არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეიცვალა შეხედულება ცოდვაზე?

როგორ შეიცვალა შეხედულება ცოდვაზე?

როგორ შეიცვალა შეხედულება ცოდვაზე?

„თანამედროვე აზროვნებაში კარგად ვერ მოიკიდა ფეხი პირველი ცოდვის შესახებ ცნებამ, რომ ყველანი კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში მომხდარი უბედურების მსხვერპლი ვართ. იმავეს თქმა შეიძლება ზოგადად ცოდვაზეც. . . შესაძლოა, ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი ცოდვილებად ჩავთვალოთ, მაგრამ დანარჩენები გარემოებისა და დაშვებული შეცდომის მსხვერპლი ვართ“ („უოლ-სტრიტ ჯორნელი“).

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ძირეულად შეიცვალა შეხედულება ცოდვაზე. მაგრამ რა მოხდა, რა შეიცვალა? რა იგულისხმება ცოდვაში, რომელზე საუბარსაც დღეს ბევრი თავს არიდებს?

ამ ცნებაში ორი მხარე იკვეთება: მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა და ცოდვა, რომელსაც თავად ჩვენ ჩავდივართ. პირველი გავლენას ახდენს ჩვენზე, გვინდა ეს თუ არა, მეორეს კი — შეგნებულად ჩავდივართ. მოდი, დაწვრილებით ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.

ახდენს პირველი ცოდვა ჩვენზე გავლენას?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთის ნორმის დარღვევა, ანუ ჩვენი პირველი მშობლების მიერ ჩადენილი პირველი ცოდვა, მთელ კაცობრიობას გადაეცა. შედეგად, ყველანი არასრულყოფილები დავიბადეთ. „ყოველგვარი უმართლობა ცოდვაა“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 იოანე 5:17).

ეკლესიის მრევლის უმეტესობისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის აზრი, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან ცოდვილია შორეულ წარსულში ჩადენილი ცოდვის გამო, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ და არც რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მასზე. თეოლოგი ედუარდ ოუკსი ამბობს, რომ ცოდვის შესახებ სწავლებაზე საუბარი ბევრისთვის „უხერხულია, ბევრი საერთოდ უარყოფს მას, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კი მას სიტყვით აღიარებენ, თუმცა ის არანაირ გავლენას არ ახდენს მორწმუნეთა ცხოვრებაზე“.

იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უჭირს ხალხს პირველი ცოდვის ცნების მიღება, არის ის, რასაც ეკლესიები ასწავლიან მის შესახებ. მაგალითად, ტრიენტის საეკლესიო კრებაზე (1545—1563) სამღვდელოება განსჯიდა მათ, ვინც არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ახალშობილი ცოდვების განსაბანად უნდა მონათლულიყო. ღვთისმეტყველები აცხადებდნენ, რომ, თუ ჩვილი მოუნათლავი დაიღუპებოდა, ვერასოდეს წარსდგებოდა ღვთის წინაშე. კალვინი იმასაც კი ასწავლიდა, რომ ახალშობილი დაბადებისთანავე დაწყევლილი იყო. ის ამბობდა, რომ ჩვილი ბავშვები ღვთისთვის საძულველნი და საზიზღარნი იყვნენ.

ხალხის უმეტესობის აზრით ახალშობილები უმანკოები არიან და არაბუნებრივია ადამიანმა იფიქროს, რომ ისინი მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო უნდა იტანჯებოდნენ. ამიტომ რთული არ არის იმის დანახვა, თუ რატომ გახადა ეკლესიების ასეთმა სწავლებებმა ხალხისთვის მიუღებელი ცნება პირველი ცოდვის შესახებ. ზოგიერთი ეკლესიის წინამძღოლსაც უჭირს იმის თქმა, რომ მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან. მათთვის ეს საკითხი დღემდე დილემად რჩება. მართალია, ის არასოდეს გამხდარა საეკლესიო დოგმა, მაგრამ კათოლიკური ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ მოუნათლავი ჩვილების უმანკო სულები ლიმბოში ანუ ჩვილთა განსაწმენდელში იმყოფებიან. *

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც ხალხს პირველი ცოდვის შესახებ სწავლების მიმართ რწმენა საგრძნობლად შეუსუსტა, ის არის, რომ XIX საუკუნეში ფილოსოფოსებმა, მეცნიერებმა და თეოლოგებმა ეჭვქვეშ დააყენეს ბიბლიაში აღწერილი ისტორიული ფაქტების უტყუარობა. დარვინისეულმა ევოლუციის თეორიამ ბევრისთვის ადამისა და ევას ისტორია მითად აქცია. სწორედ ამის გამო ფიქრობს დღეს ბევრი, რომ ბიბლია ღვთის სიტყვა არ არის. მათი აზრით, ეს წიგნი მხოლოდ იმდროინდელ ტრადიციებს აღწერს და მისი დამწერების აზროვნების ნაყოფია.

