არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“

ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“

მიჰბაძეთ მათ რწმენას

ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“

ღვთის ერთგული სამუელი, რომელიც ათწლეულების მანძილზე წინასწარმეტყველად და მსაჯულად მსახურობდა, ქალაქ გილგალში შეკრებილ ხალხს შესცქეროდა. თანამედროვე კალენდრით მაის-ივნისი იქნებოდა. მშრალი სეზონი უკვე დაწყებული იყო. მკის მოლოდინში ხორბლის ყანები ოქროსფრად ლივლივებდა. ხალხი დუმდა. როგორ უნდა დაეფიქრებინა ისინი სამუელს?

ხალხს არ ესმოდა, რამდენად სერიოზული იყო მათი მდგომარეობა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მეფეს და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ამით თავიანთ ღმერთ იეჰოვასა და მის წინასწარმეტყველს შეურაცხყოფდნენ. მათ, ფაქტობრივად, იეჰოვა უარყვეს, როგორც მეფე. როგორ უნდა აღეძრა სამუელს მათში სინანულის გრძნობა?

სამუელმა ხალხს ასეთი სიტყვებით მიმართა: „მე მოვხუცდი, გავჭაღარავდი“. ამაზე მისი ჭაღარაც მოწმობდა. შემდეგ დასძინა: „სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით“ (1 სამუელი 11:14, 15; 12:2). ასაკის მიუხედავად სამუელს თავისი სიყმაწვილის წლები არ დავიწყებია. ისინი მის მოგონებებში ცოცხლად იყო შემონახული. სიყმაწვილეში მიღებული გადაწყვეტილების წყალობით, მან თავისი ღვთის, იეჰოვასადმი რწმენითა და ერთგულებით განვლო ცხოვრება.

სამუელს რწმენის შენარჩუნება ურწმუნო და ორგული ადამიანების გარემოცვაში უწევდა. დღესაც, ამ უღვთო და გახრწნილ მსოფლიოში, რთულია რწმენის შენარჩუნება. ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია სამუელისგან. მოდით, ჯერ მის ბავშვობას გავეცნოთ.

„მსახურობდა ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე“

სამუელს უჩვეულო ბავშვობა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ძუძუს მოსწყვიტეს, დაახლოებით ოთხი წლის ასაკში, მან მსახურება იეჰოვას წმინდა კარავში, თავისი სახლიდან, რამადან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე შილოში დაიწყო. მისმა მშობლებმა, ელკანამ და ხანამ, პატარა სამუელი იეჰოვას განსაკუთრებული მსახურებისთვის მიუძღვნეს. ის მთელი ცხოვრება ნაზირი * უნდა ყოფილიყო. ნიშნავს ეს იმას, რომ მშობლებმა სამუელზე უარი თქვეს?

სრულებითაც არა. მშობლებმა იცოდნენ, რომ შილოში მათ შვილზე კარგად იზრუნებდნენ. ბავშვს ყურადღებას ალბათ მღვდელმთავარი ელიც აქცევდა, რადგან სამეული მას ეხმარებოდა. კარავში ქალებიც მსახურობდნენ, რომლებიც სხვადასხვა საქმეს ასრულებდნენ (გამოსვლა 38:8).

ხანასა და ელკანას არასდროს დავიწყებიათ თავიანთი პირმშო, რომლის დაბადებაც ლოცვაზე პასუხი იყო. ხანამ ღმერთს ლოცვაში აღუთქვა, რომ თუ ვაჟი შეეძინებოდა, მას ღმერთს მიუძღვნიდა, რათა მთელი ცხოვრება მის მსახურებაში გაეტარებინა. ხანას ყოველ წელს მიჰქონდა სამუელისთვის მოსასხამი, რომელსაც ის კარავში მსახურებისთვის უმზადებდა. პატარა სამუელს მშობლების ნახვა ძალიან გაახარებდა. მშობლები სიყვარულით ასწავლიდნენ მას, რომ დაეფასებინა იეჰოვასთვის მსახურების ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა. სამუელიც უდავოდ გაითვალისწინებდა მშობლების დარიგებას.

