არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღსასრულის შესახებ ოთხ კითხვას პასუხი გაეცა

აღსასრულის შესახებ ოთხ კითხვას პასუხი გაეცა

აღსასრულის შესახებ ოთხ კითხვას პასუხი გაეცა

იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ აღსასრული დადგებოდა. ამაზე საუბრისას მან თქვა: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:14, 21).

იესოს სიტყვები აღსასრულის შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიის სხვა მონაკვეთები უამრავ მნიშვნელოვან კითხვას წამოჭრის. ურიგო არ იქნებოდა, თუ გადაშლიდით ბიბლიას და გაიგებდით, რა პასუხს გასცემს ღვთის სიტყვა ამ კითხვებს.

1 რისი აღსასრული დადგება?

ბიბლია არ ასწავლის იმას, რომ პირდაპირი გაგებით დედამიწა განადგურდება: „მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). ბიბლია არც იმას ასწავლის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე გლობალური კატასტროფით მოისპობა (ესაია 45:18). იესომ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი გადაურჩებოდა განადგურებას (მათე 24:21, 22). მაშ, ბიბლია რის აღსასრულზე საუბრობს?

დადგება ადამიანური მმართველობის აღსასრული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. წინასწარმეტყველმა დანიელმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).

ბოლო მოეღება ომსა და გარემოს დაბინძურებას. ფსალმუნის 46:9-ე მუხლში აღწერილია, რას გააკეთებს ღმერთი: „ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“. ბიბლია ასევე ამბობს, რომ ღმერთი „მოსპობს დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18).

მოისპობა დამნაშავეობა და უსამართლობა. ღვთის სიტყვა გვპირდება: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22). *

2 როდის დადგება აღსასრული?

იეჰოვა ღმერთს აქვს „დანიშნული დრო“, რომ ბოლო მოუღოს ბოროტებას და დაამყაროს თავისი სამეფო (მარკოზი 13:33). მაგრამ ბიბლია თვალნათლივ მიუთითებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტად გამოვთვალოთ აღსასრულის თარიღი. იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათე 24:36). თუმცა იესომ და მისმა მოწაფეებმა იწინასწარმეტყველეს, რა მოვლენები მოხდებოდა მანამ, სანამ აღსასრული დადგებოდა. როდესაც ეს ყველაფერი მოხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი და იმავე დროს, აღსასრული გარდაუვალი იქნება.

უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს პოლიტიკური, ეკოლოგიური და სოციალური ძვრები. იესომ მოციქულების კითხვებს აღსასრულის შესახებ ასეთი პასუხი გასცა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, და საკვების უკმარისობა. ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“ (მარკოზი 13:8). მოციქულმა პავლემ დაწერა: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—5).

მთელ მსოფლიოში მრავალ ენაზე მიმდინარეობს ქადაგება. იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

3 რა იქნება აღსასრულის შემდეგ?

ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის და იქ იცხოვრებს მარადიულად. იესო ასწავლიდა, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვა კაცობრიობასთან დაკავშირებით შესრულდება. მან თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5; 6:9, 10). მათ, ვინც აღსასრულამდე დაიღუპება, ბიბლია მომავალში მკვდრეთით აღდგომის იმედს აძლევს (იობი 14:14, 15; იოანე 5:28, 29). რა იქნება აღსასრულის შემდეგ?

იესო, ღვთის სამეფოს მეფე, ზეციდან იმმართველებს. წინასწარმეტყველმა დანიელმა დაწერა: „ვხედავდი ღამის ხილვებში: აი, ცის ღრუბლებზე მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის [მკვდრეთით აღმდგარ იესოს] მსგავსი. მას ძველ დღეთასთან [იეჰოვა ღმერთთან] მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს. მას [იესოს] მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:13, 14; ლუკა 1:31, 32; იოანე 3:13—16).

ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გაიხარებენ სრულყოფილი ჯანმრთელობით, უსასრულო მშვიდობითა და მარადიული სიცოცხლით. წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ესაია 65:21—23). მოციქულმა იოანემ დაწერა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).

4 რა უნდა გააკეთოთ, რომ გადარჩეთ აღსასრულის დროს?

მოციქულმა პეტრემ იცოდა, რომ ზოგი, ვინც აღსასრულის პერიოდში იცხოვრებდა, არაფრად ჩააგდებდა იმ აზრს, რომ ღმერთი ჩაერევა ადამიანთა საქმეებში და ბოროტებას ბოლოს მოუღებს (2 პეტრე 3:3, 4). და მაინც, ის ჩვენს დროში მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებს, შემდეგი ნაბიჯები გადადგან.

ისწავლეთ ისტორიიდან. ღმერთმა „არ დაინდო ძველი ქვეყნიერება, სიმართლის მქადაგებელი ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს“ (2 პეტრე 2:5). დამცინავების შესახებ პეტრემ თქვა: „მათ თავიანთი ნებისამებრ მხედველობიდან რჩებათ, რომ ძველთაგანვე იყო ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული და წყლებს შუა მოთავსებული. მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა. ახლანდელი ცა და დედამიწა * კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტრე 3:5—7).

იცხოვრეთ ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმებით. პეტრემ დაწერა, რომ ისინი, ვისაც სურს, აღსასრულის დროს გადარჩნენ, სამაგალითონი უნდა იყვნენ „წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში“ (2 პეტრე 3:11). აღსანიშნავია, რომ პეტრე ხაზს უსვამს „წმინდა საქციელს“ და „ღვთისადმი ერთგულებას“. გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე მოჩვენებითი რწმენა ან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ბოლო წუთებში ღმერთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა.

როგორი საქციელია ღვთისთვის მისაღები? შეგიძლიათ შეადაროთ ის, რაც უკვე იცით, იმას, რასაც ბიბლია ასწავლის ამ საკითხზე. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამაში. სთხოვეთ მათ, გაჩვენონ თქვენივე ბიბლიიდან, თუ რატომ გპასუხობენ ასე. ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ, ხვალინდელ დღეს მხნედ და იმედის თვალით შეხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ირგვლივ შიშია გამეფებული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 აქ პეტრე დედამიწას სიმბოლური გაგებით მოიხსენიებს. ბიბლიაში სხვაგანაც არის დედამიწა სიმბოლური გაგებით მოხსენიებული (ფსალმუნი 97:1). როგორც პირდაპირი გაგებით დედამიწა ვერ „გაიხარებს“, ისე პირდაპირი გაგებით დედამიწა არ განადგურდება. პეტრემ თქვა, რომ უღვთო ადამიანები თავს დაიტეხენ განადგურებას.

[ჩანართი 7 გვერდზე]

დედამიწა არ განადგურდება, განადგურდებიან მისი მომსპობნი