აპოლოგეტები ქრისტიანობის დამცველები თუ ფილოსოფოსები?
აპოლოგეტები ქრისტიანობის დამცველები თუ ფილოსოფოსები?
ახალი წელთაღრიცხვით II საუკუნეში ქრისტიანებს ისეთ აბსურდულ ბრალდებებს უყენებდნენ, როგორიცაა სისხლის აღრევა, ბავშვების დახოცვა და კანიბალიზმი. ამას იმდენად სასტიკი დევნა მოჰყვა, რომ ქრისტიანი მწერლები თავს ვალდებულად თვლიდნენ, დაეცვათ საკუთარი რწმენა. ამ მწერლებს მოგვიანებით აპოლოგეტები ანუ საკუთარი რწმენის დამცველები ეწოდათ. ისინი მიზნად ისახავდნენ, დაემტკიცებინათ, რომ მათი რელიგია არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა; ისინი ცდილობდნენ რომაელი მმართველებისა და საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას. ეს საკმაოდ სარისკო წამოწყება იყო, რადგან მმართველი კლასისა და საზოგადოების გულის მოგება, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ დათმობაზე წასვლით თუ შეიძლებოდა. არსებობდა იმის საშიშროებაც, რომ დევნა უფრო გაძლიერდებოდა და მათ ისეთ კომპრომისზე წასვლა მოუწევდათ, რომ, ფაქტობრივად, ქრისტიანულ რწმენას გააუბრალოებდნენ. როგორ იცავდნენ აპოლოგეტები თავიანთ რწმენას? რა არგუმენტები მოჰყავდათ? და რა მოჰყვა შედეგად მათ მცდელობას?
აპოლოგეტები და რომის იმპერია
აპოლოგეტები II—III საუკუნეში მოღვაწე განათლებული მამაკაცები იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილნი იყვნენ იუსტინე წამებული, კლემენტ ალექსანდრიელი და ტერტულიანე. * მათი ნაშრომები, ძირითადად, წარმართებისა და რომაელი მმართველებისთვის იყო განკუთვნილი. ამ ნაშრომებით მათ სურდათ დაენახვებინათ, რაში მდგომარეობდა ქრისტიანული მრწამსი, და ამიტომ ხშირად მოჰყავდათ აზრები ბიბლიიდან. გარდა ამისა, ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ თავიანთ მდევნელებს, უარყოფდნენ მათ ბრალდებებს და დადებითად ახასიათებდნენ ქრისტიანებს.
აპოლოგეტთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი მმართველების დარწმუნება იყო იმაში, რომ ქრისტიანები არც იმპერატორის მტრები იყვნენ და არც იმპერიის. ტერტულიანემ იმპერატორზე თქვა, რომ ჩვენმა ღმერთმა დანიშნაო იგი, ათენაგორა კი იმპერატორის ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის მომხრე იყო. ამგვარად, ერთიც და მეორეც იმდროინდელ პოლიტიკურ საქმეებში ჩაებნენ და არაფრად ჩააგდეს იესო ქრისტეს სიტყვები: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36).