ხანა და ელკანა კარგ მაგალითს აძლევენ მშობლებს. ხშირ შემთხვევაში მშობლები შვილების აღზრდისას მეტ ყურადღებას მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას აქცევენ და მხედველობიდან რჩებათ მათი სულიერი მოთხოვნილებები. მაგრამ სამუელის მშობლები პირველ ადგილზე სულიერს აყენებდნენ, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სამუელის სულიერად მოწიფულ ადამიანად ჩამოყალიბებაში (იგავები 22:6).

წარმოიდგინეთ, როგორ იზრდება პატარა სამუელი და როგორ ათვალიერებს ყველაფერს შილოს გორაკებიდან. მას გული ალბათ სიხარულითა და სიამაყით ევსებოდა, როცა ზემოდან დასცქეროდა ქალაქს, მის ერთ მხარეს გაშლილ ველსა და იეჰოვას კარავს. კარავი წმინდა ადგილი იყო. * ის 400 წლით ადრე მოსეს მითითებით იყო აგებული და მაშინდელ მსოფლიოში წმინდა თაყვანისმცემლობის ერთადერთ ცენტრად ითვლებოდა.

სამუელმა ბავშვობიდან შეიყვარა კარავი. მოგვიანებით ის თავად წერდა: „მსახურობდა ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე; სელის ეფოდი ეცვა“ (1 სამუელი 2:18). სამუელს ეფოდი ეცვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კარავში ის მღვდლებს ეხმარებოდა. მართალია სამუელი მღვდლების ოჯახიდან არ იყო, მაგრამ მის მოვალეობაში შედიოდა დილაობით კარვის ეზოს კარების გაღება და მოხუცებული ელის მომსახურება. ის სიხარულით ასრულებდა ამ საპასუხისმგებლო დავალებებს, მაგრამ გავიდა დრო და გულწრფელი ყმაწვილი შეაშფოთა იმან, რაც იეჰოვას სახლში ხდებოდა.

სიწმინდის შენარჩუნება გახრწნილ გარემოში

პატარა სამუელი აშკარა ბოროტებისა და გახრწნილების მოწმე გახდა. ელის ორი ვაჟი ჰყავდა, ხოფნი და ფინხასი. მათ შესახებ სამუელი წერდა: „ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა; არ ცნობდნენ იეჰოვას“ (1  სამუელი 2:12). ამ მუხლში მოხსენიებული ორი აზრი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ხოფნი და ფინხასი უვარგისები იყვნენ, რადგან პატივს არ სცემდნენ იეჰოვას. ისინი არაფრად აგდებდნენ ღვთის სამართლიან კანონებსა და მოთხოვნებს. ეს იყო მათი ყველა ცოდვის თავიდათავი.

ღვთის კანონში კონკრეტულად ეწერა, რა შედიოდა მღვდლის მოვალეობაში და როგორ უნდა შეეწირა მას მსხვერპლი კარავში. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე იყო, რადგან მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყო, რომ ღმერთს ხალხისთვის ცოდვები ეპატიებინა. ეს მათ საშუალებას აძლევდა, ღვთის თვალში სუფთები ყოფილიყვნენ და მისგან კურთხევები და ხელმძღვანელობა მიეღოთ. მაგრამ ხოფნიმ და ფინხასმა შესაწირავებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება სხვა მღვდლებსაც გადასდეს. *

წარმოიდგინეთ, როგორ გააოცებდა პატარა სამუელს ამ უსამართლობის დანახვა, რომლის გამოსწორებაზეც არავინ ფიქრობდა. რამდენ გაჭირვებულ, ღარიბ და დაჩაგრულ ადამიანს ხედავდა ის, რომლებიც წმინდა კარავში სულიერი მხნეობისა და ნუგეშისთვის მიდიოდნენ, მაგრამ უკან გაწბილებულები, გულნატკენები და დამცირებულები ბრუნდებოდნენ. სამუელი იმასაც ხედავდა, როგორ არღვევდნენ ხოფნი და ფინხასი ღვთის ზნეობრივ ნორმებს და კარავში მომსახურე ქალებთან მრუშობდნენ (1 სამუელი 2:22). შესაძლოა სამუელი ელის შეჰყურებდა იმ იმედით, რომ ის ამ უკანონობაზე თვალს არ დახუჭავდა.

