვას“. ნათანმა დაარწმუნა დავითი, რომ ღმერთი მას აპატიებდა, მაგრამ ცოდვის შედეგებს ის ვერ გაექცეოდა (მუხლები 13, 14).

მას შემდეგ, რაც მისი ცოდვები გამოაშკარავდა, დავითმა 51-ე ფსალმუნი დაწერა. ამ ფსალმუნში ის გულს უშლის იეჰოვას, საიდანაც კარგად ჩანს, რა მტკივნეულად განიცდის ჩადენილ ცოდვებს. დავითმა თავისი ცოდვებით გული ატკინა ღმერთს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოინანია და იგრძნო, რას ნიშნავს ღვთის გულმოწყალება, დაწერა: „მოდრეკილ და განადგურებულ გულს ნუ უგულებელყოფ, ღმერთო“ (ფსალმუნი 51:17). რაოდენ მანუგეშებელი სიტყვებია მათთვის, ვინც იეჰოვას ცოდვების მიტევებას სთხოვს!

[სქოლიო]

a სტუმრისთვის ბატკნის დაკვლა სტუმართმოყვარეობის ნიშანი იყო. ბატკნის მოპარვა კი დანაშაულად ითვლებოდა. დამნაშავეს ნაქურდალი ოთხმაგად უნდა აენაზღაურებინა (გამოსვლა 22:1). დავითის აზრით, მდიდარი უმოწყალოდ მოიქცა, როცა ღარიბს ერთადერთი ბატკანი წაართვა. მომავალში ეს ბატკანი პატრონს ალბათ რძესა და მატყლს მისცემდა. შესაძლოა ღარიბ კაცს ამ ბატკნით ფარაც მოემრავლებინა.