არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავეხმაროთ მეგობარს, რომელიც ავად არის?

როგორ დავეხმაროთ მეგობარს, რომელიც ავად არის?

როგორ დავეხმაროთ მეგობარს, რომელიც ავად არის?

ყოფილხართ ოდესმე ისეთ მდგომარეობაში, რომ არ იცოდით, რა გეთქვათ, რით გენუგეშებინათ ავადმყოფი მეგობარი? მიუხედავად ამისა, დარწმუნებული იყავით, რომ შეძლებთ მეგობრის გამხნევებას. თუმცა, ამის მზა რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს. გასათვალისწინებელია კულტურული თუ პიროვნული სხვაობები. იმან, რამაც შეიძლება ერთი ადამიანი გაამხნევოს, მეორეზე შეიძლება საერთოდ არ იმოქმედოს. ამასთანავე, ავადმყოფის მდგომარეობა და გრძნობები შეიძლება არასტაბილური და ცვალებადიც იყოს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი წარმოიდგინოთ მის ადგილას და გაიგოთ, სინამდვილეში, რა სურს და რა სჭირდება მას. როგორ შეძლებთ ამის გაკეთებას? ქვემოთ მოცემულია ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებული რამდენიმე რჩევა.

იყავით კარგი მსმენელი

ბიბლიური პრინციპები:

„ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19).

„ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 7).

▪ როდესაც ავადმყოფ მეგობარს ინახულებთ, ყურადღებით მოუსმინეთ და თანაგრძნობა გამოავლინეთ. ნუ იჩქარებთ რჩევის მიცემას და ნუ იფიქრებთ, რომ ყოველთვის გამოსავალი უნდა შესთავაზოთ. თუ დაუფიქრებლად ილაპარაკებთ, შეიძლება ისეთი რამ თქვათ, რაც მეგობარს გულს ატკენს. შესაძლოა, მას თქვენგან რჩევა კი არა, გულისყურით მოსმენა სჭირდება.

შესაძლებლობა მიეცით მეგობარს, რომ თავისუფლად გამოხატოს გრძნობები. არ შეაწყვეტინოთ საუბარი და არ გააუბრალოოთ მისი მდგომარეობა. მოერიდეთ გაცვეთილ ფრაზებს. «სოკოვანი მენინგიტი მქონდა, რის გამოც მხედველობა დავკარგე, — ამბობს ემილიო. * — ზოგჯერ, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მეგობრები შემდეგი სიტყვებით ცდილობენ ჩემს ნუგეშისცემას: „მარტო შენ არა გაქვს პრობლემები. ზოგი შენზე უარეს მდგომარეობაშია“. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ჩემი მდგომარეობის გაუბრალოებით კი არ მამხნევებენ, დეპრესიაში მაგდებენ».

ყველანაირად ეცადეთ, რომ თქვენთან გულახდილი საუბრისას მეგობარს არ ჰქონდეს იმის შიში, რომ გააკრიტიკებთ. თუ გეტყვით, რომ ეშინია, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ „ნუ გეშინია“, თანაუგრძნეთ. „როცა ჩემი მდგომარეობა მაშინებს და ვტირი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთს აღარ ვენდობი“, — ამბობს ელიანა, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ეცადეთ, თქვენი მეგობარი ისეთად მიიღოთ, როგორიც არის და არა ისეთად, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ის შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდა და უწინდელთან შედარებით სხვაგვარად რეაგირებს. იყავით მომთმენი. მაშინაც კი მოუსმინეთ, როცა ის ერთსა და იმავეს არაერთხელ გიყვებათ (1 მეფეები 19:9, 10, 13, 14). შესაძლოა მისთვის აუცილებელია, გაგიზიაროთ ის, რასაც განიცდის.

იყავით თანამგრძნობი და ტაქტიანი

ბიბლიური პრინციპები:

„მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელები 12:15).

„ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

▪ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მეგობრის ადგილზე. თუ ის ოპერაციისთვის ემზადება, მკურნალობის კურსს გადის ან ანალიზების პასუხს ელოდება, შეიძლება დაძაბული და მგრძნობიარე იყოს. ეცადეთ, შეამჩნიოთ ეს და მოერგოთ მის ცვალებად განწყობას. ამ დროს შეიძლება არ იყოს მართებული ბევრი შეკითხვის დასმა, განსაკუთრებით კი პირადული კითხვების.