ამ სიტუაციის მოგვარება ყველაზე უკეთ ელის შეეძლო. მას, როგორც მღვდელმთავარს, უნდა გაეკონტროლებინა, რა ხდებოდა კარავში. ამასთანავე, მას, როგორც მამას, შვილების მხილებაც ევალებოდა, რადგან მისი ვაჟები მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც ვნებდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, ელი ვერც კარგი მღვდელმთავარი გამოდგა და ვერც კარგი მამა. ის მხოლოდ რბილად და მშვიდად საყვედურობდა მათ (1 სამუელი 2:23—25). სინამდვილეში მას მკაცრი ზომები უნდა მიეღო, რადგან მისი შვილები სასიკვდილო ცოდვებს სჩადიოდნენ.

მდგომარეობა იმ დონემდე მივიდა, რომ იეჰოვამ „ღვთის კაცი“, ანუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, გაგზავნა ელისთან მკაცრი განაჩენის გასაცხადებლად. აი, რა განუცხადა მას იეჰოვამ: „შენ შენს ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე მე“. ღვთის განაჩენით ელის უვარგისი ვაჟები ერთ დღეს დაიღუპებოდნენ, ელის ოჯახი კი მღვდლობის უპირატესობას დაკარგავდა. დააფიქრა ისინი ამ სიტყვებმა? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ამ სიტყვებს მათზე არ უმოქმედია (1 სამუელი 2:27—3:1).

რა გავლენას ახდენდა ეს ყველაფერი პატარა სამუელზე? ამ ისტორიაში ერთადერთი ნათელი წერტილი ისევ სამუელთან არის დაკავშირებული. 1 სამუელის 2:18-ში ვკითხულობთ, რომ „მსახურობდა ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე“. ღვთის მსახურება სამუელისთვის ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანი იყო. იმავე თავის 21-ე მუხლში უფრო მეტს ვიგებთ მის შესახებ: „სამუელი კი იეჰოვასთან იზრდებოდა“. ზრდასთან ერთად ის უფრო მეტად უახლოვდებოდა თავის ზეციერ მამას. იეჰოვასთან ასეთი ახლო ურთიერთობა ყოველგვარი გამხრწნელი ზეგავლენისგან იცავდა მას.

სამუელს შეიძლება ეფიქრა, რომ თუ მღვდელმთავარი და მისი ვაჟები სცოდავდნენ, მასაც შეეძლო ეკეთებინა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. მაგრამ სხვების, თუნდაც ავტორიტეტული პირების, ცუდი საქციელი არ ამართლებს ცოდვას. დღეს მრავალი ქრისტიანი ახალგაზრდა ჰბაძავს სამუელს და იეჰოვასთან იზრდება მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო ბევრი არ არის სამაგალითო.

რას მიაღწია სამუელმა ამით? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც“ (1 სამუელი 2:26). სამუელმა თავისი ერთგულებით ხალხსაც შეაყვარა თავი და იეჰოვასაც. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი ჩაერეოდა იმ უსამართლობაში, რაც შილოში ხდებოდა, მაგრამ არ იცოდა, როდის.

„მითხარი, გისმენს შენი მსახური“

ერთხელაც ყველაფერს ნათელი მოეფინა. დილა იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბნელოდა. კარვის დიდი ლამპარი ისევ ბჟუტავდა. სიჩუმეში სამუელმა გაიგონა, როგორ უხმობდა ვიღაც სახელით. მას ელი ეგონა, რომელიც უკვე ღრმად მოხუცებული და თითქმის ბრმა იყო. სამუელი წამოდგა და ელისთან გაიქცა. წარმოიდგინეთ პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველი გარბის ელისთან, რომ გაიგოს, რა სჭირდება მას. აღსანიშნავია, რომ სამუელი ელის თბილად და პატივისცემით ეპყრობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ელი სცოდავდა, ის ჯერ კიდევ იეჰოვას მღვდელმთავრად ითვლებოდა (1 სამუელი 3:2—5).

