კურნავენ იეჰოვას მოწმეები ხალხს რწმენით?
მკითხველები გვეკითხებიან
კურნავენ იეჰოვას მოწმეები ხალხს რწმენით?
▪ არა, იეჰოვას მოწმეები არ კურნავენ ხალხს რწმენით. იესოს მსგავსად, მათთვისაც უფრო მნიშვნელოვანი ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. მათ სჯერათ, რომ ნამდვილი ქრისტიანების ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისება სასწაულებრივად განკურნების უნარი კი არ არის, არამედ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი რამ.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც იესო ქრისტე ახ. წ. პირველ საუკუნეში თანაგრძნობით აკეთებდა ავადმყოფებისთვის. ეს არის იმის გარანტია, რომ ღვთის სამეფოში მისი მეფობის დროს „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).
დღეს ზოგიერთი ქრისტიანული თუ არაქრისტიანული მიმდინარეობის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ სასწაულებრივად შეუძლიათ ავადმყოფების განკურნება. მაგრამ, იესომ გაგვაფრთხილა, რომ იქნებოდნენ ისეთები, რომლებიც „მრავალ სასწაულს“ მოახდენდნენ მისი სახელით. მაგრამ იესო მათ ეტყოდა: „არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“ (მათე 7:22, 23). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულებრივი განკურნება დღესაც ღვთის ძალით ხდება?
მოდი გავიხსენოთ, რა არის ბიბლიაში ნათქვამი იმ სასწაულებზე, რომლებსაც იესო ახდენდა. თუ ბიბლიურ დროში მომხდარ განკურნების შემთხვევებს შევადარებთ იმ მეთოდებს, რომლებსაც დღეს რწმენით მკურნალები მიმართავენ, ადვილად დავინახავთ, ნამდვილად ღვთის ხელი ურევია თუ არა სასწაულებრივ განკურნებებში.
იესოს არასდროს უცდია ხალხის მიზიდვა განკურნების უნარით. ავადმყოფებს ის სხვების დასანახავად არ კურნავდა. ხშირ შემთხვევაში განკურნებულებს ეუბნებოდა, რომ ამ სასწაულის შესახებ არავისთვის მოეყოლათ (ლუკა 5:13, 14).
იესო არც გასამრჯელოს იღებდა სასწაულებისთვის (მათე 10:8). ის ყოველთვის აღწევდა მიზანს. ყველა, ვინც მასთან განსაკურნავად მიდიოდა, ბოლომდე იკურნებოდა მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა რწმენა (ლუკა 6:19; იოანე 5:5—9, 13). იესო მკვდრებსაც კი აცოცხლებდა (ლუკა 7:11—17; 8:40—56; იოანე 11:38—44).
მართალია იესო სასწაულებს ახდენდა, მაგრამ ხალხის მოქცევას შთამბეჭდავი სანახაობების მოწყობით არ ცდილობდა. მისი მთავარი საქმე ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადება იყო. იესომ თავისი მოწაფეები მოამზადა იმისათვის, რომ მათ სხვებისთვისაც გადაეცათ ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რომლის მმართველობის დროსაც ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებოდა (მათე 28:19, 20).
მართალია პირველ საუკუნეში იესოს ზოგიერთ მიმდევარს ჰქონდა განკურნების უნარი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს უნარი უნდა გაუქმებულიყო (1 კორინთელები 12:29, 30; 13:8, 13). დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანი თავგანწირული სიყვარულია და არა განკურნების ძალა (იოანე 13:35). სასწაულებრივი განკურნების უნარს არ ძალუძს სხვადასხვა რასისა თუ წარმომავლობის ქრისტიანის ასეთი სიყვარულით გაერთიანება.
მაგრამ არსებობენ ქრისტიანები, რომელთაც ძალიან უყვართ ერთმანეთი. საშინელი კონფლიქტების დროსაც კი მათთვის წარმოუდგენელია ერთმანეთისთვის თუ სხვებისთვის ზიანის მიყენება. ეს ქრისტიანები იეჰოვას მოწმეები არიან. ისინი ისეთივე სიყვარულით გამოირჩევიან, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. სხვადასხვა რასის, ეროვნების, კულტურისა თუ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანის გაერთიანება ნამდვილ სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს, რაც მხოლოდ ღვთის წმინდა სულით არის შესაძლებელი. კარგი იქნება, თუ დაესწრებით იეჰოვას მოწმეების შეხვედრას და თავად დარწმუნდებით ამაში.
[სურათი 13 გვერდზე]
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე რწმენით მკურნალები (ნაჩვენებია მარჯვნივ) ღვთის ძალით ახდენენ სასწაულებს?