რა გავლენა მოახდინა ამან პირველი ცოდვის შესახებ სწავლებაზე? ერთი რამ აშკარაა: თუ მრევლს არწმუნებენ, რომ ადამსა და ევას არასოდეს უცხოვრიათ, გამოდის, რომ პირველი ცოდვაც არავის ჩაუდენია. მათთვისაც კი, ვინც აღიარებს, რომ ადამიანები ცოდვილები ვართ, ცნება პირველი ცოდვის შესახებ მეტი არაფერია, თუ არა იმის ახსნა, რატომ ვართ არასრულყოფილები.

ახლა კი ვისაუბროთ იმ ცოდვებზე, რომლებსაც მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან განსხვავებით შეგნებულად ჩავდივართ. მათაც არ იწონებს ღმერთი?

ნუთუ ეს მართლა ცოდვაა?!

ბევრის აზრით პირად ცოდვად ითვლება ათი მცნების დარღვევა, მაგალითად, მკვლელობა, ღალატი, ვნება, ქორწინებამდელი სექსი, ქურდობა და ასე შემდეგ. წინათ ეკლესიები აქტიურად ასწავლიდნენ, რომ, ვინც ასეთ ცოდვებს სიკვდილამდე არ მოინანიებდა, მარადიულად დაიტანჯებოდა ჯოჯოხეთში. *

ასეთი ბედი რომ არ ეწიოთ, კათოლიკური ეკლესია თავის მრევლს მოუწოდებს, მღვდლის წინაშე აღიარონ ცოდვები, რომელსაც, მათი აზრით, ცოდვების შენდობა შეუძლია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიკეთა უმეტესობისთვის აღსარება, ცოდვების მიტევება, მონანიება და თვითგვემა წარსულის საქმედ იქცა. ბოლო დროს ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ იტალიელ კათოლიკეთა 60 პროცენტზე მეტი აღსარების სათქმელად აღარ მიდის მღვდელთან.

ცხადია, რომ ის, რასაც სამღვდელოება წლების მანძილზე პირად ცოდვად თვლიდა და, რაც, მათი აზრით, ცოდვას მოჰყვებოდა შედეგად, ხალხს ცოდვილი მიდრეკილებების დაძლევაში არ დაეხმარა. მრევლის უმეტესობას აღარ სჯერა, რომ ყველა ცოდვა, რასაც ეკლესია ცოდვად მიიჩნევს, სინამდვილეში ცოდვაა. მაგალითად, ზოგის აზრით ცუდი არაფერია იმაში, თუ ორ დაუქორწინებელ ზრდასრულ ადამიანს სქესობრივი ურთიერთობა აქვს.

შესაძლოა, ასეთი აზროვნება იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ ბევრს გულის სიღრმეში ეჭვი ეპარება, არის თუ არა სინამდვილეში ის ცოდვა, რასაც ეკლესია ცოდვას უწოდებს. ბევრსაც უჭირს იმის დაჯერება, რომ მოსიყვარულე ღმერთს შეუძლია, ცოდვილები მარადიულად აწამოს ჯოჯოხეთში. როგორც ჩანს, ასეთი სკეპტიკური თვალსაზრისი ნაწილობრივ მაინც ხსნის იმას, თუ რატომ აღარ ითვლება ცოდვა სერიოზულ დანაშაულად. თუმცა სხვა ფაქტორებმაც განაპირობა ის, რომ დღეს ხალხი ცოდვას აღარაფრად მიიჩნევს.

ტრადიციული ფასეულობების უარყოფა

ბოლო საუკუნეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა საზოგადოება და ხალხის აზროვნება. ორმა მსოფლიო ომმა, არაერთმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა და გენოციდმა ბევრი დააფიქრა, თუ რამდენად ღირს ტრადიციული ფასეულობებით ცხოვრება. „განა საღ აზრთან ახლოა, დღეს იცხოვრო საუკუნეების წინათ დადგენილი ნორმებით, რომლებიც სრულიად მოძველებულია?!“ — კითხულობენ ისინი. ბევრი რაციონალისტი და მორალისტი თვლის, რომ ეს არალოგიკურია. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოებამ გარკვეულწილად მხრებიდან უნდა მოიხსნას ზნეობრიობის დამამძიმებელი ტვირთი, გათავისუფლდეს ცრურწმენისგან და განათლების მეშვეობით ისწრაფოს ადამიანის უსაზღვრო პოტენციალის რეალიზებისკენ.

