არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„აქ როგორ ჩერდებიან?!“

„აქ როგორ ჩერდებიან?!“

წერილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან

„აქ როგორ ჩერდებიან?!“

„საშიში ტერიტორია — ყაჩაღობა და პროსტიტუცია“, — ასეთი წარწერა ვნახეთ ვიწრო გზის პირას. გზიდან გადავუხვიეთ და გავეშურეთ ახლომდებარე ფეშენებელური სასტუმროებისა და კაზინოების უზარმაზარი სარეკლამო დაფისკენ, სადაც რამდენიმე მანქანა გველოდა. ძვირადღირებულმა ავტომობილებმა ჩაგვიქროლეს და ფანჯრებიდან გაოცებული სახეები დავინახეთ, თითქოს კითხულობდნენ: „აქ როგორ ჩერდებიან?!“

გავაჩერეთ მანქანა და მივედით სარეკლამო დაფის ჩრდილში მდგომ სასიამოვნოდ გამოწყობილ რამდენიმე ადამიანთან. სხვადასხვა რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა მოვიყარეთ თავი ერთად, რაც ჯერ კიდევ საკმაოდ უჩვეულო რამ არის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. დაახლოებით 100 კილომეტრი გავიარეთ იოჰანესბურგის ჩრდილო-დასავლეთით, რათა იქაურ სოფლებში მცხოვრები ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება გაგვეცნო.

პატარა შეხვედრა ჩავატარეთ, ვიმსჯელეთ ერთ ბიბლიურ მუხლზე და გავნაწილდით კარდაკარ მსახურებაში წასასვლელად. ბოლოს ვილოცეთ და მანქანებში ჩავსხედით. ვრცელი მინდვრების გადაღმა ვხედავდით აქა-იქ მიმოფანტულ სახლებსა და ქოხებს, რომლებიც წერტილებივით მოჩანდა პლატინის საბადოების კარიერებიდან ამოღებული მიწის გროვების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ქვეშ ამხელა სიმდიდრეა დამალული, აქაური მოსახლეობა მაინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

მე და ჩემი ცოლი ორ გერმანელ სტუმართან ერთად შევუდექით კარდაკარ მსახურებას. იქაური მაცხოვრებლების მესამედი უმუშევარია და, შესაბამისად, მათი სახლებიც ღარიბულია. ბევრი ხის კარკასითა და გოფრირებული თუნუქით შეკრულ ქოხებში ცხოვრობს. კარკასზე თუნუქის ფირფიტები დიდი ლურსმნებითაა მიმაგრებული, რომლებსაც ლუდის ბოთლის თავსახურები აქვს დატანებული.

როგორც კი მივუახლოვდებოდით სახლს, ჭიშკრიდან ვეძახდით მასპინძელს. ხშირ შემთხვევაში დიასახლისები გამოგვხედავდნენ ხოლმე. დიდი სიამოვნებით ისმენდნენ სასიხარულო ცნობას და საპატიო სტუმრებად გვიღებდნენ. მზე ისე აჭერს, რომ თუნუქის სახურავები გავარვარებულია და სიცხისგან სახლში ვერ გაჩერდები. ამიტომ ბავშვებს ხშირად ეუბნებიან, სკამები გამოიტანონ და გარეთ, ხის ჩრდილში ვსხდებით.

ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ და უბრალო ტაბურეტებსა და ამობრუნებულ ყუთებზე სხდებოდნენ. ბავშვებს, რომლებიც შორიახლოს თვითნაკეთი სათამაშოებით თამაშობდნენ, ეძახდნენ, რომ მოსულიყვნენ და მათაც მოესმინათ. ბიბლიურ მუხლებს განვიხილავდით და იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში სწავლობდნენ, ვთხოვდით, ბიბლიური ლიტერატურიდან აბზაცები ამოეკითხათ. ლიტერატურას თითქმის ყველა დიდი სიამოვნებით იღებდა და გვთხოვდა, სხვა დროსაც მივსულიყავით.

შუადღისას ცოტა შევისვენეთ და წავიხემსეთ სანამ მათთან მივიდოდით, ვისთანაც უკვე ვიყავით ადრე. პირველად მივაკითხეთ ჯიმის, რომელიც მალავიდან იყო გადმოსახლებული და პლატინის მაღაროში მუშაობდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკითხავდით მას. ყოველთვის უხაროდა ჩვენი დანახვა და ერთად ვსაუბრობდით ხოლმე ბიბლიურ თემებზე. მისი ცოლი ტსვანას ტომიდან იყო და მათ ორი არაჩვეულებრივი ბავშვი ჰყავდათ. ბოლო მონახულებაზე ვეღარ შევხვდით ჯიმის, ამიტომ ერთი სული გვქონდა, გვენახა ის.

