არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი?

საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი?

მკითხველები გვეკითხებიან

საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი?

▪ თუ ადამსა და ევას ორი ვაჟი, კაენი და აბელი ჰყავდათ, საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი? მართალია სკეპტიკოსები გამოჭერის მიზნით ხშირად სვამენ ამ კითხვას, მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, დამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღოთ ამ კითხვაზე.

წიგნ „დაბადების“ მე-3 და მე-4 თავებიდან ვიგებთ: 1) ევა იყო „ყოველი ცოცხლის დედა“; 2) გარკვეული დრო გავიდა კაენის დაბადებიდან იმ დრომდე, როცა მისი შესაწირავი ღმერთმა არ მიიღო; 3) მას შემდეგ, რაც ღმერთმა კაენი განდევნა, მან დაიჩივლა, რომ ნებისმიერი შემხვედრი შეეცდებოდა მის მოკვლას; 4) ღმერთმა კაენს დასაცავად ნიშანი დაადო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მის რომელიმე დედმამიშვილს ან ნათესავს შეიძლება მისი მოკვლა მოენდომებინა; 5) „ამის შემდეგ კაენი დაწვა თავის ცოლთან“ „ნოდის ქვეყანაში“ (დაბადება 3:20; 4:3, 12, 14—17).

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კაენის ცოლი ევას ერთ-ერთი შთამომავალი იყო, რომლის დაბადების დრო უცნობია. დაბადების 5:4-ში ნათქვამია, რომ თავისი სიცოცხლის 930 წლის განმავლობაში ადამს „შეეძინა ვაჟები და ასულები“. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიაში არაფერი წერია იმის შესახებ, იყო თუ არა კაენის ცოლი ევას ქალიშვილი. ის კაენის განდევნის შემდეგ არის მოხსენიებული. ამიტომ ადვილი შესაძლებელია, ის ადამისა და ევას შვილიშვილიც ყოფილიყო, რადგან უკვე საკმაო დრო იქნებოდა გასული. ამიტომაც კაენის ცოლს ბიბლიის ერთ თარგმანში „ადამის ერთ-ერთი შთამომავალი“ ეწოდება (The Amplified Old Testament).

მე-19 საუკუნეში მოღვაწე ბიბლეისტ ადამ კლარკის მოსაზრებით, ღმერთს კაენისთვის ნიშნის დადება იმიტომ მოუწია, რომ იმ დროისთვის ადამის შთამომავლების რამდენიმე თაობა არსებობდა და მათ „სხვადასხვა დასახლება ჰქონდათ შექმნილი“.

ის, რომ კაენი თავის დაზე ან ადამის შვილების შეუღლების შედეგად გაჩენილ რომელიმე შთამომავალზე დაქორწინდა, დღეს ბევრისთვის სრულიად მიუღებელია. ძირითადად იმიტომ, რომ მრავალ საზოგადოებაში ეს აკრძალულია, ზოგან კი იმის შიშით არიდებენ თავს, რომ ახლო ნათესავების შეუღლებამ გენეტიკური დეფექტები არ გამოიწვიოს. მაგრამ ერთ-ერთი წიგნის ავტორი, ფრენკ ლაგარდ სმიტი აღნიშნავს: „ადვილად შესაძლებელია, რომ პირველი და-ძმები ერთმანეთზე დაქორწინებულიყვნენ მიუხედავად იმისა, რომ მომავალი თაობისთვის ეს მიუღებელი გახდა“ (The Narrated Bible in Chronological Order). აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მიღებული იყო ძვ. წ. 1513 წლამდე, სანამ ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელს არ გადასცა კანონი, რომლის მიხედვითაც ახლო ნათესავებს შორის ქორწინება იკრძალებოდა (ლევიანები 18:9, 17, 24).

უკვე საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა პირველმა მშობლებმა სრულყოფილება დაკარგეს. ის გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც დღეს ჩვენზე ახდენს გავლენას, მათზე არ მოქმედებდა. გარდა ამისა, როგორც ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი გამოკვლევებით გამოჩნდა, და-ძმების შვილებს შორის კავშირის შედეგად დაბადებულ ბავშვებში თანდაყოლილი დეფექტების რისკი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია (Journal of Genetic Counseling). როგორც ჩანს, ეს საკითხი ადამის სიცოცხლეში და ნოეს დროსაც კი არავის აწუხებდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კაენის ცოლი მისი ერთ-ერთი ნათესავი იყო.