ხომ არ დაგვავიწყდა, რა არის ცოდვა?
ხომ არ დაგვავიწყდა, რა არის ცოდვა?
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქრისტიანული ეკლესიის მრევლი ხშირად ისმენდა, როგორ მკაცრად განსჯიდნენ მათი მოძღვრები ეგრეთ წოდებულ შვიდ სასიკვდილო ცოდვას — ვნებას, გაუმაძღრობას, სიხარბეს, სიზარმაცეს, მრისხანებას, შურსა და სიამაყეს. ხშირ შემთხვევაში მქადაგებელი ცოდვის მძიმე შედეგებზე საუბრობდა და მსმენელებს მოუწოდებდა, მოენანიებინათ. ერთ-ერთი სტატიის ავტორი ამბობს: „დღეს მქადაგებლები, ძირითადად, არაფერს ამბობენ ცოდვის მწარე რეალობაზე და მხოლოდ იმ თემებზე საუბრობენ, რომლებიც მრევლს აამებს“.
მუდმივი საგაზეთო მიმომხილველებიც ამ ტენდენციაზე საუბრობენ. აქ მოყვანილია რამდენიმე ციტატა ჟურნალ-გაზეთებიდან:
▪ „მონანიება, მიტევება და ის, რაც ადრე ცოდვად ითვლებოდა, დღეს მოძველებულად მიიჩნევა, ისეთი საუბარი კი, რომელიც ხალხს პირადი ღირსების გრძნობასა და თავმოყვარეობას უმაღლებს, პოპულარულია“ (Star Beacon, აშტაბიულა, ოჰაიო).
▪ „ხალხმა დაკარგა იმის შეგრძნება, რომ ცოდვილები არიან“ (Newsweek).
▪ «იმას კი აღარ ვკითხულობთ, „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“, არამედ, „რის მოცემა შეუძლია ჩვენთვის ღმერთს“» (Chicago Sun-Times).
დღევანდელი საზოგადოება, რომელიც მრავალფეროვანი და შემწყნარებელია, ზნეობრივ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას ერიდება. გვეუბნებიან რომ, სხვისი განსჯა არაკორექტულია. დღეს უდიდეს ცოდვად სწორედ სხვისი საქციელის განსჯას მიიჩნევენ. ჩამოყალიბდა ასეთი აზროვნება: „შესაძლოა, რომელიმე მოსაზრება თქვენს შემთხვევაში ამართლებს, მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ სხვას თავს მოახვიოთ ის. ხალხს განსხვავებული ფასეულობები აქვს. არავის აქვს უფლება, ამტკიცოს, რომ მხოლოდ მისი მოსაზრებაა სწორი. თქვენი ფასეულობები სხვების ფასეულობებზე არაფრით უპირატესობს“.
ასეთმა აზროვნებამ საზოგადოებაში სასაუბრო ლექსიკაც კი შეცვალა. სიტყვა „ცოდვას“ სერიოზულ კონტექსტში აღარც კი მოიხსენიებენ. ბევრისთვის ეს საკითხი ხუმრობის საგნად იქცა. ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებას, მრუშობასა და ჰომოსექსუალიზმს სერიოზულ ცოდვებად აღარ მიიჩნევენ.
აშკარაა, რომ ხალხის თვალსაზრისი იმაზე, თუ რა არის ცოდვა და რა — არა, შეიცვალა. საკითხავი ის არის, რატომ და როგორ შეიცვალა ხალხის შეხედულებები. აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე?