არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

4 რის შესახებ?

4 რის შესახებ?

ლოცვა

4 რის შესახებ?

როგორც ამბობენ, ქრისტიანები ამ ლოცვას ყველაზე ხშირად წარმოთქვამენ. თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ იესოს ლოცვის ნიმუშის, ეგრეთ წოდებული უფლის ლოცვის ანუ „მამაო ჩვენოს“, მნიშვნელობა დღემდე ბევრისთვის გაუგებარია. მილიონობით ადამიანი ამ ლოცვას ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე მექანიკურად იმეორებს. მაგრამ იესოს ამ ლოცვის ასე წარმოთქმა არ ჰქონია მხედველობაში. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?

ვიდრე თავის მიმდევრებს ლოცვის ნიმუშს მისცემდა, იესომ თქვა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათე 6:7). ნუთუ წავიდოდა იესო თავისივე სიტყვების წინააღმდეგ და თავის მიმდევრებს მოსთხოვდა, რომ რაღაც სიტყვები დაეზეპირებინათ და ემეორებინათ?! ლოცვის ნიმუშით იესომ გვასწავლა, რის შესახებ უნდა ვილოცოთ და ლოცვის დროს რა საკითხებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ ეს ლოცვა, რომელიც მათეს 6:9—13-შია ჩაწერილი.

„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“.

იესომ თავის მიმდევრებს შეახსენა, რომ ლოცვით მხოლოდ მისი მამისთვის, იეჰოვასთვის უნდა მიემართათ. მაგრამ იცით, რატომ არის ღვთის სახელი ასე მნიშვნელოვანი და რატომ სჭირდება მას განწმენდა?

კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ღმერთს ცილი დასწამეს და მისი წმინდა სახელი შეურაცხყვეს. ღვთის მოწინააღმდეგე სატანამ იეჰოვას მატყუარა და ეგოისტი მმართველი უწოდა, რომელსაც არ ჰქონდა თავის ქმნილებებზე მმართველობის სამართლიანი უფლება (დაბადება 3:1—6). ბევრმა მხარი აუბა სატანას. მათი აზრით ღმერთი ცივი, სასტიკი და შურისმგებელია. ზოგი საერთოდ უარყოფს შემოქმედის არსებობას. ზოგმა მისი სახელის წინააღმდეგაც კი გაილაშქრა, რის გამოც ბიბლიის მრავალი თარგმანიდან ღვთის სახელი ამოიღეს და მისი ხსენება აკრძალეს.

როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი თვალს არ დახუჭავს ამ უსამართლობაზე (ეზეკიელი 39:7). ამგვარად, ის თქვენს საჭიროებებზეც იზრუნებს და პრობლემებსაც მოაგვარებს. იესოს ლოცვის შემდეგი სიტყვებიდან ვიგებთ, როგორ მოხდება ეს.

„მოვიდეს შენი სამეფო“.

დღეს სასულიერო პირებს სხვადასხვა აზრი აქვთ იმის შესახებ, თუ რა არის ღვთის სამეფო. მაგრამ იესოს მსმენელებმა წინასწარმეტყველებებიდან იცოდნენ, რომ მესია, ანუ ღვთის მიერ არჩეული მხსნელი, იმ სამეფოს მმართველი იქნებოდა, რომელიც მთელ მსოფლიოს შეცვლიდა (ესაია 9:6, 7; დანიელი 2:44). ეს სამეფო განწმენდს ღვთის სახელს, რადგან გამოააშკარავებს სატანის სიცრუეს და ბოლოს მოუღებს სატანასა და მის საქმეებს. ღვთის მმართველობის დროს აღარ იქნება ომები, ავადმყოფობა, შიმშილი და სიკვდილიც კი (ფსალმუნი 46:9; 72:12—16; ესაია 25:8; 33:24). როცა ღვთის სამეფოს მოსვლაზე ლოცულობთ, თქვენ ფაქტობრივად ღმერთს ყველა ამ დანაპირების შესრულებას სთხოვთ.

„იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“.

იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის ნება დედამიწაზე ისევე შესრულდება, როგორც ზეცაში შესრულდა. ზეცაში ღვთის ნების შესრულებას ხელი ვერაფერმა შეუშალა. ღვთის ძე სატანასა და მის დემონებს შეებრძოლა და დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხადება 12:9—12). როგორც პირველი ორი თხოვნა, ლოცვის ნიმუშში მოცემული მესამე თხოვნაც გვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღვთის ნება ჩვენს სურვილებზე უფრო მნიშვნელოვანია. ყველა ქმნილებისთვის ბედნიერება მხოლოდ იმას მოაქვს, რაც ღვთის ნებით სრულდება. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა იესო მამას: „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკა 22:42).

„მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“.

ამ სიტყვებით იესომ ისიც გვიჩვენა, რომ შეგვიძლია პირად მოთხოვნილებებზეც ვილოცოთ. ცუდი არაფერია იმაში, თუ ღმერთს ჩვენი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას ვთხოვთ. ამაზე ლოცვა შეგვახსენებს, რომ მხოლოდ იეჰოვა „აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“ (საქმეები 17:25). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს, როგორც მოსიყვარულე მშობელს სიამოვნებს თავისი შვილების მოთხოვნილებებზე ზრუნვა, მაგრამ როგორც კარგი მშობელი, ის არ გვისრულებს ისეთ სათხოვარს, რომელიც საზიანო იქნება ჩვენთვის.

„გვაპატიე ჩვენი ვალები“.

მართლა გვაქვს ღვთის ვალი? გვჭირდება ღვთისგან პატიება? დღეს ბევრს ბოლომდე არ ესმის, რას ნიშნავს ცოდვა და რამდენად სერიოზულია ის. მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ ცოდვა დღეს არსებული ყველა პრობლემის, მათ შორის სიკვდილის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. ჩვენ, როგორც ცოდვის შვილები, ხშირად ვცოდავთ; ჩვენი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, მოგვიტევებს თუ არა ღმერთი ცოდვებს (რომაელები 3:23; 5:12; 6:23). ბიბლიაში ასეთ გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ: „კარგი ხარ, იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის“ (ფსალმუნი 86:5).

„გვიხსენი ბოროტისგან“.

ხვდებით, როგორ გვჭირდება ღვთის მფარველობა? ბევრს არც კი სჯერა ბოროტის ანუ სატანის არსებობის. მაგრამ იესომ კარგად იცოდა, რომ სატანა რეალურად არსებობს და მას „ქვეყნიერების მმართველიც“ უწოდა (იოანე 12:31; 16:11). სატანამ გახრწნა ეს ქვეყნიერება, რომელიც მის ხელშია. მას ჩვენი გახრწნაც სურს, რათა არ მოგვცეს ჩვენს ზეციერ მამასთან, იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობის საშუალება (1 პეტრე 5:8). მაგრამ იეჰოვა სატანაზე გაცილებით ძლიერია და სურს, დაიცვას თავისი მოყვარულები.

იესოს ლოცვის ნიმუშის ამ მოკლე მიმოხილვით არ შემოიფარგლება ის, თუ კიდევ რაზე შეიძლება ვილოცოთ. გახსოვდეთ, რა წერია ღვთის შესახებ 1 იოანეს 5:14-ში: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“. ასე რომ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი პრობლემებით არ ღირს ღმერთის შეწუხება (1 პეტრე 5:7).

რა შეიძლება ითქვას დროსა და ადგილზე? აქვს მნიშვნელობა სად და როდის ვილოცებთ?