იცოდით თუ არა?
იცოდით თუ არა?
რას გულისხმობდა პავლე მოციქული, როცა ამბობდა, რომ სხეულზე „იესოს მონის დაღს“ ატარებდა? (გალატელები 6:17).
▪ პირველ საუკუნეში პავლეს სიტყვები მსმენელებს შეიძლება სხვადასხვანაირად გაეგოთ. მაგალითად, ძველ დროს გავარვარებული რკინით დაღს ასვამდნენ ტყვეებს, ტაძრის მძარცველებსა და გაქცეულ მონებს. ასეთი დაღი, ჩვეულებრივ, დამამცირებელად ითვლებოდა.
მაგრამ დაღი ყოველთვის შეურაცხმყოფელად არ აღიქმებოდა. ძველად დაღით შეიძლებოდა იმის ამოცნობა, რომელ ტომს ან რელიგიას მიეკუთვნებოდა ადამიანი. „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, „სირიელები, რომლებიც ღვთაებებს ჰადადსა და ატარგატისს უძღვნიდნენ თავს, მაჯას ან კისერს იდაღავდნენ . . . დიონისეს თაყვანისმცემლებს კი სხეულზე სუროს ფოთლის დაღი ესვათ“.
ბიბლიის ბევრი თანამედროვე კომენტატორის აზრით, პავლე გულისხმობდა ნაიარევებს, რომლებიც მისიონერული მსახურებისას ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ჰქონდა მიღებული (2 კორინთელები 11:23—27). თუმცა, შესაძლოა, პავლე დაღში პირდაპირი გაგებით დაღს კი არ გულისხმობდა, არამედ თავისი ცხოვრების წესს, რომლითაც ის ამოიცნობოდა როგორც ქრისტიანი.
ბოროტმოქმედთა თავშესაფრად ხომ არ იქცა ძველ ისრაელში თავშესაფარი ქალაქები?
▪ ძველად წარმართულ მსოფლიოში ტაძარს ბევრი დევნილი და ბოროტმოქმედი აფარებდა თავს. ანალოგიური ხდებოდა შუა საუკუნეების ქრისტიანულ მონასტრებსა და ეკლესიებში. მაგრამ კანონები, რომლებიც ძველ ისრაელში თავშესაფარ ქალაქებს ეხებოდა, იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ეს ქალაქები ბოროტმოქმედთა თავშესაფრად არ იქცეოდა.
მოსეს კანონის თანახმად, თავშესაფარ ქალაქებში გაქცევა მხოლოდ მას შეეძლო, ვისაც შემთხვევით შემოაკვდებოდა ვინმე (კანონი 19:4, 5). უნებლიე მკვლელს უახლოეს თავშესაფარ ქალაქში შეეძლო გაქცევა, რათა მოკლულის უახლოეს ნათესავს სისხლი არ აეღო. მას შემდეგ, რაც მკვლელი ქალაქის უხუცესებს საქმის კურსში ჩააყენებდა, ისინი მას წარადგენდნენ ქალაქის სასამართლოს წინაშე, რომლის დაქვემდებარებაშიც შედიოდა ის ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა. იქ მკვლელს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა ეძლეოდა. უხუცესები გამოიკვლევდნენ უნებლიე მკვლელისა და მსხვერპლის ურთიერთობას, კერძოდ არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე მტრობა (რიცხვები 35:20—24; კანონი 19:6, 7; იესო ნავეს ძე 20:4, 5).
თუ მკვლელი უდანაშაულო აღმოჩნდებოდა, თავშესაფარ ქალაქში დაბრუნდებოდა და იქ იცხოვრებდა. თავშესაფარი ქალაქები სატუსაღოები არ ყოფილა. მკვლელი იქ მუშაობდა და საზოგადოების გამოსადეგი წევრი იყო. მღვდელმთავარის სიკვდილის შემდეგ უნებლიე მკვლელებს თავშესაფარი ქალაქების უსაფრთხოდ დატოვება შეეძლოთ (რიცხვები 35:6, 25—28).
[რუკა 15 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
თავშესაფარი ქალაქები
1 კედეში
2 გოლანი
3 გალაადის რამოთი
4 შექემი
5 ბეცერი
6 ხებრონი
მდინარე იორდანე