ჯიმის ღარიბულ სახლს რომ მივუახლოვდით, მივხვდით, რაღაც ვერ იყო წესრიგში. ბაღზე, რომელიც ყოველთვის მოვლილი იყო, სარეველას გადაევლო, სიმინდის ყანა გამხმარიყო და ქათმებიც აღარ ქექავდნენ ეზოში მიწას; კარები მსხვილი ჯაჭვით იყო დაკეტილი გარედან. ჩვენს დანახვაზე მეზობელი მოვიდა. ვკითხეთ, სად იყო ჯიმი. მან თავზარდამცემი რამ გვითხრა: ჯიმი დაღუპულიყო და მისი ცოლი შვილებთან ერთად მშობლებთან გადასულიყო.

მართალია, ზედმეტად ჩაძიება უტაქტობად ითვლება, მაგრამ მაინც ვიკითხეთ, თუ რა დაემართა ჯიმის. „ავადმყოფობდა და ბოლოს მოკვდა. ამ ბოლო დროს ბევრი დაავადება გავრცელდა და ბევრი კვდება“, — გვითხრა ქალმა. მას არ უთქვამს, რა სჭირდა ჯიმის, მაგრამ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მას შიდს-ი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცდილობს, მოსახლეობაში გაავრცელოს სწორი ინფორმაცია ამ დაავადებაზე, ხალხი მაინც ეჭვის თვალით უყურებს აივ-ით დაინფიცირებულებს და შიდს-ით დაავადებულებს. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ მათ ჯადო აქვთ გაკეთებული. იშვიათად თუ ვინმე მოიხსენიებს ამ დაავადებას სახელით, თუმცა ჯიმის მეზობელი ქალის სიტყვების ჭეშმარიტებაზე ის სამწუხარო ფაქტიც მიუთითებს, რომ სოფლის სასაფლაოზე სულ უფრო და უფრო იზრდება ახალი საფლავების რაოდენობა. ამ ქალს ცოტა ხანი ვესაუბრეთ მკვდრეთით აღდგომის იმედზე და გულდამძიმებულები გავეშურეთ სხვა სოფლისკენ.

ჩავედით თუ არა სოფელში, სახლების ბოლო მწკრივისკენ გავწიეთ, რომლის იქითაც საბადოდან ამოღებული მიწის უზარმაზარი გორაკი იყო. ქუჩის ბოლოს გზიდან გადავუხვიეთ და ერთ-ერთი სახლის ეზოს მივადექით, სადაც დიდ ლოდზე ღაჟღაჟა ფერებით ასეთი წარწერა იყო გაკეთებული: „მერყეობა დროის ქურდია, დაყოვნება კი მისი მთავარი თანამზრახველი“. ამ წარწერის ავტორი, დეივიდი * თავის ძველ „ფოლკსვაგენ-ხოჭოს“ ძრავას ჩაჰკირკიტებდა და, მივუახლოვდით თუ არა, გამოგვხედა. ჩამავალი მზის სხივები პირდაპირ თვალებში ეცემოდა, მაგრამ, როცა გვიცნო, სახე გაებადრა და მისმა ოქროს წინა კბილებმაც გაიელვა. ხელები გაიწმინდა და ჩვენკენ გამოემართა.

„გამარჯობათ, მეგობრებო! — მოგვესალმა დეივიდი. — სად იყავით ამდენ ხანს?“ ძალიან გაგვეხარდა მისი ნახვა. მან მოგვიბოდიშა და გვითხრა, რომ ბევრი დრო არ ჰქონდა სასაუბროდ, რადგან ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ მაღაროში სამუშაო ეშოვნა და იქ მიიჩქაროდა. მთელი ჩვენი ხალისიანი საუბრის დროს დეივიდს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. „თქვენთან პირველი შეხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, — თქვა აღფრთოვანებულმა. — მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი, სად ვიქნებოდი დღეს, თქვენ რომ არ შეგხვედროდით“.

დეივიდს გახარებულები დავემშვიდობეთ. მზე უკვე ჰორიზონტზე იდგა. ჩვენ სახლისკენ მიმავალ გზას გავუყევით. საბოლოოდ გადავავლეთ თვალი მტვრის ბუღში გახვეულ ვრცელ მინდვრებს და გავიფიქრეთ, როგორ მოისმენდა ამდენი ხალხი სასიხარულო ცნობას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაში: „სამკალი მართლაც ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან“ (ლუკა 10:2).

[სქოლიო]

^ აბზ. 12 სახელი შეცვლილია.

[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]

სამხრეთ აფრიკის საფოსტო განყოფილების ნებართვით