არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

6 ნამდვილად დაგვეხმარება?

6 ნამდვილად დაგვეხმარება?

ლოცვა

6 ნამდვილად დაგვეხმარება?

მართლა გვეხმარება ლოცვა? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ლოცვა ნამდვილად ეხმარება ღვთის ერთგულ მსახურებს (ლუკა 22:40; იაკობი 5:13). ლოცვას შეუძლია დაგვეხმაროს, როგორც სულიერად, ისე ემოციურად. როგორ?

დაუშვათ, თქვენს შვილს ვინმემ საჩუქარი აჩუქა. ნუთუ არ ასწავლით მას, რომ მადლიერებას მხოლოდ კი არ უნდა გრძნობდეს, არამედ გამოხატავდეს კიდეც? როცა გრძნობებს სიტყვებით გადმოვცემთ, ეს ამ გრძნობებს უფრო გვიძლიერებს. იმავეს თქმა შეიძლება, როცა ღმერთს ვესაუბრებით. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

სამადლობელი ლოცვები. როცა მადლობას ვუხდით ჩვენს მამას ყოველივე კარგისთვის, ფაქტობრივად, ყურადღებას ვამახვილებთ იმ კურთხევებზე, რაც ცხოვრებაში გვაქვს. ეს უფრო დადებითად განგვაწყობს, უფრო ბედნიერად ვიგრძნობთ თავს და უფრო მადლიერები ვიქნებით (ფილიპელები 4:6).

მაგალითი: იესომ მადლიერება გამოხატა მამისადმი იმის გამო, რომ ისმენდა და პასუხობდა მის ლოცვებს (იოანე 11:41).

სინანულის ლოცვები. როცა ღმერთს პატიებას ვთხოვთ, სწორ მიმართულებას ვაძლევთ ჩვენს სინდისს, ვიღრმავებთ სინანულის გრძნობას და უკეთ აღვიქვამთ ცოდვის სერიოზულობას. შედეგად კი დანაშაულის გრძნობა აღარ გვაწუხებს.

მაგალითი: დავითი ლოცვაში სინანულსა და მწუხარებას გამოხატავდა (ფსალმუნი 51).

ლოცვა ხელმძღვანელობისა და სიბრძნის მისაღებად. როცა იეჰოვას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ხელმძღვანელობასა და სიბრძნეს ვთხოვთ, ამით თავმდაბლობას ვავლენთ. ეს შეგვახსენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და გვასწავლის ჩვენს ზეციერ მამაზე მინდობას (იგავები 3:5, 6).

მაგალითი: სოლომონმა თავმდაბლურად სთხოვა ღმერთს ხელმძღვანელობა და სიბრძნე, რათა ისრაელის კარგი მმართველი ყოფილიყო (1 მეფეები 3:5—12).

ლოცვა გაჭირვებისას. თუ გაჭირვებისას გულს გადავუშლით ღმერთს, ეს შვებას მოგგვრის და საკუთარ თავზე მინდობის ნაცვლად, იეჰოვა ღმერთზე მინდობას გვასწავლის (ფსალმუნი 62:8).

მაგალითი: მეფე ასამ ილოცა, როცა მტრისგან საფრთხე ელოდა (2 მატიანე 14:11).

ლოცვა სხვების კეთილდღეობისთვის. ასეთი ლოცვები გვეხმარება, მოვერიოთ ეგოიზმს და თანაგრძნობით განვეწყოთ სხვების მიმართ.

მაგალითი: იესო თავისი მიმდევრებისთვის ლოცულობდა (იოანე 17:9—17).

სადიდებელი ლოცვები. როცა იეჰოვას განვადიდებთ მისი დიდებული საქმეებისა და თვისებებისთვის, უფრო გვიღრმავდება მისდამი მადლიერებისა და მოწიწების გრძნობა. ასეთი ლოცვები გვეხმარება, დავუახლოვდეთ ჩვენს მამასა და ღმერთს.

მაგალითი: დავითი გულმხურვალედ განადიდებდა ღმერთს მისი შემოქმედებისთვის (ფსალმუნი 8).

ლოცვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი კურთხევა არის „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:7). სიმშვიდის პოვნა დღეს არსებული პრობლემების მიუხედავად დიდი მიღწევაა. ეს დადებითად აისახება ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზეც (იგავები 14:30). ეს მშვიდობა მხოლოდ ჩვენი მცდელობით მოდის თუ კიდევ სხვა რამეა საჭირო?

[ჩანართი 10 გვერდზე]

ლოცვა გვეხმარება არა მარტო ფიზიკურად და ემოციურად, არამედ, რაც მთავარია, სულიერად