არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი იესოს შესახებ წერდნენ

ისინი იესოს შესახებ წერდნენ

ასწავლეთ შვილებს

ისინი იესოს შესახებ წერდნენ

მოგწონს, როცა იესოს შესახებ კითხულობ? ~  * ბევრს უკვირს, რომ იესომ ბიბლიის არც ერთი წიგნი არ დაწერა. თუმცა ბიბლიის რვა დამწერი ბევრ რამეს მოგვითხროს მასზე. ისინიც იმ დროს ცხოვრობდნენ, როცა იესო დედამიწაზე იყო და გვიყვებიან იმას, რასაც ის ასწავლიდა. შეგიძლია ჩამოთვალო მათი სახელები? ~ ესენი არიან მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე და კიდევ ოთხი — პეტრე, იაკობი, იუდა და პავლე. რა იცი მათ შესახებ? ~

ჯერ ვისაუბროთ ბიბლიის იმ სამ დამწერზე, რომლებიც იესოს 12 მოციქულთა შორის იყვნენ. იცი მათი სახელები? ~ ესენი იყვნენ პეტრე, იოანე და მათე. პეტრემ ორი წერილი მისწერა თანაქრისტიანებს და მათ მოუთხრო ის, რაც თავისი თვალით ჰქონდა ნანახი და რაც საკუთარი ყურით ჰქონდა მოსმენილი იესოსგან. გადაშალე ბიბლია 2 პეტრეს 1:16—18-ზე და წაიკითხე, როგორ აღწერს პეტრე იმ შემთხვევას, როცა იეჰოვა ღმერთი ზეციდან ელაპარაკებოდა იესოს (მათე 17:5).

მოციქულმა იოანემ ბიბლიის ხუთი წიგნი დაწერა. ის იესოს გვერდით იყო სუფრასთან, როცა მან უკანასკნელად ივახშმა თავის მოწაფეებთან. იოანე მაშინაც იესოსთან იყო, როცა ის მოკვდა (იოანე 13:23—26; 19:26). ის არის ოთხი სახარებიდან ერთ-ერთის ავტორი. სახარებებში იესოს ცხოვრებაა აღწერილი. მან დაწერა „გამოცხადებაც“, რომელიც იესოსგან მიიღო და თავისივე სახელით ცნობილი სამი წერილი (გამოცხადება 1:1). მესამე დამწერი იყო ყოფილი გადასახადის ამკრეფი, მათე, რომელიც იესოს მოციქული გახდა.

ბიბლიის სხვა ორ დამწერს იესოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ისინი იყვნენ მისი უმცროსი ნახევარძმები, იოსებისა და მარიამის შვილები (მათე 13:55). ისინი თავიდანვე არ გამხდარან იესოს მოწაფეები. მათ თავიანთი ძმა გულმოდგინე მსახურების გამო შეშლილიც კი ეგონათ (მარკოზი 3:21). ვინ იყვნენ ისინი? ~ ერთ-ერთი იაკობი იყო, რომელმაც წიგნი „იაკობი“ დაწერა. მეორეს კი იუდა ერქვა, რომელმაც ბიბლიის წიგნი „იუდა“ დაწერა (იუდა 1).

მარკოზიც და ლუკაც წერდნენ იესოს ცხოვრების შესახებ. მარკოზის დედას, მარიამს, იერუსალიმში დიდი სახლი ჰქონდა, სადაც ადრინდელი ქრისტიანები იკრიბებოდნენ. მათ შორის იყო ხოლმე პეტრეც (საქმეები 12:11, 12). იმ საღამოს, როცა იესომ თავის მოციქულებთან ერთად უკანასკნელი პასექი აღნიშნა, როგორც ჩანს, მარკოზიც მათთან ერთად წავიდა გეთსემანეს ბაღში. და მაშინ, როცა ჯარისკაცებმა იესო დააპატიმრეს, მარკოზიც შეიპყრეს, მაგრამ მან ტანსაცმელი შეატოვა მათ და გაიქცა (მარკოზი 14:51, 52).

ლუკას კარგი სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული. ის, როგორც ჩანს, იესოს სიკვდილის შემდეგ გახდა მისი მიმდევარი. მან იესოს ცხოვრება გულდასმით გამოიკვლია და ნათლად და გასაგებად აღწერა. მოგვიანებით ლუკა მოციქულ პავლესთან ერთად მოგზაურობდა. მან დაწერა ბიბლიის წიგნი „საქმეებიც“ (ლუკა 1:1—3; საქმეები 1:1).

პავლე მერვე მამაკაცი იყო, რომელიც იესოს შესახებ წერდა. მან განათლება ცნობილ კანონის მცოდნე გამალიელთან მიიღო. პავლე, რომელსაც ადრე სავლეს ეძახდნენ, ფარისეველთა წესებით იყო აღზრდილი. მას სძულდა იესოს მოწაფეები და ზოგიერთი მათგანის მკვლელობაშიც იღებდა მონაწილეობას (საქმეები 7:58—8:3; 22:1—5; 26:4, 5). იცი, როგორ გაიგო პავლემ ჭეშმარიტება იესოს შესახებ?~

ის დამასკოში იესოს მოწაფეების დასაპატიმრებლად მიდიოდა, როცა უეცრად ციდან მოვლენილმა ძლიერმა შუქმა დააბრმავა და ხმა შემოესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“ ეს იესოს ხმა იყო. მან პავლეს უთხრა, დამასკოში ჩასულიყო. მერე იესომ თავის მოწაფე ანანიას დაავალა, პავლეს დალაპარაკებოდა. ასე გახდა პავლე იესოს მოწაფე (საქმეები 9:1—18). მან ბიბლიის 14 წიგნი დაწერა, წიგნ „რომაელებიდან“ „ებრაელების“ ჩათვლით.

უკვე შენ თვითონ კითხულობ იესოს შესახებ ბიბლიურ წიგნებს, თუ სხვა ვინმეს სთხოვ, წაგიკითხოს? ~ ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რის გაკეთებაც ცხოვრებაში შეგიძლია, ის არის, რომ პატარაობიდანვე ისწავლო, რას ამბობს ბიბლია იესოზე.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.

კითხვები:

▪ იესოს რომელმა მოციქულებმა დაწერეს ბიბლიის წიგნები?

▪ ბიბლიის რომელი ორი დამწერი იყო იესოს ნახევარძმა?

▪ რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ მარკოზი იცნობდა იესოს, ლუკა კი — არა?

▪ როგორ გახდა პავლე იესოს მოწაფე?

[სურათები 25 გვერდზე]

იუდა

მარკოზი

პეტრე

მათე

პავლე

იაკობი

ლუკა

იოანე