იეჰოვა ნების თავისუფლებას გვაძლევს
დაუახლოვდით ღმერთს
იეჰოვა ნების თავისუფლებას გვაძლევს
მშობლები შვილებს კარგ მაგალითს უნდა აძლევდნენ. მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს ძვირფასი თვისებების განვითარებაში და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. სამწუხაროდ ბევრი მშობელი შვილებს კარგ მაგალითს არ აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ბავშვები ვერასდროს მიაღწევენ ცხოვრებაში წარმატებას? პასუხის პოვნაში დაგვეხმარება ერთი ჭეშმარიტების ცოდნა — იეჰოვა ღმერთმა თითოეულს გვიბოძა თავისუფალი ნება. დავფიქრდეთ ხიზკიას შემთხვევაზე, რომელიც ჩაწერილია 2 მეფეების 18:1—7-ში.
ხიზკია იყო „იუდას მეფე ახაზის ვაჟი“ (მუხლი 1). ახაზმა ხალხი იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას ჩამოაშორა. ეს ბოროტი მეფე ბაალს ეთაყვანებოდა და მსხვერპლად ადამიანებს სწირავდა. მან ხიზკიას ერთი ან რამდენიმე ძმა კერპებს მსხვერპლად შესწირა. ახაზმა დაკეტა ტაძრის კარები და „იერუსალიმის ყოველ კუთხეში დაიდგა სამსხვერპლოები“. „ასე შეურაცხყოფდა [ის] იეჰოვას“ (2 მატიანე 28:3, 24, 25). ცხადია, ხიზკია ასეთი მამისგან კარგს ვერაფერს ისწავლიდა. მაგრამ გაიმეორებდა ხიზკია მამის შეცდომებს?
გამეფებიდან მალევე ხიზკიამ დაამტკიცა, რომ არ აპირებდა მამის შეცდომების გამეორებას. „სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში“ (მუხლი 3). ის ენდობოდა იეჰოვას, „არ ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის“ (მუხლი 5). თავისი მეფობის პირველ წელს ახალგაზრდა მეფემ ქვეყანაში რელიგიური რეფორმების გატარება დაიწყო, რის შედეგადაც მოსპო მაღლობები, სადაც კერპებს ეთაყვანებოდნენ. მან გააღო იეჰოვას ტაძრის კარები და აღადგინა წმინდა თაყვანისმცემლობა (მუხლი 4; 2 მატიანე 29:1—3, 27—31). „მიეკრა ის [ხიზკია] იეჰოვას და . . . იეჰოვა იყო მასთან“ (მუხლები 6, 7).
რა დაეხმარა ხიზკიას, არ მიებაძა მამისთვის? დედამისს, აბიას ხომ არ მიუძღვის ამაში წვლილი, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით? იქნებ ახალგაზრდა უფლისწულზე ესაიამ იმოქმედა, რომელმაც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დაიწყო წინასწარმეტყველება? * ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. რაც უნდა ყოფილიყო, ერთი რამ ნათელია — ხიზკიამ მამისგან განსხვავებით სულ სხვა გზა აირჩია.
ხიზკიას მაგალითი გამამხნევებელია მათთვის, ვისაც მშობლების გამო მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ვერც წარსულს შევცვლით და ვერც მტკივნეულ მოგონებებს ამოვიგდებთ გონებიდან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში წარმატებას ვერ მივაღწევთ. ჩვენი ბედნიერი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რა არჩევანს ვაკეთებთ დღეს. ხიზკიას მსგავსად ჩვენც შეგვიძლია შევიყვაროთ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა და ვემსახუროთ მას. ასეთი არჩევანი დღესვე მოგვიტანს კმაყოფილებას, მომავალში კი მარადიულ სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4). რა მადლიერნი ვართ ჩვენი მოსიყვარულე ღმერთის, რომ მან ძვირფასი საჩუქრით — ნების თავისუფლებით დაგვაჯილდოვა!
[სქოლიო]
^ აბზ. 7 ესაია ძვ. წ. 778 წლიდან დაახლოებით ძვ. წ. 732 წლამდე წინასწარმეტყველებდა. ხიზკიამ კი მეფობა ძვ. წ. 745 წელს, 25 წლის ასაკში დაიწყო.