არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„თავს გაპოვნინებს“

„თავს გაპოვნინებს“

დაუახლოვდით ღმერთს

„თავს გაპოვნინებს“

1 მატიანე 28:9

იცნობთ ღმერთს? ამ კითხვაზე პასუხი არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. სინამდვილეში, ღვთის გაცნობაში მისი ნებისა და გზების კარგად ცოდნა იგულისხმება. ღმერთს მხოლოდ ამის შემდეგ ვუახლოვდებით; ეს კი სერიოზულ გავლენას ახდენს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. შესაძლებელია ღმერთთან ახლო ურთიერთობა? თუ შესაძლებელია, როგორ? ამ კითხვებზე პასუხებს გავიგებთ მეფე დავითის მიერ თავისი ვაჟისთვის, სოლომონისთვის მიცემული რჩევიდან, რომელიც 1 მატიანეს 28:9-შია ჩაწერილი.

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. თითქმის 40 წელია, რაც დავითი ისრაელზე მეფობს; მისი მმართველობის დროს ქვეყანა ყვავის. სოლომონი, რომელიც მას მალე შეცვლის, ძალიან ახალგაზრდაა (1 მატიანე 29:1). რა რჩევას აძლევს სიკვდილის წინ დავითი შვილს?

დავითი, რომელსაც ღვთისმსახურებაში მდიდარი გამოცდილება ჰქონდა, სოლომონს არიგებს: „ჩემო შვილო, სოლომონ, იცნობდე მამაშენის ღმერთს“. დავითი ღვთის შესახებ ზოგად ცოდნაზე მეტს გულისხმობს. სოლომონი უკვე არის დავითის ღმერთის, იეჰოვას თაყვანისმცემელი. ებრაული წერილების ერთი მესამედის წერა დასრულებულია და სოლომონმა უეჭველად იცის, რა არის ნათქვამი წმინდა წერილებში ღმერთზე. ერთი სწავლული ამბობს, რომ ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „იცნობდე“, მიანიშნებს „ძალიან ახლო ნაცნობობაზე“. დიახ, დავითს სურს, რომ მისი ვაჟი ისევე იყოს დაახლოებული იეჰოვასთან, როგორც თვითონ იყო. თავად დავითი ამ ურთიერთობას ძალიან აფასებდა.

ღმერთთან სიახლოვე დიდ გავლენას მოახდენდა სოლომონის ხედვასა და ცხოვრების წესზე. დავითი მოუწოდებს თავის ვაჟს: „მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე მას [ღმერთს]“. * შენიშნეთ, დავითი ჯერ მოუწოდებს სოლომონს, ღმერთი გაიცნოს და შემდეგ ემსახუროს მას. მართლაც, ღვთისმსახურების სურვილი ღვთის გაცნობის შედეგად ჩნდება. მაგრამ ღმერთს უგულოდ და უხალისოდ, ან ორგულად და თვალთმაქცურად არ უნდა ვემსახუროთ (ფსალმუნი 12:2; 119:113). დავითი სთხოვს თავის ვაჟს, რომ ღმერთს მთელი და ხალისიანი გულით ემსახუროს.

რატომ მოუწოდა დავითმა სოლომონს, სწორი მოტივით ეცა ღვთისთვის თაყვანი? დავითი განმარტავს: „რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას“. სოლომონს უბრალოდ თავისი მამის, დავითის გულის მოსაგებად არ უნდა ემსახურა ღვთისთვის. ღმერთი იმ ადამიანთა გულებს იკვლევს, რომლებსაც გულწრფელად სურთ მისთვის მსახურება.

გაჰყვებოდა სოლომონი მამის კვალს და დაუახლოვდებოდა იეჰოვას? ეს სოლომონზე იყო დამოკიდებული. დავითი ეუბნება თავის ვაჟს: „თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს, მაგრამ თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს“. სოლომონს ძალ-ღონე არ უნდა დაეშურა იეჰოვას გასაცნობად, რათა ღვთის ისეთი თაყვანისმცემელი გამხდარიყო, რომელიც ახლოს იქნებოდა ღმერთთან. *

დავითის მამაშვილური დარიგება იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვას სურს, მასთან ახლოს ვიყოთ. ამისათვის კი უნდა ვეძებოთ ის ანუ ღრმად ვიკვლიოთ წმინდა წერილები. ღვთის გაცნობის შედეგად იმის სურვილი გაგვიჩნდება, რომ მას მთელი და ხალისიანი გულით ვემსახუროთ. იეჰოვას სურს ასეთი თაყვანისცემა და ის იმსახურებს კიდეც ამას! (მათე 22:37).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ზოგიერთი თარგმანი ამ მონაკვეთს ასე თარგმნის: „მთელი გულითა და ხალისიანი განწყობილებით ემსახურე მას“.

^ აბზ. 9 სოლომონი თავიდან ღმერთს მთელი გულით ემსახურებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე ერთგული არ დარჩა (1 მეფეები 11:4).