„მიეცით შესაძლებლობა ავადმყოფებს თავიანთ ავადმყოფობაზე მაშინ ილაპარაკონ, როცა თავად სურთ ეს და ნუ ჩაეძიებით, თუ რამის თქმა არ უნდათ, — ამბობს ფსიქოლოგი ანა კატალიფოზი. — როცა საუბრის ხასიათზე არიან, მათთვის სასურველ საკითხებზე ისაუბრეთ. მაგრამ, როცა საუბრის ხასიათზე არ არიან, მეგობრულად ჩაჰკიდეთ ხელი და ჩუმად იყავით. ეს შეიძლება ნამდვილად გამამხნევებელი აღმოჩნდეს მათთვის ან შეიძლება მიხვდეთ, რომ ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, ის არის, რომ ვინმესთან იტირონ“.

შეინახეთ მეგობრის საიდუმლო. მწერალი როზან კალიკი, რომელსაც ორჯერ ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე, წერს: „როდესაც პაციენტის ავადმყოფობის შესახებ იგებთ, ეს კონფიდენციალურ ინფორმაციად უნდა ჩათვალოთ. თუ ავადმყოფი და მისი ოჯახის წევრები ამის გაკეთებას არ გთხოვენ, არ გაავრცელოთ ინფორმაცია. ჰკითხეთ პაციენტს, რა ინფორმაციის გახმაურება სურს“. ედისონი, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ამბობს: „მეგობარმა გამივრცელა ხმა, რომ კიბო მქონდა და დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებდი. ამ დროს, მართლაც, ახალი ნაოპერაციები ვიყავი. ვიცოდი, რომ სიმსივნე მქონდა, მაგრამ ბიოფსიის პასუხი ჯერ უცნობი იყო. აღმოჩნდა, რომ მეტასტაზები არ იყო წასული, მაგრამ გავრცელებულმა ხმამ თავისი გააკეთა. სხვების დაუფიქრებელმა კომენტარებმა და კითხვებმა ჩემი ცოლი გაანადგურა“.

თუ მეგობარი არჩევნის წინაშე დგას, რომელი მკურნალობის მეთოდი აირჩიოს, ნუ იჩქარებთ და ნუ ეტყვით, თქვენ რას გააკეთებდით, მის ადგილას რომ ყოფილიყავით. მწერალი ლორი ჰოუპი, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, ამბობს: „სანამ რაიმე სტატიას ან ახალ ინფორმაციას გაუგზავნით პაციენტს, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა ან ახლა აქვს, ჯერ ჰკითხეთ, სურს ასეთი ინფორმაციის მიღება თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენმა ასეთმა სიკეთემ შეიძლება მეგობარს გული ატკინოს და ამის შესახებ ვერც ვერასდროს გაიგოთ“. ყველას არ სურს, რომ მკურნალობის მეთოდების შესახებ ზღვა ინფორმაცია მიიღოს.

ძალიან ახლო მეგობრებიც რომ იყოთ, ეცადეთ სტუმრობა არ გაგიგრძელდეთ. მართალია, მისთვის მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ნახვა, მაგრამ, შესაძლოა, გადაღლილი და ძალაგამოცლილია, რის გამოც აღარა აქვს თქვენთან საუბრისა თუ თქვენი მოსმენის ხალისი. მაგრამ ნურც იმას აგრძნობინებთ, რომ ერთი სული გაქვთ, როდის წამოხვალთ. მეგობარმა უნდა იგრძნოს, რომ ზრუნავთ მასზე.

ტაქტიანად მოიქცევით, თუ გაწონასწორებული იქნებით და განსჯის უნარს გამოავლენთ. მაგალითად, სანამ ავადმყოფ მეგობარს საჭმელს მოუმზადებთ ან ყვავილებს მიუტანთ, ჯერ გაარკვიეთ ალერგია ხომ არა აქვს რამეზე. თუ ავად ხართ, დავუშვათ სურდო გაქვთ, სიყვარულის გამოვლენა იქნებოდა, არ მოგენახულებინათ მეგობარი სანამ არ გამოკეთდებოდით.

