მოგზაურობა დედამიწის კიდით კიდემდე
პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება
მოგზაურობა დედამიწის კიდით კიდემდე
„მეორე დღეს ის და ბარნაბა დერბეში წავიდნენ. სასიხარულო ცნობა რომ აუწყეს იმ ქალაქს და საკმაოდ ბევრი აქციეს მოწაფედ, დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიონსა და ანტიოქიაში“ (საქმეები 14:20, 21).
დილის გრილი სიო უბერავს. მგზავრი დაღლილ ფეხებზე გაცვეთილ სანდლებს იცვამს. წინ კიდევ მთელი დღის სავალი აქვს.
ადრიან დილით, როგორც კი მზე ამოიწვერა, მგზავრი მტვრიან გზას დაადგა, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს ჩაუარა და ციცაბო ფერდობს აუყვა. გზად სხვა მგზავრებს შეხვდა — მინდვრებისკენ მიმავალ გლეხებს, ვაჭრებს, რომლებიც საქონლით დატვირთულ პირუტყვს მიერეკებიან და იერუსალიმისკენ მიმავალ პილიგრიმებს. მგზავრი და მისი თანმხლებნი ყველა შემხვედრს ესაუბრებიან. რა მიზნით? იმ მიზნით, რომ შეასრულონ იესოს დავალება და მის შესახებ „დედამიწის კიდით კიდემდე“ დაამოწმონ (საქმეები 1:8).
ეს მგზავრი შეიძლება ყოფილიყო პავლე მოციქული, ბარნაბა ან სულაც პირველი საუკუნის რომელიმე გაბედული მისიონერი (საქმეები 14:19—26; 15:22). ისინი ძლიერი და მტკიცე ხასიათის ადამიანები იყვნენ. მგზავრობა არ იყო ადვილი. ზღვაზე გადამხდარ განსაცდელებს პავლე მოციქული ასე აღწერს: „სამჯერ ხომალდის მსხვრევა გადავიტანე, მთელი დღე და ღამე შუა ზღვაში გავატარე“. ადვილი არც ხმელეთით მგზავრობა იყო. პავლემ თქვა, რომ ხშირად ყოფილა „საფრთხეში მდინარეებზე“ და „საფრთხეში ყაჩაღებისგან“ (2 კორინთელები 11:25—27).
შეგიძლიათ თქვენი თავი ამ მისიონერების გვერდით წარმოიდგინოთ? რა მანძილს გაივლიდით დღეში? რას წაიღებდით თან ან სად გაათევდით ღამეს?
ხმელეთით მგზავრობა. პირველი საუკუნისთვის რომაელებს გაყვანილი ჰქონდათ ფართო საგზაო ქსელი, რომელიც იმპერიის პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ეს იყო კარგად დაპროექტებული და დაგებული გზები. მათი უმეტესობა სიგანეში 4,5 მეტრს აღწევდა და ქვით მოკირწყლული იყო; ნაპირები შემოსაზღვრული ჰქონდა და მანძილის აღმნიშვნელი ბოძები იდგა. ასეთ გზებზე ისეთ მისიონერებს, როგორიც პავლე იყო, დღეში დაახლოებით 32 კილომეტრის გავლა შეეძლოთ ფეხით.
მაგრამ პალესტინაში გზების უმეტესობა საშიში გრუნტიანი ბილიკები იყო. ასეთ გზებს მინდვრებისა და ხევებისგან არანაირი ზღუდე არ ჰყოფდა. მგზავრი შეიძლება მხეცებსა და მძარცველებს გადაჰყროდა, ან სულაც ჩახერგილი გზები დახვედროდა.
რა მიჰქონდა მგზავრს? მას აუცილებლად თან უნდა ჰქონოდა კომბალი თავდასაცავად (1), ქვეშაგები (2), ქისა (3), ერთი წყვილი სანდალი (4), საჭმლის ტომარა (5), ერთი ხელი ტანსაცმელი (6), ტყავის დასაკეცი ვედრო ჭიდან წყლის ამოსაღებად (7), მათარა (8) და დიდი ტყავის ჩანთა პირადი ნივთებისთვის (9).