აპოლოგეტთა აზრით რომსა და ქრისტიანულ რელიგიას საერთო ენა უნდა გამოენახათ. როგორც მელიტო ამბობდა, ისინი მოკავშირეებს წარმოადგენდნენ და იმპერიის კეთილდღეობაში ორივეს თავისი წვლილი შეჰქონდა. „დიოგნეტუსისადმი მიწერილი წერილის“ უცნობმა ავტორმა ქრისტიანები გააიგივა ქვეყნიერების სულისჩამდგმელ ძალასთან, რომელიც „ქვეყნიერებას აერთიანებდა“. ტერტულიანე წერდა, რომ ქრისტიანები ლოცულობდნენ იმპერიის კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ აღსასრული მალე არ დამდგარიყო. შედეგად, ღვთის სამეფოს მოსვლა ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა („ქრისტიანობისა“ და ფილოსოფიის შერწყმა
ფილოსოფოსი ცელსუსი დამცინავად მოიხსენიებდა ქრისტიანებს და მათ „შავ მუშებს, მეწაღეებს, გლეხებს, უცოდინრებსა და უხეშებს“ უწოდებდა. ასეთი დაცინვა აპოლოგეტებმა ვერ აიტანეს და საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ახალ ტაქტიკას მიმართეს. ერთ დროს უარყოფილი ქვეყნიური სიბრძნე მათ ქრისტიანული იდეების მხარდასაჭერად გამოიყენეს. მაგალითად, კლემენტ ალექსანდრიელი ფილოსოფიას „ჭეშმარიტ თეოლოგიად“ მიიჩნევდა. მართალია, იუსტინე აცხადებდა, რომ წარმართულ ფილოსოფიას უარყოფდა, მაგრამ ის პირველი იყო, ვინც „ქრისტიანული“ იდეები ფილოსოფიური ენითა და ტერმინებით აღწერა. ის ფიქრობდა, რომ ამგვარი ფილოსოფია „კეთილ მიზნებს მოემსახურებოდა და უსაფრთხო იქნებოდა“.
ამ დროიდან მოყოლებული ისინი აღარ ეწინააღმდეგებოდნენ ფილოსოფიას. მათ ახალი სტრატეგია შეიმუშავეს — უნდოდათ, ქრისტიანული აზროვნება ფილოსოფიურ აზროვნებად ექციათ, რომელიც წარმართულ ფილოსოფიაზე აღმატებული იქნებოდა. „ზოგ საკითხში ჩვენ იმავეს ვასწავლით, რასაც თქვენი პატივდებული პოეტები და ფილოსოფოსები, სხვა საკითხებს კი ღვთის თვალით ვუყურებთ და უფრო სრულად განვიხილავთ“, — დაწერა იუსტინემ. ამ ახალ, ფილოსოფიური იდეებით შემკულ „ქრისტიანულ“ აზროვნებას უძველეს საგანძურად ასაღებდნენ. აპოლოგეტებს არგუმენტად ისიც მოჰყავდათ, რომ ქრისტიანული წიგნები ბერძნულ წიგნებზე გაცილებით ძველი იყო და ბიბლიის წინასწარმეტყველები ბერძენ ფილოსოფოსებზე ადრე ცხოვრობდნენ. ზოგიერთი აპოლოგეტი იმასაც კი აცხადებდა, რომ ფილოსოფოსები წინასწარმეტყველებისგან სესხულობდნენ აზრებს. მათ პლატონი მოსეს მოწაფედაც კი მონათლეს.
ქრისტიანობა დამახინჯდა
ამ ახალი სტრატეგიის შედეგი ის იყო, რომ ქრისტიანობა და წარმართული ფილოსოფია ერთმანეთში აირია. ერთმანეთს ადარებდნენ ბერძნულ ღვთაებებსა და ბიბლიურ პერსონაჟებს. იესოს პერსევსს ამსგავსებდნენ; მარიამის დაფეხმძიმებას კი —
პერსევსის დედის, დანაეს დაფეხმძიმებას, რომელიც ასევე ქალწულად იყო შერაცხული.ზოგიერთი სწავლება ძირფესვიანად შეცვალეს. მაგალითად ბიბლიაში იესოს „ლოგოსი“ ეწოდება, რაც ღვთის „სიტყვას“ ანუ „წარმომადგენელს“ ნიშნავს (იოანე 1:1—3, 14—18; გამოცხადება 19:11—13). აპოლოგეტთა მოღვაწეობის დასაწყისში ეს სწავლება იუსტინემ დაამახინჯა და ფილოსოფოსივით მანიპულირებდა ამ ბერძნული სიტყვის, „ლოგოსის“ ორი შესაძლო მნიშვნელობით: სიტყვა და გონება. ის ამბობდა, რომ ქრისტიანებმა „სიტყვა“ ქრისტეს სახით მიიღეს. თუმცა „ლოგოსი“, როგორც გონება, თითოეულ ადამიანს აქვს, მათ შორის წარმართებსაც. ამიტომ, იუსტინემ დაასკვნა, რომ ყველა, ვინც გონებით ხელმძღვანელობს, ქრისტიანია, ისინიც კი, ვისაც თავი ათეისტად მოჰქონდა ან ვისზეც ფიქრობდნენ, რომ ათეისტი იყო, მაგალითად, სოკრატე და სხვები.
