არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმართლე ცოდვაზე

სიმართლე ცოდვაზე

სიმართლე ცოდვაზე

განა შეიძლება ავადმყოფმა დაამტკიცოს, რომ სიცხე არა აქვს, თუ თერმომეტრს გატეხს?! რა თქმა უნდა, არა! ასევე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბევრი უარყოფს ღვთის თვალსაზრისს ცოდვაზე, არ ნიშნავს, რომ ცოდვა არ არსებობს. ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, ბევრ რამეს ვიგებთ ამ საკითხზე. რას ასწავლის სინამდვილეში ბიბლია ცოდვაზე?

ყველა ვცოდავთ

დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ მოციქული პავლე ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ვერ აკეთებდა კარგს, რის გაკეთებაც სურდა, და აკეთებდა ცუდს, რის გაკეთებაც არ სურდა (რომაელები 7:19). თუ ჩვენს გულში ჩავიხედებით, ვაღიარებთ, რომ ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით. შესაძლოა, გვსურს ათი მცნების ან სხვა ნორმების თანახმად ცხოვრება, მაგრამ გვინდა თუ არა, ყველანი შეცდომებს ვუშვებთ. ხშირად შეგნებულად კი არა, სისუსტის გამო ვიქცევით არასწორად. რატომ ხდება ასე? პავლემ ამ კითხვაზე შემდგი პასუხი გასცა: „თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ამას მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში მკვიდრობს“ (რომაელები 7:20).

პავლეს მსგავსად ჩვენც გვაქვს თანდაყოლილი სისუსტეები, რაც იმაზე მოწმობს, რომ ცოდვა და არასრულყოფილება მემკვიდრეობით მივიღეთ. „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“, — თქვა მოციქულმა. როგორ მოხდა ეს? პავლემ დასძინა: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 3:23; 5:12).

თუმცა ბევრი უარყოფს იმ აზრს, რომ პირველი წინაპრების მიერ ჩადენილმა ცოდვამ ღმერთს ჩამოგვაშორა და სრულყოფილება დაგვაკარგვინა, ბიბლია სწორედ ამას გვასწავლის. იესომ თავისი სიტყვების დასამტკიცებლად „დაბადების“ წიგნის პირველი თავებიდან მოიყვანა ციტატები, რითაც აჩვენა, რომ მას ეჭვი არ ეპარებოდა ადამისა და ევას არსებობაში (დაბადება 1:27; 2:24; 5:2; მათე 19:1—5).

ბიბლიის ერთ-ერთი უმთავრესი სწავლება ის არის, რომ იესო დედამიწაზე მოვიდა ცოდვისგან მათ სახსნელად, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა (იოანე 3:16). ჩვენი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, ვისარგებლებთ თუ არა იმით, რასაც იეჰოვა მადლიერ ადამიანებს სთავაზობს იმ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რომელსაც სხვაგვარად თავს ვერ დააღწევენ. მაგრამ, თუ კარგად არ გვეცოდინება, რას თვლის ღმერთი ცოდვად, ვერ გავიგებთ და ვერ დავაფასებთ იმას, რაც მან ცოდვისგან ჩვენ სახსნელად გააკეთა.

რატომ გახდა საჭირო იესოს მსხვერპლად შეწირვა?

იეჰოვამ პირველი ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის შექმნა. მაგრამ, თუ ადამი ღმერთს არ დაემორჩილებოდა, ამ ბრწყინვალე შესაძლებლობას დაკარგავდა. ადამი ეურჩა ღმერთს და ცოდვილი გახდა (დაბადება 2:15—17; 3:6). ის ღვთის ნების წინააღმდეგ წავიდა, სრულყოფილი ადამიანისთვის შეუფერებლად მოიქცა და ღმერთთან ურთიერთობა გაიფუჭა. ადამმა დაარღვია ღვთის კანონი ანუ ცოდვა ჩაიდინა და მოკვდავი გახდა. სამწუხაროდ, მისი ყველა შთამომავალი, მათ შორის ჩვენც, ცოდვილები დავიბადეთ და სიკვდილს ვერავინ გავექცევით. რატომ?