ასეთმა აზროვნებამ ჩამოაყალიბა საზოგადოება, რომელიც ღვთისგან ძალიან შორს არის. ევროპის ბევრ ქვეყანაში ერთეულებიღა დადიან ეკლესიებში. იზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, რომელთაც თითქმის აღარავისი და აღარაფრის სწამთ; ბევრი დაუფარავად აკრიტიკებს სარწმუნოების სიმბოლოებს და უაზრობად მიიჩნევს მათ. ისინი ფიქრობენ: „თუკი ადამიანის ბუნებას გარემო და ბუნებრივი გადარჩევა განაპირობებს, მაშინ, რა აზრი აქვს იმას, რომ ზნეობრივი ნორმების დარღვევა სერიოზულ დანაშაულად მივიჩნიოთ?!“

მე-20 საუკუნეში დასავლეთის ქვეყნებში საყოველთაოდ გავრცელებული ზნეობრივი ნორმების გაუფასურებას, სხვა „სიკეთესთან“ ერთად, ეგრეთ წოდებული სექსუალური რევოლუციაც მოჰყვა. სტუდენტების საპროტესტო აქციებმა, ანტი-ტრადიციულმა მოძრაობებმა და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების შემოღებამ გარკვეული როლი ითამაშა ტრადიციული ფასეულობების გადაფასებაში. სულ მალე ამას ბიბლიური ფასეულობების გაუფასურებაც მოჰყვა. ახალმა თაობამ ახალი ზნეობრივი ნორმები შემოიღო და ცოდვას ახლებურად შეხედა. როგორც ერთი მწერალი ამბობს, მას შემდეგ „ერთადერთი კანონი სიყვარულის კანონი გახდა“, რომელიც, ძირითადად, უკანონო სქესობრივი კავშირის შემწყნარებლობაში გამოიხატება.

ყურის მაამებელი ქადაგება

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას ჟურნალი „ნიუსუიკი“ დაუფარავად ამბობს: „ბევრი რელიგიური წინამძღოლი, რომელიც მრევლის მიზიდვაში კონკურენციას უწევს ერთმანეთს, ფიქრობს, რომ დინებას უნდა მიჰყვეს“. მათ ეშინიათ, რომ, თუ თავიანთ მრევლს მკაცრი ზნეობრივი ნორმების დაცვას მოსთხოვენ, დაკარგავენ მათ. ხალხს არ უნდა იმის მოსმენა, რომ აუცილებელია თავმდაბლობა, თვითდისციპლინა და პატიოსნება, რომ უნდა უსმინონ სინდისის ხმას და მოინანიონ ცოდვები. ამიტომ, როგორც „ჩიკაგო სან-ტაიმზი“ იუწყება, ბევრმა ეკლესიამ შემოიღო „დამამშვიდებელი, მრევლისთვის ხელსაყრელი და ნარცისიზმით განმსჭვალული სწავლება, რომელიც საკუთარ მეს აამებს, [და] დაივიწყა სახარება“.

ასეთი აზროვნების შედეგად ხალხს საკუთარი შეხედულებები გაუჩნდა ღმერთზე, ჩამოყალიბდა ეკლესიები, რომლებიც ძირითად აქცენტს ღმერთზე და მის მოთხოვნებზე კი არა, ადამიანსა და მისი ღირსების გრძნობის ამაღლებაზე აკეთებენ. ერთადერთი მიზანი მრევლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გახდა. რელიგიას სწავლებები აღარ შემორჩა. „რა აავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ქრისტიანული ზნეობრივი კანონის გაუქმების შედეგად დარჩა? — ასეთი შეკითხვა იყო დასმული „უოლ-სტრიტ ჯორნელში“. — რა და თანაგრძნობის ეთიკა, რომლის მიხედვითაც, კარგ ადამიანს ყველაფერი ეპატიება“.

ასეთი აზროვნების ნაყოფი ის არის, რომ ნებისმიერი რელიგია, რომელიც ცდილობს, თავის მრევლს აამოს, მისაღები გახდა. როგორც „უოლ-სტრიტ ჯორნელშია“ ნათქვამი, ვისაც ასეთი შეხედულება გააჩნია, „შეუძლია ნებისმიერი მრწამსის მიმდევარი გახდეს, ოღონდ ეს მრწამსი არ უნდა ითხოვდეს მისგან მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას. რელიგიამ უნდა ანუგეშოს და არა განსაჯოს“. თავის მხრივ, ეკლესია მათ „ისეთებს იღებს, როგორებიც არიან“ და არანაირ ზნეობრივ ნორმებს არ უდგენს.