უფრო მეტიც, ტერტულიანემ და სხვა აპოლოგეტებმა იესო და ბერძნული ფილოსოფიის „ლოგოსი“ ერთმანეთს დაუკავშირეს და ამით ისეთი კურსიც აირჩიეს, რომელმაც საბოლოოდ ქრისტიანობა სამების დოგმის მიღებამდე მიიყვანა. *
„სულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ბიბლიაში 850-ზე მეტჯერ გვხვდება, ბერძნული სიტყვა კი 100-ზე მეტჯერ. ამ სიტყვაში, ძირითადად, იგულისხმება მოკვდავი ცოცხალი არსებები, იქნებიან ისინი ადამიანები თუ ცხოველები (1 კორინთელები 15:45; იაკობი 5:20; გამოცხადება 16:3). აპოლოგეტებმა ეს ბიბლიური სწავლება დაამახინჯეს და პლატონის ფილოსოფიურ შეხედულებას დაუკავშირეს, თითქოსდა სული სხეულის გარეშეც არსებობს, უხილავი და უკვდავია. მინუციუს ფელიქსი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სწავლება მკვდრეთით აღდგომაზე სულის გადასახლების შესახებ პითაგორას სწავლებიდან იღებდა დასაბამს. მართლაც ძალიან დააშორა ბერძნულმა ფილოსოფიამ ისინი ბიბლიურ სწავლებებს.
არასწორი არჩევანი
ზოგიერთი აპოლოგეტი ხედავდა იმ საფრთხეს, რომელსაც ფილოსოფია ქრისტიანულ რწმენას შეუქმნიდა. თუმცა ისინი ფილოსოფოსებს აკრიტიკებდნენ, უყვარდათ ფილოსოფიისთვის დამახასიათებელი ინტელექტუალური მიდგომა. მაგალითად, ტატიანე ფილოსოფოსების წინააღმდეგ გამოდიოდა და აცხადებდა, რომ ისინი კარგს არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ამავე დროს, ის ქრისტიანულ რელიგიას „ჩვენ ფილოსოფიას“ უწოდებდა და ფილოსოფიურ მსჯელობებშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. ტერტულიანე დაუფარავად აცხადებდა, რომ წარმართული ფილოსოფია გავლენას ახდენდა ქრისტიანულ აზროვნებაზე. ამავე დროს ის ამბობდა, რომ სურდა, „ფილოსოფოსისა და წამებულის, იუსტინეს, ეკლესიის სოფისტის, მილტიადესა“ და სხვათა კვალს გაჰყოლოდა. ათენაგორა საკუთარ თავს „ათენელ ქრისტიან ფილოსოფოსს“ უწოდებდა. კლემენტე კი, როგორც ამბობენ, ფიქრობდა: „ქრისტიანებს შეუძლიათ ფილოსოფია გონივრულად გამოიყენონ სიბრძნის სრულყოფისთვის და რწმენის დასაცავად“.
რა წარმატებისთვისაც არ უნდა მიეღწიათ აპოლოგეტებს, მათ სერიოზული შეცდომა დაუშვეს თავიანთი რწმენის დაცვისას. რატომ ვამბობთ ამას? მოციქულმა პავლემ შეახსენა ქრისტიანებს, რომ სულიერი იარაღებიდან ყველაზე ეფექტური ღვთის სიტყვაა, რომელიც არის ცოცხალი და მოქმედი. მისი მეშვეობით, როგორც პავლემ თქვა, ჩვენ „ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ ებრაელები 4:12; 2 კორინთელები 10:4, 5; ეფესოელები 6:17).
აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს“ (სიკვდილის წინა ღამეს იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33). განსაცდელებმა და გაჭირვებამ იესოს ვერ დააკარგვინა რწმენა და ვერც მამისადმი მის ერთგულებას გაუჩინა ბზარი. იოანემ, რომელმაც მოციქულთა შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა, დაწერა: „ჩვენი რწმენით გავიმარჯვეთ და ვძლიეთ ქვეყნიერებას“ (1 იოანე 5:4). აპოლოგეტებს უნდოდათ ქრისტიანული რწმენის დაცვა, მაგრამ არასწორი არჩევანი გააკეთეს, როცა ფილოსოფიური იდეები და მიდგომები გადაიღეს. ამგვარად, აპოლოგეტები ფილოსოფიით ცდუნდნენ და ქვეყნიერებას მისცეს იმის უფლება, რომ დაეძლია ისინი და ის ქრისტიანობა, რომელზეც ისინი თავს დებდნენ. ასე რომ, ჭეშმარიტი ქრისტიანობის დაცვის ნაცვლად ადრინდელი ეკლესიის აპოლოგეტები, შესაძლოა უნებლიედ, სატანის ხაფანგში გაებნენ, რომელიც „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 კორინთელები 11:14).
დღევანდელი სამღვდელოება და თეოლოგები, უმთავრესად, აპოლოგეტების კურსს მიჰყვებიან. იმის მაგივრად, რომ ღვთის სიტყვით დაიცვან ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ისინი ხშირად არაფრად აგდებენ ბიბლიას და სწავლებისას საზოგადოებისა და მმართველი კლასის გულის მოსაგებად ქვეყნიურ ფილოსოფიას მიმართავენ; ამასთანავე, არ აფრთხილებენ ხალხს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც არაბიბლიური ტენდენციების მიყოლას მოსდევს. პირიქით, ისინი ყველანაირად ცდილობენ, ყურის მაამებლად ასწავლონ, რათა უფრო მეტი ხალხი მიიზიდონ (2 ტიმოთე 4:3). სამწუხაროდ, ადრინდელი აპოლოგეტების მსგავსად, ისინიც უგულებელყოფენ ბიბლიურ გაფრთხილებას: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“. და როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ: „მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება“ (კოლოსელები 2:8; 2 კორინთელები 11:15).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 მათ რიგებს მიეკუთვნებოდნენ კვადრატუსი, არისტიდე, ტატიანე, აპოლინარიოსი, ათენაგორა, თეოფილე, მელიტო, მინუციუს ფელიქსი და სხვა ნაკლებად ცნობილი მწერლები. იხილეთ 2003 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27—29 და 1996 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 28—30 [ინგლ.].
^ აბზ. 13 ტერტულიანეს შეხედულებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2002 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29—31.
[ჩანართი 31 გვერდზე]
„ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს“ (2 კორინთელები 10:5)
[სურათი 28 გვერდზე]
ფილოსოფიური აზროვნების მიბაძვა „კეთილ მიზნებს მოემსახურება და უსაფრთხო იქნება“ (იუსტინე)
[სურათი 29 გვერდზე]
კლემენტე ფილოსოფიას „ჭეშმარიტ თეოლოგიად“ მიიჩნევდა
[სურათი 29 გვერდზე]
ტერტულიანეს ფილოსოფიურმა მოსაზრებებმა საფუძველი ჩაუყარა სამების დოქტრინას
[სურათი 29 გვერდზე]
ტატიანემ ქრისტიანულ რელიგიას „ჩვენი ფილოსოფია“ უწოდა
[სურათი 30 გვერდზე]
დღევანდელი სამღვდელოება და თეოლოგები აპოლოგეტების კურსს მიჰყვებიან
[სურათი 31 გვერდზე]
მოციქულმა პავლემ ქრისტიანები გააფრთხილა, მორიდებოდნენ „ფილოსოფიასა და ფუჭ ცდუნებას“
[სურათის საავტორო უფლებები 29 გვერდზე]
Clement: Historical Pictures Service; Tertullian: © Bibliothèque nationale de France