არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ედემის ბაღში ცხოვრობდნენ პირველი ადამიანები?

ედემის ბაღში ცხოვრობდნენ პირველი ადამიანები?

ედემის ბაღში ცხოვრობდნენ პირველი ადამიანები?

წარმოიდგინეთ თქვენი თავი დიდ ულამაზეს ბაღში. ხელს არაფერი გიშლით, არ გაწუხებთ ქალაქის ხმაური, სიმშვიდესა და მყუდროებას არაფერი გირღვევთ. რაც მთავარია, თქვენი გონება არ არის მოცული მშფოთვარე ფიქრებით. არ გაწუხებთ არანაირი დაავადება, ალერგია ან ტკივილი. აქ ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ სრულფასოვნად აღიქვათ გარემო.

თვალს ვერ წყვეტთ ლამაზ ფერებად აყვავებულ ხეებს, კამკამა ნაკადულს, ირგვლივ არსებულ სიმწვანეს, რომელსაც ხან მზე დასთამაშებს, ხან ჩრდილი. კანზე ნაზი სიო გელამუნებათ და მონაბერი ტკბილი სურნელით გათრობთ. გესმით ფოთლების შრიალი, წყლის შხეფების ხმა, ჩიტების გალობა და მოფუსფუსე მწერების ბზუილი. ვინ არ ისურვებდა ასეთ გარემოში ყოფნას?!

მთელ მსოფლიოში სჯერათ, რომ თავდაპირველად ადამიანი ამის მსგავს ბაღში ცხოვრობდა. საუკუნეებია, რაც იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის მიმდევრებს ასწავლიან, რომ ღმერთმა ადამი და ევა ედემის ბაღში დაასახლა. ბიბლია გვამცნობს, რომ ისინი იქ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ — მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ცხოველებთან და ღმერთთან, რომელიც მათ ასეთ არაჩვეულებრივ პირობებში მარადიულად ცხოვრებას დაჰპირდა (დაბადება 2:15—24).

ინდუსებსაც თავისებური წარმოდგენები აქვთ ედემის ბაღზე. ბუდისტებს სწამთ, რომ დიდი სულიერი ლიდერები ანუ ბუდები მსოფლიოს ოქროს ხანაში ევლინებიან, მაშინ როცა დედამიწაზე სამოთხისებური პირობებია. უამრავ აფრიკულ რელიგიაში გავრცელებულია მონათხრობები, რომლებიც ძალიან ჰგავს ადამისა და ევას ისტორიას.

ფაქტია, რომ თავდაპირველი სამოთხის შესახებ იდეა ბევრ რელიგიასა და ტრადიციაში არსებობს. ისტორიკოსი ჟან დელუმო თავის წიგნში წერს: „ბევრ ცივილიზაციას სწამდა პირვანდელი სამოთხის არსებობა, სადაც სრულყოფილება, თავისუფლება, მშვიდობა, ბედნიერება და ყველაფრის სიუხვე იყო. იქ არ იყო ძალადობა, დაძაბულობა და კონფლიქტი . . . ასეთმა რწმენამ საზოგადოების ცნობიერებაში წარმოშვა დაკარგულის, მაგრამ არა დავიწყებულის ძლიერი ნოსტალგია და მისი დაბრუნების დაუოკებელი სურვილი“.

საერთო წყაროდან ხომ არ მომდინარეობს ედემის ბაღის შესახებ წარმოდგენები? კაცობრიობის ცნობიერებაში რეალურად არსებულის კვალი ხომ არ აღიბეჭდა? მართლა არსებობდა შორეულ წარსულში ედემის ბაღი და ნამდვილად ცხოვრობდნენ ადამი და ევა?

სკეპტიკოსები ამ მოსაზრებას ცინიკურად უყურებენ. ჩვენს მეცნიერულ ეპოქაში ბევრი ფიქრობს, რომ ედემის ბაღის ისტორია მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდაა და მითი. რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ასე მხოლოდ საერო პირები არ ფიქრობენ. ბევრი სასულიერო პირიც აცხადებს, რომ ედემის ბაღს არასოდეს უარსებია. მათი აზრით, ედემის ბაღი გამოგონილი ამბავი, ალეგორია, მითი ან იგავია.

რასაკვირველია, ბიბლია ბევრ იგავს შეიცავს. თავად იესომ ცნობილი იგავები წარმოთქვა. მაგრამ ბიბლია სამოთხის ბაღზე საუბრობს არა როგორც იგავზე, არამედ როგორც შეულამაზებელ და მარტივად გადმოცემულ ისტორიულ ფაქტზე. და მაინც, თუ წიგნ „დაბადებაში“ ედემის ბაღზე მოთხრობილი ისტორია სინამდვილეს არ შეესაბამება, როგორღა უნდა ვენდოთ ბიბლიის სხვა წიგნებს? გავიგოთ, რატომ უყურებს ზოგი სკეპტიკურად ედემის ბაღის არსებობას და რამდენად მყარია მათი არგუმენტები. შემდეგ განვიხილოთ, რატომ უნდა ვიცოდეთ, ის რაც ედემში მოხდა.