შესაძლოა, ზემოთ მოხსენიებულმა აზრებმა ბიბლიის მკითხველთ პირველ საუკუნეში მოციქულ პავლეს მიერ ნათქვამი წინასწარმეტყველება გაახსენოს: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4).

რელიგიური წინამძღოლები როდესაც შემწყნარებლურად ეკიდებიან ცოდვას, უარყოფენ ცოდვის არსებობას და თავიანთი ეკლესიის წევრების ყურის საამებლად ლაპარაკობენ იმას, რისი მოსმენაც მათ სურთ და არა იმას, რასაც ბიბლია ამბობს, ამით დათვურ სამსახურს უწევენ მრევლს. ასეთი ქადაგება არასწორი და სახიფათოა და ერთ-ერთ ძირითად ქრისტიანულ სწავლებას ამახინჯებს. ცოდვისა და მიტევების შესახებ სწავლება მნიშვნელოვანი ნაწილია სასიხარულო ცნობისა, რომელსაც იესო და მისი მოციქულები ქადაგებდნენ. ამას უკეთ დაგანახვებთ შემდეგი სტატია.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 შესაძლოა, ამ არაბიბლიური სწავლების მიერ გამოწვეული გაუგებრობის გამო ამოიღეს ბოლო დროს კათოლიკური კატეხიზისებიდან სწავლება ლიმბოს შესახებ. იხილეთ ჩარჩო „ეკლესიას თავისი სიტყვები უკან მიაქვს“, გვერდი 10.

^ აბზ. 14 ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება არაბიბლიურია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 6 „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 7 გვერდზე]

ყურის მაამებელ ქადაგებას უვარგისი ნაყოფი გამოაქვს

[ჩარჩო 6 გვერდზე]

„ცოდვა აღარ გვაღელვებს“

„ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს საკითხია. მეტად აღარ მივიჩნევთ თავს ცოდვილებად და აღარ ვთვლით, რომ პატიება გვესაჭიროება. შესაძლოა, ადრე განვიცდიდით იმას, რომ ცოდვას ჩავდიოდით, მაგრამ დღეს ცოდვა აღარ გვაღელვებს. მართალია, ეკლესიამ იცის, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ცოდვას, მაგრამ ამერიკელთა უმეტესობისთვის ცოდვა უკვე არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს და, თუ წარმოადგენს, სერიოზულს — არა“ (ჯონ სტიუდებეიკერი, რელიგიათმცოდნე).

«ბევრი ამბობს: „როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგანაც მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას ვითხოვ, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველა ვცდებით. ამიტომ საშუალო მიღწევებით ვკმაყოფილდები“. ვპოულობთ ჩვენთვის მისაღებ ზნეობრივ დონეს, ასე ვთქვათ, საშუალო ფენის საშუალო დონეს და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად გამოგვდის. კარგი მეზობლები ვართ და ყველას კარგად ვექცევით. მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობთ სერიოზულ ცოდვებზე“» (სამხრეთის ბაპტისტთა თეოლოგიური სემინარიის ხელმძღვანელი, ალბერტ მოლერი).

„საზოგადოება დღეს უკვე იწონებს იმას, რასაც ადრე მიუღებლად მიიჩნევდა [მაგალითად, ეგრეთ წოდებულ შვიდ სასიკვდილო ცოდვას]: მშობლები თავიანთ შვილებს ჩააგონებენ, ამაყები იყვნენ, რათა პირადი ღირსების გრძნობა ჰქონდეთ; ფრანგ მზარეულთა ერთმა ჯგუფმა ვატიკანს თხოვნით მიმართა, რომ გაუმაძღრობა ცოდვად არ ჩათვალონ; შური აღძრავს ბევრს, გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებით დაინტერესდეს, რათა მათსავით იცხოვრონ; ვნების აღმძვრელი სცენები სარეკლამო ინდუსტრიის სულისჩამდგმელია; მრისხანება გამართლებულად ითვლება, თუ გჩაგრავენ. ხშირად მზად ვარ, ყველაფერზე ხელი ავიღო, ოღონდ ვიზარმაცო“ (ნენსი გიბზი, ჟურნალი „ტაიმი“).

[სურათი 5 გვერდზე]

ბევრისთვის ადამი და ევა ზღაპრის პერსონაჟები არიან