ერთი მარტივი მიზეზის გამო. არასრულყოფილ მშობლებს სრულყოფილი შვილები ვერ ეყოლებოდათ. ადამის ყველა შთამომავალი ცოდვილი იბადება და, როგორც მოციქული პავლე ამბობს, „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). თუმცა ამ მუხლის მეორე ნაწილი გვაიმედებს: „ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესომ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლის მეშვეობით მორჩილ და მადლიერ ადამიანებს ადამისეული ცოდვისგან განწმენდის შესაძლებლობა მისცა (მათე 20:28; 1 პეტრე 1:18, 19). * რისკენ უნდა აღგვძრას ამან?

ქრისტეს სიყვარულით „ვართ აღძრულნი“

მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით ზემოთ დასმულ კითხვას შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „ჩვენ იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორინთელები 5:14, 15). თუ ადამიანს ესმის, რომ იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს ცოდვის შედეგებისგან გათავისუფლება შეუძლია და მას მადლიერების გამოხატვა სურს, უნდა შეეცადოს, ღვთის ნების შესაბამისად იცხოვროს. ის უნდა გაეცნოს ღვთის მოთხოვნებს, ბიბლიის ნორმების თანახმად განსწავლოს საკუთარი სინდისი და ამ ნორმების შესაბამისად იცხოვროს (იოანე 17:3, 17).

ცოდვა იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობას გვიფუჭებს. როდესაც მეფე დავითმა გააცნობიერა, რამდენად სერიოზული ცოდვა ჩაიდინა ბათ-შებასთან მრუშობითა და მისი ქმრის მოკვლით, უდავოა, ძალიან შერცხვებოდა. მაგრამ მართებული იყო, რომ ყველაზე მეტად მას ის აწუხებდა, რომ ღმერთს შესცოდა. გულმოდრეკილმა დავითმა იეჰოვას წინაშე აღიარა: „შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე, ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში“ (ფსალმუნი 51:4). ცდუნების წინაშე მყოფ იოსებს სინდისის ხმამ ასეთი რამ ათქმევინა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბადება 39:9).

ასე რომ, სექსთან, პატიოსნებასთან, მორჩილებასთან, თაყვანისმცელობასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული ღვთის კანონების დარღვევამ შეიძლება მარტო სახელი კი არ გაგვიტეხოს და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული გაგვხადოს, რადგან, შესაძლოა, მიღებული ნორმები დავარღვიეთ, ღმერთთან ურთიერთობაც გაგვიფუჭოს. თუ ცოდვას შეგნებულად ჩავდივართ, ღვთის მტრები ვხდებით. ამ საკითხს დიდი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ (1 იოანე 3:4, 8).

რა დაემართა ცოდვას? ცოდვას არაფერი დამართვია. უბრალოდ, ხალხმა მას სხვა სახელები დაარქვა იმ იმედით, რომ ნაკლებად სერიოზულად მოგვეჩვენოს. ბევრმა გაიუხეშა სინდისი, ბევრიც აღარ რეაგირებს მის ხმაზე. მაგრამ, ვისაც ღვთის კეთილგანწყობის მიღება სურს, არ უნდა დაუშვას, რომ ასეთი რამ დაემართოს. როგორც დავინახეთ, ცოდვის საზღაური მხოლოდ შელახული თავმოყვარეობა და უხერხულობა კი არა, სიკვდილიცაა. ცოდვა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს.

საბედნიეროდ, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით ცოდვები მოგვეტევება, თუ გულწრფელად მოვინანიებთ და აღარ გავიმეორებთ მათ. „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც უკანონო საქმეები ეპატიათ და ვისი ცოდვებიც დაიფარა. — დაწერა პავლემ. — ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“ (რომაელები 4:7, 8).

