არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ?

იცოდა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ?

იცოდა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ?

ამ კითხვაზე პასუხი ბევრს გულწრფელად აინტერესებს. როცა საკითხი წამოიჭრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ედემის ბაღში პირველი წყვილის შეცოდების თემას. იმ აზრმა, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, ბევრი შეიძლება ისეთ დასკვნამდე მიიყვანოს, რომ ღმერთმა წინასწარ იცოდა ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის შესახებ.

თუ ღმერთმა მართლა წინასწარ იცოდა, რომ პირველი სრულყოფილი წყვილი შესცოდავდა, გამოდის რომ, მას ბევრი უარყოფითი თვისება ჰქონია, და ის არ არის მოსიყვარულე, სამართლიანი და გულწრფელი ღმერთი. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ სისასტიკე იქნებოდა, ღმერთს წინასწარ სცოდნოდა ადამისა და ევას ცუდი დასასრულის შესახებ და მისი შედეგების აღსაკვეთად ზომები არ მიეღო. ის სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც იქნებოდა პასუხისმგებელი ყველა იმ უბედურებასა და ტანჯვაზე, რაც კაცობრიობის ისტორიაში ხდება. ამის გამო შეიძლება ზოგმა ღმერთს უგუნურებაშიც დასდოს ბრალი.

ასეთ უარყოფით პიროვნებად გვიხასიათებს ბიბლია იეჰოვა ღმერთს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, გამოვიკვლიოთ, რას ამბობს ბიბლია იეჰოვას შემოქმედებასა და მის პიროვნებაზე.

„ყოველივე ძალიან კარგი იყო“

ღვთის შემოქმედების, მათ შორის დედამიწაზე პირველი წყვილის შექმნის შესახებ „დაბადების“ წიგნში ვკითხულობთ: „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ადამი და ევა სრულყოფილად იყვნენ შექმნილი და იდეალურად შეეფერებოდნენ მიწიერ გარემოს. ისინი უნაკლონი იყვნენ. ვინაიდან ‘ძალიან კარგად’ იყვნენ შექმნილები, ნამდვილად შეეძლოთ ღვთის მოთხოვნისამებრ, სწორად მოქცევა. ისინი იყვნენ „ღვთის ანარეკლად“ შექმნილი (დაბადება 1:27). ასე რომ, მათ ჰქონდათ ისეთი ღვთიური თვისებების გამოვლენის უნარი, როგორიცაა სიბრძნე, ერთგულება, სიყვარული, სამართლიანობა და სიკეთე. თუ ასეთ თვისებებს გამოავლენდნენ თავისდა სასიკეთოდ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ და ზეციერ მამას გაახარებდნენ.

იეჰოვამ ამ სრულყოფილ გონიერ ქმნილებებს ნების თავისუფლება მისცა. ამრიგად, ისინი არ იყვნენ დაპროგრამებული ღვთის ნების შესასრულებლად. დაფიქრდით, რა უფრო გესიამოვნებოდათ — მექანიკურად, თუ გულით გაკეთებული საჩუქარი? ცხადია, გულით გაკეთებული. მსგავსად ამისა, ღმერთს ყველაზე მეტად ის ესიამოვნებოდა, თუ ადამი და ევა თავიანთი ნებით აირჩევდნენ ღვთისადმი მორჩილებას. არჩევნის თავისუფლება პირველ წყვილს შესაძლებლობას აძლევდა, იეჰოვას სიყვარულით დამორჩილებოდნენ (კანონი 30:19, 20).

მართალი, სამართლიანი და კეთილი

ბიბლია იეჰოვას თვისებებს გვიმჟღავნებს. შეუძლებელია, მისი თვისებების მქონე პიროვნებას რაიმე საერთო ჰქონდეს ცოდვასთან. იეჰოვა „სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“, — ნათქვამია ფსალმუნის 33:5-ში. ხოლო იაკობის 1:13-ში ვკითხულობთ: „შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“. სამართლიანმა და მზრუნველმა ღმერთმა გააფრთხილა ადამი: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17). პირველ წყვილს მარადიულ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა. განა ღვთის მხრიდან თვალთმაქცობა არ იქნებოდა, ადამი და ევა ცოდვის შესახებ გაეფრთხილებინა, თუკი წინასწარ ეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა? „სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარული“ იეჰოვა არ მისცემდა ადამიანს არჩევნის გაკეთების საშუალებას, თუ არჩევანი რეალურად არ არსებობდა.

