არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებთ

საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებთ

რჩევა 2

საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებთ

რას გვეუბნება ბიბლია? „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალატელები 6:4).

ხელის შემშლელი ფაქტორი. შეიძლება საკუთარი თავის სხვებთან შედარება გვახასიათებს. ზოგჯერ თავს მათ ვადარებთ, ვისაც ჩვენზე ნაკლები აქვს, უფრო ხშირად კი მათ, ვინც ჩვენზე ძლიერი, შეძლებული ან ნიჭიერია. საკუთარი თავის სხვებთან შედარება არც ერთ შემთხვევაში არ არის კარგი. ასეთ დროს შეიძლება შეცდომით დავასკვნათ, რომ ადამიანის ღირსება იმით განისაზღვრება, რა აქვს ან რა შეუძლია. ამასთანავე, ჩვენ შეიძლება შურისა და მეტოქეობის სული განგვივითარდეს (ეკლესიასტე 4:4).

რა შეგიძლიათ გააკეთოთ? თქვენს თავს ღვთის თვალით შეხედეთ, რაც ღირსების გრძნობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. „ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა * კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7). იეჰოვა სხვებს არ გადარებთ; ის თქვენს გულს, ფიქრებს, გრძნობებსა და მოტივებს ამოწმებს და ამის მიხედვით გაფასებთ (ებრაელები 4:12, 13). მან იცის თქვენი შესაძლებლობები და სურს, რომ ეს თქვენც კარგად იცოდეთ. თუ საკუთარ თავს სხვებს ადარებთ, საბოლოოდ ქედმაღალი ან საკუთარი თავით მუდამ უკმაყოფილო იქნებით. ამიტომ იყავით მოკრძალებული და შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ გამოგივათ (იგავები 11:2).

რა უნდა გააკეთოთ, რომ ღვთის თვალში დაფასებული იყოთ? წინასწარმეტყველი მიქა ღვთივშთაგონებით წერდა: „მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი. რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“ (მიქა 6:8). ამ რჩევას თუ გაითვალისწინებთ, ღმერთი იზრუნებს თქვენზე (1 პეტრე 5:6, 7). ამაზე მეტი კმაყოფილების მიზეზი კი რა უნდა იყოს?!

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის სახელი.

[სურათი 5 გვერდზე]

იეჰოვა იმით გვაფასებს, რაც გულში გვაქვს