იყავით გამამხნევებელი

ბიბლიური პრინციპები:

„ბრძენის ენა კურნავს“ (იგავები 12:18).

„თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“ (კოლოსელები 4:6).

▪ თუ მეგობრის მიმართ დადებითი განწყობა გექნებათ, ეს თქვენს საუბარსა და მოქმედებაში აისახება. გახსოვდეთ, რომ თქვენი მეგობარი ისევ ის ადამიანია და ისევ ის თვისებები აქვს, რის გამოც შეგიყვარდათ. ყურადღება გაამახვილეთ მასზე და არა მის დაავადებაზე. თუ მას აგრძნობინებთ, რომ უმწეოა, შესაძლოა, იმედი გადაიწუროს. რობერტა, რომელსაც გენეტიკური ძვლის დაავადების იშვიათი ფორმა აქვს, ამბობს: „მომექეცით, როგორც ნორმალურ ადამიანს. მართალია, უძლური ვარ, მაგრამ ჩემი შეხედულებები და სურვილები გამაჩნია. ნუ მიყურებთ სიბრალულით. არ დამელაპარაკოთ ისე, თითქოს გონებადაქვეითებული ვიყო“.

გახსოვდეთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, თუ რას ამბობთ, არამედ იმასაც, თუ როგორ ამბობთ. ავადმყოფზე თქვენმა ხმის ტონმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა. ერნესტომ გაიგო, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მალე მას სხვა ქვეყნიდან მეგობარმა დაურეკა და უთხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ შენ კიბო გაქვს!“ ერნესტო იხსენებს: „მეგობარმა ისეთი ტონით მითხრა სიტყვები შენ და კიბო, რომ ტანში გამაჟრჟოლა და შიშმა ამიტანა“.

მწერალ ლორი ჰოუპსს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს: „ავადმყოფმა შეიძლება სხვადასხვაგვარად აღიქვას კითხვა: როგორა ხარ? შემკითხველის ტონმა, სახის გამომეტყველებამ თუ ჟესტებმა, იმან, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს მასთან და, რაღა თქმა უნდა, იმან, თუ როდის უსვამს ამ კითხვას, შეიძლება ავადმყოფი ან ანუგეშოს, ან გული ატკინოს, ან კიდევ შიშით დაზაფროს“.

ავადმყოფ მეგობარს ცხადია სურს, რომ მასზე ზრუნავდნენ, მისი ესმოდეთ და მას პატივს სცემდნენ. ამიტომ დაარწმუნეთ, რომ თქვენთვის ეს პიროვნება სულერთი არ არის და, რომ დახმარებას ყოველთვის აღმოუჩენთ. როუზიმერი, რომელსაც ტვინში სიმსივნე აქვს, ამბობს: „ჩემთვის ძალიან გამამხნევებელი იყო, როცა მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ვუყვარდი და ნებისმიერ ვითარებაში ჩემ გვერდით იქნებოდნენ“ (იგავები 15:23; 25:11).

მზად იყავით დახმარებისთვის

ბიბლიური პრინციპი:

„გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:18).

▪ თქვენი მეგობრის მოთხოვნილებები მკურნალობის დროს შეიძლება სულ სხვაგვარი იყოს, ვიდრე მაშინ, როცა დიაგნოზი დაუსვეს. ერთი რამ ცხადია, მთელი ამ დროის განმავლობაში ის შეიძლება დახმარებას საჭიროებდეს. ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე“, კონკრეტული დახმარება შესთავაზეთ. შესთავაზეთ, რომ გაეგზავნებით საყიდლებზე, დაეხმარებით საჭმლის მომზადებაში, დალაგებაში, ტანსაცმლის გარეცხვაში, დაუთოვებაში და წაიყვანთ საავადმყოფოში პროცედურაზე. ეს სულ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოთ და აჩვენოთ, რომ ნამდვილად ზრუნავთ მასზე. იყავით სანდო და პუნქტუალური. შეასრულეთ დაპირება და აღებული ვალდებულება (მათე 5:37).