ამასთანავე, იეჰოვა უხვად ავლენს სიკეთეს (ფსალმუნი 31:19). ღვთის სიკეთის შესახებ იესომ თქვა: „რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას, თუ ის პურსა სთხოვს? ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“ (მათე 7:9—11). იეჰოვა თავის ქმნილებებს იმას აძლევს, „რაც კარგია“. ის, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი და როგორი საცხოვრებელი მისცა, ღვთის სიკეთეზე მეტყველებს. წინასწარ თუ ეცოდინებოდა ღმერთს რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ და ედემის ბაღს დაკარგავდნენ, მისცემდა მათ ლამაზ საცხოვრებელს? კეთილი ღმერთი ასე სასტიკად არ მოიქცეოდა! ჩვენს სამართლიან და კეთილ ღმერთს არ მიუძღვის ბრალი ადამიანების ურჩობაში.

„ერთადერთი ბრძენი“

ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვაა „ერთადერთი ბრძენი“ (რომაელები 16:27). ღვთის ზეციერი ანგელოზები არაერთხელ ყოფილან მისი უსაზღვრო სიბრძნის გამოვლენის თვითმხილველები. ანგელოზები სიხარულისგან ყიჟინებდნენ, როცა ღმერთმა მიწიერი ქმნილებები შექმნა (იობი 38:4—7). უეჭველია, ეს გონიერი სულიერი ქმნილებები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ედემის ბაღში განვითარებულ მოვლენებს. რა აზრი ექნებოდა, თუკი ბრძენი ღმერთი ჯერ შთამბეჭდავ სამყაროსა და დედამიწაზე მრავალფეროვან სიცოცხლეს წარმოქმნიდა, შემდეგ კი ანგელოზების თანდასწრებით შექმნიდა ორ უნიკალურ ქმნილებას, რომელიც იმთავითვე განწირული იქნებოდა? ცხადია, ასეთი უბედურების დაგეგმვა უაზრობა იქნებოდა.

და მაინც, ვინმემ შეიძლება თქვას: ნუთუ ყოვლად ბრძენმა ღმერთმა არ იცოდა, რაც მოხდებოდა? მართალია, იეჰოვას სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აქვს უნარი, განსაზღვროს ‘დასაწყისი და დასასრული’ (ესაია 46:9, 10), მაგრამ მას არ სჭირდება ამ უნარის გამოყენება, ისევე როგორც ყოველთვის სრულად არ იყენებს თავის უსაზღვრო ძალას. იეჰოვა წინასწარგანჭვრეტის უნარს ბრძნულად და შერჩევით იყენებს, მაშინ, როცა ამას აზრი აქვს და მდგომარეობა მოითხოვს.

იმის უკეთ გასაგებად, რომ იეჰოვას შეუძლია წინასწარგანჭვრეტის უნარი არ გამოიყენოს, შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: დავუშვათ, ვინმემ სპორტული მატჩის ჩანაწერის ყურება გადაწყვიტა. თამაშის შედეგების გასაგებად მას შეუძლია მატჩის ბოლო მონაკვეთს უყუროს. მაგრამ თუ ასე არ იქცევა და მთელ მატჩს დასაწყისიდან უყურებს, აქვს ვინმეს მისი განსჯის უფლება? მსგავსად ამისა, შემოქმედმა არჩია, არ სცოდნოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. დროთა განმავლობაში, ის დაინახავდა, როგორ მოიქცეოდნენ მისი მიწიერი შვილები.

როგორც უკვე აღნიშნული იყო, ბრძენ იეჰოვას პირველი ადამიანები დაპროგრამებულ რობოტებად არ შეუქმნია, რომლებიც მუდმივად განსაზღვრულ მოქმედებას ასრულებენ. მან ადამი და ევა ნების თავისუფლებით დააჯილდოვა, რაც მისი სიყვარულის მაჩვენებელი იყო. სწორი გზის არჩევის შემთხვევაში, ისინი სიყვარულს, მადლიერებასა და მორჩილებას გამოავლენდნენ, რითაც საკუთარ თავს ბედნიერებას მოუტანდნენ და თავიანთ ზეციერ მამას გაახარებდნენ (იგავები 27:11; ესაია 48:18).

წმინდა წერილებიდან ჩანს, რომ ღმერთს ბევრჯერ არ გამოუყენებია წინასწარგანჭვრეტის უნარი. მაგალითად, როცა ერთგულ აბრაამს ის-ის იყო თავისი შვილი მსხვერპლად უნდა შეეწირა, იეჰოვამ უთხრა: „ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ, ვინაიდან არ დაგენანა ჩემთვის ერთადერთი ვაჟი“ (დაბადება 22:12). იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ზოგიერთებმა თავიანთი საქციელით ღმერთი გაანაწყენეს. თუკი ღმერთს წინასწარ ეცოდინებოდა ამ ადამიანების საქციელი, რატომღა ეტკინებოდა გული? (ფსალმუნი 78:40, 41; 1 მეფეები 11:9, 10).

