ბრძნულად აირჩიეთ მეგობრები
რჩევა 4
ბრძნულად აირჩიეთ მეგობრები
რას გვეუბნება ბიბლია? „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20).
ხელის შემშლელი ფაქტორი. კმაყოფილები ვიქნებით თუ არა, გარკვეულწილად ჩვენს მეგობრებზეა დამოკიდებული. მათი შეხედულებები და საუბრები გავლენას ახდენს ჩვენზე (1 კორინთელები 15:33).
გავიხსენოთ ის ბიბლიური მონაკვეთი, როცა ქანაანის მიწის დასაზვერად წასული 12 კაცი უკან დაბრუნდა. უმრავლესობა ‘ცუდს ეუბნებოდა ისრაელის ძეებს დაზვერილ მიწაზე’. ორმა კი დადებითად ილაპარაკა და თქვა: „ძალიან, ძალიან კარგი მიწაა“. მიუხედავად ამისა, 10 მზვერავის უარყოფითი განწყობა სწრაფად გადაედო მთელ ხალხს. „დიდი ხმით მოთქვამდა მთელი კრებული . . . დრტვინავდნენ ისრაელის ძეები“ (რიცხვები 13:30—14:9).
მსგავსად ამისა, დღეს ბევრი ‘დრტვინავს და თავის ხვედრს უჩივის’ (იუდა 16). რთულია, იყო კმაყოფილი მუდამ უკმაყოფილო მეგობრების გარემოცვაში.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ? დაუკვირდით, რა თემებზე საუბრობენ მეგობრები თქვენთან. ხშირად ტრაბახობენ თქვენი მეგობრები თავიანთი ქონებით, ან სულ ხომ არ წუწუნებენ, რომ რაღაცა არა აქვთ? თავად როგორი მეგობარი ხართ? ხომ არ გინდათ, რომ თქვენს მეგობრებს შურდეთ თქვენი? თუ იმისკენ მოუწოდებთ, რომ იმით დაკმაყოფილდნენ, რაც აქვთ?
განვიხილოთ დავითისა და მეფე საულის ვაჟის, იონათანის მაგალითი. დავითი მეფე უნდა გამხდარიყო. ის უდაბნოში იყო გაქცეული და იქ ცხოვრობდა. მეფე საულმა იცოდა, რომ დავითი მისი მეტოქე იყო და მისი მოკვლა განიზრახა. მიუხედავად იმისა, რომ იონათანი წესით და რიგით საულის შემდეგ უნდა გამეფებულიყო, ის დავითის ახლო მეგობარი გახდა. იონათანმა აღიარა, რომ ღმერთმა დავითი აირჩია მომავალ მეფედ და კმაყოფილი იყო იმით, რომ მას მხარში ედგა (1 სამუელი 19:1, 2; 20:30—33; 23:14—18).
თქვენც ისეთი მეგობრები გჭირდებათ, რომლებიც ცდილობენ, დაკმაყოფილდნენ იმით, რაც აქვთ და რომლებსაც თქვენთვის საუკეთესო სურთ (იგავები 17:17). რასაკვირველია, ასეთი მეგობრები რომ გყავდეთ, თავად უნდა ავლენდეთ მსგავს თვისებებს (ფილიპელები 2:3, 4).
[სურათი 7 გვერდზე]
დადებით გავლენას ახდენენ მეგობრები თქვენზე, თუ უარყოფითს?