გზაზე მისიონერები უსათუოდ შეხვდებოდნენ ვაჭრებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზრებში საქონელი მიჰქონდათ. ვაჭრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქონლით დატვირთული მათი სახედრები არ დააღალატებდნენ. ციცაბო და ქვიან გზებზე გადასაადგილებლად ვირი შეუცვლელი ტრანსპორტი იყო. როგორც ამბობენ, საქონლით დატვირთულ ძლიერ ვირს დღეში 80 კილომეტრის გავლა შეეძლო. ურემში შებმული ხარები უფრო ნელა გადაადგილდებოდნენ და დღეში 8—20 კილომეტრს ფარავდნენ. თუმცა ხარებს ვირებზე მძიმე ტვირთის წაღება შეეძლოთ და იდეალურ ტრანსპორტად ითვლებოდა მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად. ზოგჯერ მგზავრი გზაზე აქლემების ან ვირების ქარავანს ჩაუვლიდა ხოლმე, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი საქონელი გადაჰქონდა. შეიძლება მისთვის ცხენზე ამხედრებულ მალემსრბოლს
ჩაექროლა, რომელსაც წერილები ან სამეფო განკარგულებები მიჰქონდა იმპერიის მოშორებულ ტერიტორიებზე.დაღამდებოდა თუ არა, მგზავრები გზის პირას სახელდახელოდ აწყობილ კარვებში ან ქარვასლებში ათევდნენ ღამეს. ქარვასლა იყო კედლით შემოღობილი ადგილი, სადაც ცარიელი ოთახები იყო განლაგებული. ასეთ ჭუჭყიან და არასასიამოვნო ადგილებში მგზავრი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობდა ქურდებისგან; ის არც ცუდ ამინდში იყო კარგი თავშესაფარი. როცა შესაძლებელი იყო, მისიონერები, ალბათ, ღამე ნათესავებთან ან თანამორწმუნეებთან რჩებოდნენ (საქმეები 17:7; რომაელები 12:13).
ზღვით მგზავრობა. სანაპირო წყლებზე თუ გალილეის ზღვის გაღმა გადასასვლელად და ტვირთის გადასატანად პატარა ნავებს იყენებდნენ (იოანე 6:1, 2, 16, 17, 22—24). უფრო დიდი გემები, რომლებსაც დაშორებული პორტებიდან ტვირთი გადაჰქონდა, ხმელთაშუა ზღვას კვეთდა. ამ გემებს რომში საკვები ჩაჰქონდა, გადაჰყავდა სახელმწიფო მოხელეები და პორტიდან პორტში წერილობით ინფორმაციას გადასცემდა.
მეზღვაურები დღისით გზას სანაპირო ნიშნებით იკვლევდნენ, ღამით — ვარსკვლავებით. აქედან გამომდინარე, ზღვით მგზავრობა შედარებით უსაფრთხო იყო კარგი ამინდების დროს — მაისიდან შუა სექტემბრამდე. გემის მსხვრევა ხშირი მოვლენა იყო (საქმეები 27:39—44; 2 კორინთელები 11:25).
ზღვით მგზავრობას ხალხი იმიტომ არ არჩევდა, რომ ის ხმელეთით მგზავრობაზე სასიამოვნო იყო. გემები ტვირთის გადასატან ძირითად საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებად ითვლებოდა და ამიტომ მგზავრი კომფორტს უკვე აღარ დაეძებდა. ნებისმიერ ამინდში მგზავრები გემბანზე თავსდებოდნენ და იძინებდნენ. გემბანის ქვევით, მშრალ ადგილას ძვირფას ნივთებს დებდნენ. მგზავრები იმას ჭამდნენ, რაც თან ჰქონდათ წაღებული. გემზე მხოლოდ სასმელ წყალს სთავაზობდნენ. ზოგჯერ ამინდი რადიკალურად იცვლებოდა. ძლიერი შტორმი და აღელვებული ტალღები ზღვის დაავადებას იწვევდა, რაც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
სახმელეთო თუ საზღვაო გზებზე შექმნილი სირთულეების მიუხედავად, პავლემ და სხვა მისიონერებმა „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ მთელ იმდროინდელ მსოფლიოში გაავრცელეს (მათე 24:14). მოწაფეებისთვის მიცემული იესოს დავალებიდან 30 წლის შემდეგ პავლეს შეეძლო დაეწერა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლოსელები 1:23).