არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამკურნალო ბალზამი გალაადიდან

სამკურნალო ბალზამი გალაადიდან

სამკურნალო ბალზამი გალაადიდან

წიგნ „დაბადებაში“ აღწერილია ცნობილი ისტორია, თუ როგორ მიჰყიდეს იოსები ძმებმა ეგვიპტეში მიმავალ ისმაელელ ვაჭრებს. ამ ბიბლიურ ისტორიაში მოთხრობილია, რომ მათი ქარავანი გალაადიდან მოდიოდა და ეგვიპტეში სავაჭრო საქონელთან ერთად აქლემებით ბალზამიც მიჰქონდათ (დაბადება 37:25). აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდად აფასებდნენ გალაადის ბალზამს, რომელსაც განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები ჰქონდა.

ძვ. წ. VI საუკუნეში დანაღვლიანებულმა წინასწარმეტყველმა იერემიამ იკითხა: „ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში?!“ (იერემია 8:22). რატომ დასვა მან ასეთი კითხვა? რა არის ბალზამი? დღეს თუ არსებობს სამკურნალო ბალზამი?

ბალზამი ბიბლიურ დროში

ბალზამი ზოგადი სახელწოდებაა არომატული და, ხშირ შემთხვევაში, ზეთისა და ფისის შემცველი ნივთიერებისა, რომელსაც სხვადასხვა მცენარეებისა და ბუჩქებისგან იღებენ. ძველად ბალზამი, რომელსაც ხშირად საკმევლებისა და სურნელებისთვის იყენებდნენ, ახლო აღმოსავლეთში ფუფუნების საგანი იყო. ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შემდეგ ის მოხსენიებულია იმ ნივთიერებებს შორის, რომლებსაც წმინდა საცხებლისა და საკმევლის დასამზადებლადაც იყენებდნენ კარავში მსახურების შესასრულებლად (გამოსვლა 25:6; 35:8). სხვა უამრავ საჩუქართან ერთად საბას დედოფალმა მეფე სოლომონს ბალზამიც მიართვა (1 მეფეები 10:2, 10). სანამ სპარსეთის მეფე ახაშვეროშის წინაშე წარსდგებოდა, ესთერს „ექვსი თვე ბალზამით“ ზელდნენ (ესთერი 1:1; 2:12).

მართალია, ახლო აღმოსავლეთში ბალზამი ბევრ ადგილას იყო, მაგრამ აღთქმულ მიწაზე ბალზამის სამშობლოდ გალაადი ითვლებოდა, რომელიც მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით მდებარეობდა. პატრიარქი იაკობი ბალზამს „მიწის საუკეთესო ნაყოფად“ მიიჩნევდა და ეგვიპტეშიც კი გააგზავნა საჩუქრად (დაბადება 43:11). წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ბალზამი იმ სავაჭრო საქონელს შორის მოიხსენია, რომელსაც იუდა და ისრაელი ტვიროსში ყიდდნენ (ეზეკიელი 27:17). ბალზამი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით იყო ცნობილი. უძველეს ლიტერატურაში ხშირად არის მოხსენიებული ამ მალამოს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები, განსაკუთრებით კი ჭრილობების მოშუშების უნარი.

ბალზამი სულიერად დასნეულებული ერისთვის

მაშ, რატომ იკითხა იერემიამ: „ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში?!“ ეს რომ გავიგოთ, ისრაელის იმ დროინდელ ისტორიას უნდა გადავხედოთ. წინასწარმეტყველ ესაიას ცოცხლად ჰქონდა აღწერილი ამ ერის არასახარბიელო სულიერი მდგომარეობა: „თავიდან ფეხისგულამდე საღი ადგილი არ შეგრჩენიათ. თქვენი ჭრილობები, დაბეჟილობა და იარები არავის გამოურწყავს, არც შეუხვევია“ (ესაია 1:6). ნაცვლად იმისა, რომ გაეცნობიერებინათ, რა სავალალო მდგომარეობაში იყვნენ და „განკურნება“ ეძებათ, ისრაელები ჯიუტად მიჰყვებოდნენ ძველ გზას. მოგვიანებით იერემიას ისღა დარჩენოდა, რომ ეგლოვა: „ისინი იეჰოვას სიტყვას უარყოფენ და რაღა სიბრძნე აქვთ?!“. თუ დაუბრუნდებოდნენ იეჰოვას, ის განკურნავდა მათ. ასე რომ, იერემიას კითხვა, „ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში?!“, მართლაც დასაფიქრებელი იყო! (იერემია 8:9).

შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქვეყნიერება „ჭრილობებით, დაბეჟილობებითა და იარებით“ იტანჯება. ხალხს სიღარიბე, უსამართლობა, ეგოიზმი და ბოროტება უმწარებს სიცოცხლეს. და ეს იმიტომ, რომ ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული განელდა (მათე 24:12; 2 ტიმოთე 3:1—5). ბევრს ავიწროებენ რასის, ეროვნებისა და ასაკის გამო. მათ მდგომარეობას შიმშილი, ავადმყოფობა, ომი და სიკვდილი კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის. იერემიას მსგავსად ბევრ ღვთისმოშიშ ადამიანს აინტერესებს, არის თუ არა „ბალზამი გალაადში“, რითაც ემოციური თუ სულიერი ჭრილობების მოშუშებას შეძლებდნენ მათთვის, ვინც დღეს იტანჯება.

სასიხარულო ცნობა, რომელიც კურნავს

იესოს დედამიწაზე ყოფნისასაც ბევრ თავმდაბალ ადამიანს ებადებოდა მსგავსი კითხვა და პასუხსაც იღებდა. ახ. წ. 30 წლის დასაწყისში იესომ ნაზარეთის სინაგოგაში ესაიას გრაგნილიდან შემდეგი სიტყვები ამოიკითხა: „იეჰოვამ მცხო თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად. მან გამომგზავნა გულგატეხილთათვის ჭრილობების შესახვევად“ (ესაია 61:1). შემდეგ იესომ დასძინა, რომ ეს წინასწარმეტყველება მას ეხებოდა, როგორც მესიას, რომელსაც ხალხისთვის მანუგეშებელი ცნობა უნდა გადაეცა (ლუკა 4:16—21).

მთელი თავისი მსახურების განმავლობაში იესო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას დიდი მონდომებით ქადაგებდა (მათე 4:17). მთაზე ქადაგებისას ის დაჰპირდა დაჩაგრულთ, რომ მათი მდგომარეობა შეიცვლებოდა: „ბედნიერნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან იცინებთ“ (ლუკა 6:21). იესო აცხადებდა, რომ ღვთის სამეფო მოვიდოდა და ამ მანუგეშებელი ცნობით გულგატეხილებს „ჭრილობებს უხვევდა“.

სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა დღესაც ბევრს ანუგეშებს (მათე 6:10; 9:35). ამაზე როჯერისა და ლილიანის მაგალითიც მოწმობს. 1961 წლის იანვარში მათ პირველად გაიგეს, რომ ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება მორჩილ ადამიანებს და ეს მათ გულებს მალამოსავით დაედო. „ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ სიხარულისგან სამზარეულოში ცეკვა დავიწყე“, — იხსენებს ლილიანი. როჯერი, რომელიც ამ დროისთვის უკვე ათი წელი იყო ნაწილობრივ პარალიზებული, დასძენს: „ძალიან გავიხარე და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა იმ შესანიშნავი იმედის წყალობით, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა და ტკივილსა და ავადმყოფობას ბოლო მოეღება“ (გამოცხადება 21:4).

1970 წელს მათ თერთმეტი წლის ბიჭი დაეღუპათ. მაგრამ ისინი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილან. როჯერმა და ლილიანმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმუნი 147:3). მათ ეს ტკივილი მომავლის იმედმა გადაატანინა. თითქმის 50 წელია, რაც ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის წყალობით მათ გულებში სიმშვიდე და კმაყოფილებაა დასადგურებული.

მომავალი განკურნება

არის დღეს „ბალზამი გალაადში“? დიახ, დღესაც არსებობს სულიერი ბალზამი. იმ ნუგეშსა და იმედს, რომელსაც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იძლევა, გულგატეხილთა „განკურნება“ შეუძლია. გსურთ ასეთი განკურნება? მაშინ ფართოდ გაუღეთ გულის კარი ღვთის მანუგეშებელ სიტყვას და თქვენი ცხოვრების კრედოდ აქციეთ ის. მილიონობით ადამიანმა ეს ნაბიჯი უკვე გადადგა.

ამ სულიერი ბალზამით განკურნება წარმოდგენას გვიქმნის იმ გრანდიოზულ განკურნებაზე, რომელიც მომავალში გველის. ძალიან მალე დადგება დრო, როცა იეჰოვა ღმერთი ხალხებს განკურნავს და მარადიულ სიცოცხლეს მისცემს. მაშინ „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“. მართლაც რომ არის „ბალზამი გალაადში“! (გამოცხადება 22:2; ესაია 33:24).

[სურათი 23 გვერდზე]

ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას დღესაც აქვს გულგატეხილთა განკურნების ძალა