რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს ინტერრელიგიურ გაერთიანებაზე?
მკითხველები გვეკითხებიან
რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს ინტერრელიგიურ გაერთიანებაზე?
▪ ერთ-ერთი ენციკლოპედიის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით „10 000 რელიგიაა“ (World Christian Encyclopedia). მათ შორის არსებულმა დაპირისპირებებმა ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა მთელ კაცობრიობას, ამიტომ ინტერრელიგიური გაერთიანებების იდეამ ბევრს იმედი ჩაუსახა. მათ სჯერათ, რომ ამის წყალობით შესაძლებელი გახდება მშვიდობისა და ერთიანობის მიღწევა ამ დაყოფილ ქვეყნიერებაში.
ბიბლია მოგვიწოდებს ერთიანობისკენ. მოციქულმა პავლემ ქრისტიანული კრება შეადარა ადამიანის სხეულს, რომლის თითოეული ნაწილიც არის „თანაზომიერად შეერთებული და თანამშრომლობისკენ აღძრული“ (ეფესოელები 4:16). მოციქული პეტრეც მოუწოდებდა თანამორწმუნეებს: „ყველას ერთი აზრი გქონდეთ“ (1 პეტრე 3:8).
ადრინდელ ქრისტიანებს ათასგვარი კულტურისა და რელიგიის მქონე ხალხთან უწევდათ ურთიერთობა. როდესაც პავლე წერდა, თუ რამდენად მისაღები იყო სხვადასხვა რელიგიის გაერთიანება, მან ასეთი კითხვა დასვა: „რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ და შემდეგ ქრისტიანებს მოუწოდა: „გამოდით მათგან“ (2 კორინთელები 6:15, 17). როგორც ვხედავთ, ის არ ყოფილა ინტერრელიგიური საქმიანობის მომხრე. რატომ ფიქრობდა ის ასე?
მან თქვა, რომ, თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ისეთ ადამიანს შეუერთდებოდა თაყვანისმცემლობაში, რომელიც მის მრწამს არ იზიარებს, ეს მიუღებელი და უთანასწორო უღელში შებმის ტოლფასი იქნებოდა (2 კორინთელები 6:14). ეს ქრისტიანის რწმენისთვის მხოლოდ და მხოლოდ დამანგრეველი იქნებოდა. პავლე ჰგავს მამას, რომელმაც იცის, რომ სამეზობლოში ზოგიერთი ბავშვი ცუდად იქცევა. როგორც მზრუნველი მშობელი, ის გონივრულ საზღვრებს ადგენს, ვისთან ითამაშოს მისმა შვილმა და ვისთან — არა. შესაძლოა, მისი გადაწყვეტილება არ მოსწონთ სხვებს. მაგრამ არსებულ სიტუაციაში მამა ამ გადაწყვეტილებით თავის შვილს ცუდი გავლენისგან იცავს. მსგავსად ამისა, პავლემაც იცოდა, რომ, თუ ქრისტიანები თავს შორს დაიჭერდნენ სხვა რელიგიებისგან, ამით ისინი თავს დაიცავდნენ მათი დამღუპველი ადათ-წესებისგან.
პავლეს ისეთივე თვალსაზრისი ჰქონდა ამ საკითხზე, როგორიც იესოს. იესომ საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა იმის, თუ როგორ ვიყოთ ყველასთან მშვიდობისმყოფელნი; თუმცა თაყვანისმცემლობაში არ უერთდებოდა მათ, ვინც მის რწმენას არ იზიარებდა. იესოს დედამიწაზე მსახურების პერიოდში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი არსებობდა, მაგალითად, ფარისევლებისა და სადუკეველების სექტები. სინამდვილეში ამ სექტების მიმდევრებმა გაილაშქრეს იესოს წინააღმდეგ და მისი მოკვლაც კი განიზრახეს. იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები, „მორიდებოდნენ . . . ფარისევლებისა და სადუკეველების სწავლებას“ (მათე 16:12).
რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე? ისევ ძალაშია ბიბლიის გაფრთხილება, ვერიდოთ სხვა სარწმუნოებებთან გაერთიანებულ თაყვანისცემას? რა თქმა უნდა! როგორც ზეთი და წყალი ვერ შეერევა ერთმანეთს, ასევე ვერ შეერწყმება განსხვავებული მრწამსი ერთმანეთს. დაფიქრდით, როდესაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე ლოცულობენ, რომელ ღმერთს მიმართავენ? ქრისტიანული სამყაროს სამპიროვან ღმერთს? ინდუსთა ბრაჰმას? ბუდას? ან იქნებ სხვას?
წინასწარმეტყველმა მიქამ დაწერა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ხალხი ყველა ერიდან იტყოდა: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ (მიქა 4:1—4). ამის შედეგი ის იქნებოდა, რომ მთელ დედამიწაზე მშვიდობა და ერთიანობა დამკვიდრდებოდა არა იმიტომ, რომ ყველა სარწმუნოება გაერთიანდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხი ერთ ჭეშმარიტ რელიგიას შეუერთდებოდა.
[სურათი 27 გვერდზე]
მსოფლიოს ძირითადი რელიგიების წარმომადგენლების შეხვედრა, 2008 წელი
[საავტორო უფლება]
REUTERS/Andreas Manolis