არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა ზომებს მიმართავდნენ ძველად ისრაელის მცხოვრებნი ხანგრძლივ გვალვიან სეზონზე, წყალი რომ არ მოჰკლებოდათ?

ოქტომბრის თვიდან დაწყებული აპრილის თვით დამთავრებული ისრაელში ხშირი წვიმები იცის და ზოგჯერ ხევები ნიაღვარს მიაქვს. მაგრამ ზაფხულობით ხევების უმეტესობა შრება და შეიძლება თვეების განმავლობაში წვიმა არ მოვიდეს. რა ხერხს მიმართავდნენ ბიბლიურ დროში ადამიანები, წყალი რომ არ გამოლეოდათ?

წყლის პრობლემის გადასაწყვეტად მთის ფერდობებზე გაიყვანეს არხები, საიდანაც ზამთრის წვიმები მიწისქვეშა ღრმულებში ანუ ცისტერნებში გროვდებოდა. ამასთანავე, სახლის სახურავებს ისეთი დაქანება ჰქონდა, რომ წვიმის წყალი პირდაპირ ამ ცისტერნებში ჩაედინებოდა. ბევრ ოჯახს საკუთარი ცისტერნა ჰქონდა, საიდანაც წყალს იღებდნენ და წყურვილს იკლავდნენ (2 მეფეები 18:31; იერემია 6:7) *.

ისრაელები ბუნებრივი წყაროს წყლითაც სარგებლობდნენ. მთიან ადგილებში ნიადაგი ზამთრის წვიმის წყლით იჟღინთება, აღწევს წყალგაუმტარი ქანის ფენებს და შემდეგ წყაროდ გადაიქცევა. სოფლებს ხშირად წყაროსთან (ებრაულად ენ) ახლოს აშენებდნენ; ამაზე მოწმობს იმ სოფლების სახელები, რომლებიც ენ თავსართით იწყებოდა, მაგალითად ენ-შემეში, ენ-როგელი და ენ-გედი (იესო ნავეს ძე 15:7, 62). იერუსალიმში კლდეში გაყვანილი იყო არხი, რომელიც ქალაქს წყაროს წყლით ამარაგებდა (2 მეფეები 20:20).

იქ, სადაც წყარო არ იყო, ჭას (ებრაულად ბეერ) თხრიდნენ. ერთ-ერთი ასეთი ჭა ბეერ-შებაში იყო (დაბადება 26:32, 33). ერთი წიგნის ავტორი ანდრე შურაკი აღნიშნავს: „დღესაც იწვევს ჩვენს აღფრთოვანებას ის, თუ რა ტექნიკურად გადაწყვიტეს [ისრაელებმა] ეს პრობლემა“.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ამ მუხლებში „ჭად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვა ბოჰრში ცისტერნა იგულისხმება.

როგორი შეიძლება ყოფილიყო აბრამის (აბრაამის) სახლი?

აბრამი და მისი ცოლი ქალდეველთა აყვავებულ ქალაქ ურში ცხოვრობდნენ. ღვთის მითითებისამებრ მათ დატოვეს ეს ქალაქი და კარვებში ცხოვრება დაიწყეს (დაბადება 11:31; 13:12). ვნახოთ, რა მსხვერპლთან იყო დაკავშირებული მათთვის კარვებში ცხოვრება.

ური დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა. 1922—1934 წლებში ლენარდ ვული ამ ქალაქში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა. იქ მან აღმოაჩინა ნაგებობები, რომელთა შორისაც იყო 73 აგურით ნაშენი სახლი. სახლების უმეტესობას ოთახები ეზოს გარშემო ერტყა, რომლის ცენტრალური ნაწილი მოკირწყლული იყო. ეზო დაქანებული იყო ცენტრისკენ, სადაც ბინძური წყალი წყალსადენში ჩაედინებოდა. დიდ სახლებში სასტუმრო ოთახებს თავ-თავისი საპირფარეშოები ჰქონდა. პირველ სართულზე აგრეთვე იყო სამზარეულოები ბუხრებით და მოსამსახურეების ოთახები. ოჯახი ზედა სართულზე ცხოვრობდა, რომელზეც კიბით ადიოდნენ. კიბე მიგიყვანდათ ხის აივნამდე, რომელიც შიდა ეზოს ერტყა და ზემოთა ოთახებში შესვლის შესაძლებლობას იძლეოდა.

ვული წერს: „სახლი . . . მოკირწყლული ეზოთი, ფაქიზად მობათქაშებული კედლებით, საკანალიზაციო სისტემით . . . თორმეტი ან უფრო მეტი ოთახით, იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს ცხოვრების მაღალი დონე იყო, და ეს სახლები . . . საშუალო ფენის ადამიანებს ეკუთვნოდათ, კერძოდ, მედუქნეებს, წვრილ მოვაჭრეებს, მწიგნობრებსა და ასე შემდეგ“.

[სურათი 19 გვერდზე]

ცისტერნა, ჰორვოთ მეზადა (ისრაელი)

[საავტორო უფლება]

© Masada National Park, Israel Nature and Parks Authority

[სურათი 19 გვერდზე]

აბრაამის დროინდელი სახლის ნახატი

[საავტორო უფლება]

© Drawing: A. S. Whitburn