„ნებისმიერ საქმეს, დიდსა თუ პატარას, რომელიც იმას მოემსახურება, რომ ავადმყოფი არ გაუუცხოვდეს თავის ჩვეულ ცხოვრებას, მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება“, — ამბობს მწერალი როზან კალიკი. ამ აზრს ეთანხმება სილვიაც, რომელსაც ორჯერ ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე: „ძალიან მსიამოვნებდა, ყოველდღე სხვადასხვა მეგობარს რომ დავყავდი მეზობელ ქალაქში რადიოთერაპიაზე. გზად ამა თუ იმ საკითხზე ვსაუბრობდით, უკანა გზაზე კი აუცილებლად კაფეში შევდიოდით. ეს დამეხმარა, თავი ნორმალურ ადამიანად მეგრძნო“.

არ უნდა იფიქროთ, რომ ზუსტად იცით, რა სჭირდება თქვენს მეგობარს. „არ მოგბეზრდეთ კითხვების დასმა“, — ასეთ რჩევას გვაძლევს როზან კალიკი. შემდეგ კი დასძენს: „მართალია დახმარების დიდი სურვილი გაქვთ, მაგრამ ნამეტანს ნუ მოინდომებთ. ამან შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს. თუ არაფრის გაკეთების უფლებას არ მომცემთ, ამით იმას მაგრძნობინებთ, რომ არაფრის გაკეთების უნარი აღარა მაქვს. მინდა ვიგრძნო, რომ რაღაცის გაკეთება შემიძლია. არ მინდა თავს უმწეოდ ვგრძნობდე. დამეხმარეთ გავაკეთო ის, რაც შემიძლია“.

ალბათ, თქვენს მეგობარს სურს, იგრძნოს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ედილსონი, რომელსაც შიდს- ი აქვს, ამბობს: „როცა ავად ხარ, არ გინდა, რომ თავი გარიყულად იგრძნო, თითქოს არაფრის მაქნისი ხარ და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. გინდა, რაღაც გააკეთო, თუგინდ უმნიშვნელოც კი. ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ რაღაცის გაკეთების ძალა ისევ შეგწევს. ეს სიცოცხლის ხალისს გმატებს. მიხარია, როცა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მაძლევენ და შემდეგ ჩემს გადაწყვეტილებას აფასებენ. ავად თუ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია მამის, დედის ან სხვა მოვალეობების შესრულება“.

არ გაწყვიტოთ ურთიერთობა

ბიბლიური პრინციპი:

„ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

▪ თუ მანძილის ან სხვა მიზეზის გამო მეგობრის მონახულებას ვერ ახერხებთ, დაურეკეთ, წერილი მისწერეთ, SMS, ან ელ-ფოსტა გაუგზავნეთ. რა შეგიძლიათ მისწეროთ? ფსიქოლოგი ალან ვოლფელტი გვირჩევს: „გაიხსენეთ ერთად გატარებული სასიამოვნო წუთები. დაჰპირდით, რომ მალე ისევ . . . მისწერთ. და შემდეგ შეასრულეთ დაპირება“.

არ უნდა შეიკავოთ თავი დახმარებისგან იმის შიშით, რომ რაიმე არასწორს იტყვით ან შეცდომას დაუშვებთ. უმეტეს შემთხვევაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ თქვენ მის გვერდით იყოთ. თავის წიგნში ლორი ჰოუპი წერს: „ყველანი ვამბობთ და ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც შეიძლება არასწორად გაიგონ, ან რამაც შეიძლება ვინმეს გული ატკინოს. მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის. პრობლემა ის არის, რომ შეცდომის დაშვების შიშით თავს ვარიდებთ მას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“.

მეგობარს, რომელიც სერიოზულად არის ავად, შეიძლება ახლა ისე სჭირდებით, როგორც არასდროს. იყავით „ნამდვილი მეგობარი“. თქვენმა დახმარებამ საყვარელ ადამიანს შეიძლება ტკივილი ვერ გაუყუჩოს, მაგრამ მისთვის მძიმე ვითარება შეიძლება შედარებით ადვილად ასატანი გახადოს.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.