[სქოლიო]

^ აბზ. 10 სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ შეუძლია იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს მორჩილი ადამიანების ხსნა, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 47—54. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]

ეკლესიას თავისი სიტყვები უკან მიაქვს

კათოლიკური ეკლესიის მრევლის უმეტესობისთვის ლიმბოს შესახებ ცნება ყოველთვის ბუნდოვანი იყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად მოიხსენიებდნენ მას და კატეხიზისებშიც მეტად აღარ გვხვდებოდა. 2007 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად მოაწერა ხელი ლიმბოს „გარდაცვალების შესახებ ცნობას“, რომელშიც ეწერა: „[არსებობს] თეოლოგიური და ლიტურგიული საფუძველი გვჯეროდეს, რომ მოუნათლავ ჩვილთა სულები გადარჩებიან და მარადიულ ნეტარებაში იქნებიან“ („საერთაშორისო თეოლოგიური კომისია“).

რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება და რატომ წაიღო ეკლესიამ თავისი სიტყვები უკან? როგორც ფრანგი ჟურნალისტი ანრი ტენკი ამბობს, ეკლესიამ საკუთარ თავს უფლება მისცა, გათავისუფლებულიყო „იმ მძიმე მემკვიდრეობისგან, რომელსაც შუა საუკუნეებიდან მეოცე საუკუნემდე ხალხის მანიპულირების მიზნით დიდი მონდომებით იცავდა. ლიმბოს სწავლებით ეკლესია მშობლებს აიძულებდა, რაც შეიძლება მალე მოენათლათ შვილები“. ამ სწავლების დასამარებამ სხვა კითხვები წამოჭრა.

ბიბლიური სწავლებაა თუ ადამიანის მიერ მოგონილი? ისტორიიდან ვიგებთ, რომ ლიმბოს შესახებ სწავლება XII საუკუნეში განსაწმენდელის თაობაზე თეოლოგიური დებატების შედეგად ჩამოყალიბდა. კათოლიკური ეკლესია ასწავლიდა, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სული სიცოცხლეს განაგრძობს. ამის გამო საჭირო გახდა, ეკლესიას გამოეძებნა ადგილი მოუნათლავ ბავშვთა სულებისთვის, რომლებიც ზეცაში ვერ წავიდოდნენ, თუმცა ჯოჯოხეთში წასვლასაც არ იმსახურებდნენ. ასე გაჩნდა იდეა ლიმბოს შესახებ.

ბიბლია არ ასწავლის იმას, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სული სიცოცხლეს განაგრძობს. პირიქით, ის არაორაზროვნად ამბობს, რომ ადამიანის სული უკვდავი არ არის და სული, რომელიც სცოდავს „ამოიძირკვება“ და „მოკვდება“ (საქმეები 3:23; ეზეკიელი 18:4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). რადგან სული უკვდავი არ არის, შეუძლებელია, ლიმბო არსებობდეს. გარდა ამისა, ბიბლია გვიხსნის, რომ მკვდრებმა არაფერი იციან და მათ მდგომარეობას ძილს ადარებს (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 11:11—14).

ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ქრისტიანი მშობლების შვილებს ღმერთი წმინდებს უწოდებს (1 კორინთელები 7:14). თუ ჩვილების სახსნელად ნათლობა აუცილებელია, ასეთი განაცხადი აზრს მოკლებული იქნებოდა.

სწავლება ლიმბოს შესახებ შეურაცხყოფდა ღმერთს, რადგან მას სამართლიან და მოსიყვარულე მამად კი არა, ტირანად წარმოაჩენდა (კანონი 32:4; მათე 5:45; 1 იოანე 4:8). ასე რომ, გასაკვირი არ არის, თუ რატომ იყო ყოველთვის გულწრფელი ქრისტიანებისთვის ეს არაბიბლიური სწავლება არალოგიკური.

[სურათები 9 გვერდზე]

თუ ღვთის სიტყვის თანახმად ვიცხოვრებთ, ღმერთთან და მოყვასთან კარგი ურთიერთობა გვექნება