იცოდით თუ არა?
იცოდით თუ არა?
რა იყო ქალაქის კარიბჭე, რომელიც ბიბლიაში ასე ხშირად არის მოხსენიებული?
▪ ბიბლიურ დროში ქალაქების უმეტესობას გალავნები ჰქონდა შემოვლებული. იმ კარიბჭეებთან, სადაც მოედნები იყო, ხალხი ერთმანეთს ხვდებოდა, ვაჭრობდა და ახალ ამბებზე ბჭობდა. იქ აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს და იქ აცხადებდნენ წინასწარმეტყველები თავიანთ ცნობებს (იერემია 17:19, 20). ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „თითქმის ყველა საქმიანი გარიგება ქალაქის კარიბჭეებთან ხდებოდა“ (The Land and the Book). ასე რომ, ძველ ისრაელში ქალაქის კარიბჭეები თავშეყრის ადგილები იყო.
მაგალითად, აბრაამმა ეფრონისგან „ხეთის ძეებისა და ქალაქის კარიბჭეში ყველა შემსვლელთა თვალწინ შეიძინა“ მიწის ნაკვეთი საოჯახო სამარხისთვის (დაბადება 23:7—18). ბოაზმა ათ ბეთლემელ უხუცესს სთხოვა, ქალაქის კარიბჭესთან დამსხდარიყვნენ; მათი თანდასწრებით მან რუთისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეობის საკითხი იმ კანონის საფუძველზე მოაგვარა, რომელიც ლევირატს (ქვრივ ქალზე მაზლის დაქორწინება) ითვალისწინებდა (რუთი 4:1, 2). როდესაც ქალაქის უხუცესები სამართალს სჯიდნენ, კარიბჭესთან სხდებოდნენ საქმის განსახილველად, განაჩენის გამოსატანად თუ მის აღსასრულებლად (კანონი 21:19).
სად მდებარეობდა ოფირი, რომელიც ბიბლიის თანახმად უმაღლესი ხარისხის ოქროთი იყო განთქმული?
▪ „ოფირის ოქრო“ პირველად წიგნ „იობში“ მოიხსენიება და „სუფთა ოქროსთან“ არის გაიგივებული (იობი 28:15, 16). იობის დროიდან 600 წლის შემდეგ მეფე დავითმა შეაგროვა „ოფირის ოქრო“ იეჰოვას ტაძრისთვის, რომელიც იერუსალიმში აშენდებოდა. მის ვაჟს, სოლომონსაც ოფირიდან მოჰქონდა ოქრო (1 მატიანე 29:3, 4; 1 მეფეები 9:28).
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სოლომონს წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეციონ-გებერში აგებული ხომალდებით მოჰქონდა ოფირიდან ოქრო (1 მეფეები 9:26). მკვლევარების აზრით, ეციონ-გებერი მდებარეობდა აკაბას ყურეს ჩრდილოეთ ნაწილში, დღევანდელი აილათის ან აკაბას მახლობლად. ამ ადგილიდან ხომალდებს წითელი ზღვის ნებისმიერ ნაწილში შეეძლო მისვლა, ასევე აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროებზე, სადაც, შესაძლოა, ოფირი მდებარეობდა და, სადაც სავაჭრო პუნქტები იყო გაშენებული. მაგრამ სხვების აზრით ოფირი არაბეთის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო, სადაც უძველესი ოქროს საბადოებია აღმოჩენილი და, იქ დღესაც მოიპოვებენ ოქროს.
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ სოლომონის ოქროს საბადოები ლეგენდაა, ეგვიპტოლოგი კენეტ კიჩინი ამბობს: «ოფირი არ არის გამოგონილი ადგილი. ერთ-ერთ ებრაულ თიხის ფრაგმენტზე, რომელიც დაახლოებით [ძვ. წ.] VIII საუკუნით თარიღდება მკაფიოდ არის გაკეთებული შემდეგი წარწერა: „ოფირის ოქრო ბეთ-ხორონისთვის — 30 შეკელი“. აქ ოფირი მოიხსენიება, როგორც ოქროს საბადოს ადგილი, ისევე როგორც ეგვიპტურ ტექსტებში მოხსენიებული „ამაუს ოქრო“, „პუნტის ოქრო“ და „ქუშის ოქრო“. თითოეულ შემთხვევაში ეს განსაზღვრებები ოქროს მოპოვების ადგილზე, ამ ადგილის ტიპზე ან ოქროს ხარისხზე მიუთითებდა».
[სურათი 15 გვერდზე]
ქალაქის კარიბჭესთან მდგომი აბრაამი მიწას ყიდულობს
[სურათი 15 გვერდზე]
ებრაული თიხის ფრაგმენტი, რომელზეც სიტყვა ოფირია ამოტვიფრული
[საავტორო უფლება]
Collection of Israel Antiquities Authority, Photo © The Israel Museum, Jerusalem