სამუელმა მიირბინა ელისთან და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“. ელიმ უთხრა, რომ მას არ დაუძახია და დასაძინებლად გააბრუნა. მაგრამ მსგავსი რამ კიდევ ორჯერ განმეორდა. ბოლოს ელი მიხვდა, რაც ხდებოდა. იმ დროს იეჰოვას სიტყვა იშვიათად ცხადდებოდა და არც ხილვები იყო ხშირი. არც არის გასაკვირი, რატომ. მაგრამ ელი მიხვდა, რომ ამჯერად იეჰოვა ამ ბიჭს ეცხადებოდა. ელიმ უთხრა სამუელს, კვლავ დაწოლილიყო და დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო, თუ ხმას ისევ გაიგონებდა. სამუელი ასე მოიქცა და ცოტა ხანში კვლავ შემოესმა ხმა, რომელიც ეძახდა: „სამუელ, სამუელ!“. მან მიუგო: „მითხარი, გისმენს შენი მსახური“ (1 სამუელი 3:1, 5—10).

როგორც იქნა შილოში იეჰოვას გამოუჩნდა მსახური, რომელიც მას უსმენდა. სამუელი მთელი ცხოვრება ასე იქცეოდა. თქვენზეც შეიძლება იმავეს თქმა? ფაქტია, რომ ღამით ზებუნებრივ ხმას ვერ გავიგებთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ხმა ყოველთვის გვესმის. მისი სიტყვები ჩაწერილია ბიბლიაში. რაც უფრო მეტად ვუსმენთ ღვთის ხმას და ვემორჩილებით მას, მით უფრო გაგვიძლიერდება რწმენა, როგორც ეს სამუელის შემთხვევაში მოხდა.

ის ღამე სამუელის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ამ დღიდან დაიწყო იეჰოვასთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობა. ის ღვთის წინასწარმეტყველი და მისი წარმომადგენელი გახდა. თავიდან სამუელს ეშინოდა, ელისთვის იეჰოვას სიტყვა გაეცხადებინა, რადგან ის ელის ოჯახისთვის გამოტანილი განაჩენის მალე აღსრულებას ეხებოდა. მაგრამ სამუელმა გამბედაობა მოიკრიბა და ელის სათქმელი გადასცა. ელიც უსიტყვოდ დაეთანხმა ღვთის ამ განაჩენს. მალე ყველაფერი, რაც იეჰოვამ თქვა, შესრულდა. ხოფნი და ფინხასი იმ დღეს დაიღუპნენ, როცა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად გავიდა. თავად ელი კი მაშინ დაიღუპა, როცა იეჰოვას წმინდა კიდობნის გატაცების ამბავი გაიგო (1 სამუელი 3:10—18; 4:1—18).

სამუელმა ერთგული წინასწარმეტყველის სახელი დაიმკვიდრა. „იეჰოვა იყო მასთან“ და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სამუელის პირით წარმოთქმული არც ერთი წინასწარმეტყველება  არ დარჩენილა შეუსრულებელი (1 სამუელი 3:19).

„მოუხმო სამუელმა იეჰოვას“

ნიშნავს ეს იმას, რომ ისრაელები მიჰყვებოდნენ სამუელის ხელმძღვანელობას და ერთგულებას ავლენდნენ? არა. გავიდა დრო და მათ უკვე აღარ უნდოდათ, რომ მსაჯულად მხოლოდ წინასწარმეტყველი ჰყოლოდათ. სხვა ერების მსგავსად მათაც მეფე მოინდომეს. იეჰოვას მითითებისამებრ სამუელმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. მაგრამ ამავე დროს მას ისრაელებისთვის უნდა დაენახვებინა მათი ცოდვის სიმძიმე. მათ თავად იეჰოვა ღმერთი უარყვეს და არა უბრალოდ ადამიანი. ამიტომაც შეკრიბა სამუელმა ხალხი გილგალში.