განხილულიდან გამომდინარე, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ყოვლად ბრძენ ღმერთს არ გამოუყენებია წინასწარგანჭვრეტის უნარი იმის გასაგებად, შესცოდავდნენ თუ არა ჩვენი პირველი მშობლები. ღმერთი არ არის უგუნური, ისეთი უცნაური საქმე წამოეწყო, რომლის შედეგიც წინასწარ ეცოდინებოდა და შემდეგ იმავე სცენისთვის ხელახლა ეყურებინა.

„ღმერთი სიყვარულია“

ედემის ბაღში დაუმორჩილებლობისკენ ადამიანებს ღვთის მოწინააღმდეგემ, სატანამ უბიძგა, რასაც უარყოფითი შედეგები — ცოდვა და სიკვდილი მოჰყვა. ამრიგად, სატანა „კაცისმკვლელი იყო“. აგრეთვე, მან დაამტკიცა, რომ „ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44). იგი ცდილობს, მოსიყვარულე შემოქმედს მიაწეროს ცუდი მოტივები, სინამდვილეში კი თვითონ მხოლოდ ცუდს იზრახავს. მას უნდა, რომ ადამიანის ცოდვა იეჰოვას გადააბრალოს.

სიყვარული არის ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც იეჰოვამ არჩია, წინასწარ არ სცოდნოდა ადამისა და ევას შეცოდების შესახებ. სიყვარული ღვთის უმთავრესი თვისებაა. „ღმერთი სიყვარულია“, — ნათქვამია 1 იოანეს 4:8-ში. სიყვარული დადებითი თვისებაა. ის კარგს ეძებს სხვებში. დიახ, სიყვარულით აღძრულ იეჰოვა ღმერთს საუკეთესო სურდა პირველი წყვილისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მიწიერ შვილებს შეეძლოთ არასწორი არჩევნის გაკეთება, მოსიყვარულე შემოქმედი თავის სრულყოფილ ქმნილებებს პესიმისტურად და ეჭვის თვალით არ უყურებდა. ღმერთმა მათ ყველაფერი მისცა, რაც სიცოცხლისთვის სჭირდებოდათ და ყველაფერი უთხრა, რაც უნდა სცოდნოდათ. სავსებით ბუნებრივია, რომ სანაცვლოდ ღმერთი მათგან სიყვარულით მორჩილებას ელოდა და არა დაუმორჩილებლობას. ღმერთმა იცოდა, რომ ადამსა და ევას შეეძლოთ ერთგულების გამოვლენა. ბოლოს და ბოლოს, თვით არასრულყოფილი ადამიანები, მაგალითად, აბრაამი, იობი, დანიელი და სხვა მრავალი ხომ ღვთის ერთგულები დარჩნენ!

„ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“, — თქვა იესომ (მათე 19:26). რა მანუგეშებელი აზრია! მოსიყვარულე ღმერთი, რომელიც ამავდროულად სამართლიანი, ბრძენი და ძლიერია, გვპირდება, რომ თავის დროზე ცოდვასა და სიკვდილს აღმოფხვრის. მას ამის შესაძლებლობაც აქვს და სურვილიც! (გამოცხადება 21:3—5).

აშკარაა, იეჰოვამ წინასწარ არ იცოდა, რომ პირველი წყვილი შესცოდავდა. მართალია, ადამიანის დაუმორჩილებლობამ და მისმა შედეგებმა ღმერთს დიდი ტკივილი მიაყენა, მაგრამ მან იცოდა, რომ ხელს არაფერი შეუშლიდა დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით თავისი მარადიული განზრახვის შესრულებას. მოგიწოდებთ, მეტი გაიგოთ ღვთის განზრახვისა და იმის შესახებ, თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, როცა ეს დიდებული განზრახვა შესრულდება. *

[სქოლიო]

^ აბზ. 23 დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვის შესრულების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 3. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 14 გვერდზე]

პირველი ადამიანები იეჰოვას დაპროგრამებულ რობოტებად არ შეუქმნია, რომლებიც მუდმივად განსაზღვრულ მოქმედებას ასრულებენ

[ჩანართი 15 გვერდზე]

ღმერთმა იცოდა, რომ ადამსა და ევას შეეძლოთ ერთგულების გამოვლენა