მოდით წარმოვიდგინოთ, როგორ მიმართავს სამუელი გილგალში შეკრებილ ისრაელს. მან შეახსენა ხალხს, რომ მთელი ცხოვრება ერთგულად მსახურობდა. შემდეგ ვკითხულობთ, რომ „მოუხმო სამუელმა იეჰოვას“ და სთხოვა, ჭექა-ქუხილი მოევლინა (1 სამუელი 12:17, 18).

ჭექა-ქუხილი მშრალი სეზონის დროს მართლაც უჩვეულო რამ იყო. ყველა, ვისაც სამუელის სიტყვებში ეჭვი შეეპარა, მალევე დარწმუნდა, რომ ცდებოდა. უცებ ცა მოიქუფრა და ჩამობნელდა. ქარი ამოვარდა და ხორბლის თავთავები დალეწა. ელვას გამაყრუებელი გრუხუნი მოჰყვა და წვიმაც წამოვიდა. როგორ შეხვდა ხალხი ამ მოვლენას? „ხალხს ძალიან შეეშინდა იეჰოვასი და სამუელისა“. ისინი მიხვდნენ, რამდენად სერიოზული იყო მათი ცოდვა (1 სამუელი 12:18, 19).

მათ მეამბოხე გულებს იეჰოვა შეეხო და არა სამუელი. სამუელი სიკვდილამდე ღვთისადმი რწმენას ავლენდა. იეჰოვამაც დააჯილდოვა ის. იეჰოვა არ შეცვლილა და დღესაც ეხმარება მათ, ვინც სამუელის მსგავსად ავლენს რწმენას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 აღთქმის თანახმად ნაზირებს არც ალკოჰოლური სასმელი უნდა დაელიათ და არც თმა უნდა შეეჭრათ. უმეტესობა ნაზირობის აღთქმას მხოლოდ გარკვეული დროით დებდა, მაგრამ ერთეულები მთელი ცხოვრება ნაზირები იყვნენ, მაგალითად სამსონი, სამუელი და იოანე ნათლისმცემელი.

^ აბზ. 12 საწმინდარს მართკუთხედის ფორმა ჰქონდა. ფაქტობრივად, ეს იყო კარავი, რომელსაც ხის საყრდენი ჰქონდა. ის ძვირფასი მასალით იყო დამზადებული — სელაპის ტყავით, ლამაზი ნაქარგებით დამშვენებული ქსოვილებითა და ოქრო-ვერცხლით მოვარაყებული ძვირფასი ხის მასალით. საწმინდარი მდებარეობდა მართკუთხა ფორმის ეზოში, სადაც დიდებული სამსხვერპლო იდგა. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, კარავს ირგვლივ სხვა ოთახებიც მიამატეს მღვდლებისთვის. სამუელს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მათგანში ეძინა.

^ აბზ. 16 ბიბლიაში ამის ორი მაგალითია მოყვანილი. კანონში ეწერა, შეწირული ცხოველის რომელი ნაწილი ეკუთვნოდა მღვდელს (კანონი 18:3). მაგრამ კარავში ორგული მღვდლების გამო ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. მათი დამხმარეები გრძელ ჩანგალს ყოფდნენ ქვაბში, რომელშიც ხორცი იხარშებოდა, და საუკეთესო ნაჭრები ამოჰქონდათ. გარდა ამისა, მღვდლის დამხმარეები შემწირველს მანამ ართმევდნენ უმ ხორცს, ვიდრე სამსხვერპლოზე ქონს ააბოლებდნენ იეჰოვასთვის (ლევიანები 3:3—5; 1 სამუელი 2:13—17).

[სურათი 17 გვერდზე]

შიშის მიუხედავად, სამუელმა მაინც გადასცა ელის იეჰოვას განაჩენი

[სურათი 18 გვერდზე]

სამუელმა რწმენით ილოცა, იეჰოვამაც არ დააყოვნა და ჭექა-ქუხილით უპასუხა