რჩევები ოჯახებისთვის
ჩაუნერგეთ შვილებს ზნეობრივი ფასეულობები
ლოიდა, * მექსიკელი დედა, ამბობს: «სკოლაში თინეიჯერებს პრეზერვატივებს ურიგებენ. ამიტომ ბავშვებს ჰგონიათ, რომ სექსში ცუდი არაფერია, მთავარია ის „უსაფრთხო“ იყოს».
ნობუკო, იაპონელი დედა, ამბობს: „ერთხელ ჩემს ბიჭს ვკითხე, რას გააკეთებ, თუ შეყვარებულთან მარტო დარჩები-მეთქი. არ ვიციო, მითხრა მან“.
როცა თქვენი შვილი ახალფეხადგმული იყო, ალბათ ყველანაირად ცდილობდით, რომ სახლში ყველაფერი უსაფრთხო ყოფილიყო. შეიძლება დამცავ საცობებს უკეთებდით შტეფსელებს, მალავდით ბასრ საგნებს, კეტავდით კიბესთან მისასვლელს. ამ ყველაფერს თქვენი შვილის დასაცავად აკეთებდით.
მაგრამ თინეიჯერს ამგვარი მეთოდებით უკვე ვეღარ დაიცავთ. ახლა შეიძლება მეტი საზრუნავი გაგიჩნდათ, მაგალითად, პორნოგრაფიას ხომ არ უყურებს თქვენი ვაჟი? ან თქვენი ქალიშვილი თავის გამომწვევ ფოტოებს ხომ არ უგზავნის ვინმეს ტელეფონით? ერთი კითხვა კი ალბათ მოსვენებას არ გაძლევთ: „ჩემს შვილს ვინმესთან ხომ არ აქვს სქესობრივი ურთიერთობა?“.
მუდმივი კონტროლი არ არის გამოსავალი
ზოგი მშობელი ცდილობს 24 საათის განმავლობაში აკონტროლოს თავისი მოზარდი შვილის თითოეული ნაბიჯი. მაგრამ მოგვიანებით ისინი ხვდებიან, რომ მუდმივი თვალთვალი მათ შვილებს აიძულებს, მშობლების უჩუმრად აკეთონ ყველაფერი. ისინი საკმაოდ კარგად ახერხებენ მშობლების ზურგს უკან იმის კეთებას, რაც ეკრძალებათ.
აქედან გამომდინარე, მუდმივი კონტროლი არ არის საუკეთესო გამოსავალი. ამ მეთოდს თვით იეჰოვა ღმერთი არ მიმართავს თავისი ქმნილებების დასამორჩილებლად. ამიტომ ნურც თქვენ შეეცდებით ამ მეთოდის გამოყენებას (კანონი 30:19). მაშ, როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს მოზარდს ზნეობრივად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღებაში? (იგავები 27:11).
ერთ-ერთი საშუალება შვილებთან რეგულარული დიალოგია. შეეცადეთ ამ საკითხზე მსჯელობა მათთან ადრეული ასაკიდანვე დაიწყოთ * (იგავები 22:6). მსჯელობა განაგრძეთ მაშინაც, როცა წამოიზრდებიან. სანდო ინფორმაციის პირველწყარო შვილისთვის თქვენ უნდა იყოთ. ბრიტანელი ალისია ამბობს: „ბევრის აზრით სექსზე მხოლოდ მეგობრებთან შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ეს ასე არ არის. გვირჩევნია ამის შესახებ ინფორმაცია მშობლებისგან მივიღოთ, რადგან ვენდობით მათ“.
სწორი ფასეულობების აუცილებლობა
ზრდასთან ერთად ბავშვებმა უფრო მეტი უნდა გაიგონ სექსზე. მათთვის ზოგადი წარმოდგენა უკვე აღარ არის საკმარისი. მათ აღქმის უნარი გაწაფული უნდა ჰქონდეთ „კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი უნდა ხელმძღვანელობდნენ მაღალზნეობრივი ნორმებით. როგორ შეგიძლიათ თქვენს მოზარდს ჩაუნერგოთ ზნეობრივი ნორმები?
ჯერ საკუთარი ზნეობრივი ნორმები გააანალიზეთ. მაგალითად, თქვენთვის შეიძლება ყოვლად მიუღებელია სიძვა, ანუ დაუქორწინებლებს შორის სქესობრივი ურთიერთობა (1 თესალონიკელები 4:3). ფაქტია, თქვენს შვილებსაც ეცოდინებათ, რა შეხედულება გაქვთ ამ საკითხზე. თქვენი შეხედულების მხარდასაჭერად მათ შეიძლება ბიბლიური ციტატებიც მოიყვანონ და დარწმუნებით გითხრან, რომ ქორწინებამდე სექსი არასწორია.
მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, ახალგაზრდები ერთი შეხედვით შეიძლება იზიარებენ მშობლების შეხედულებას სექსზე, მაგრამ „საკუთარი აზრი ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული. როცა მოულოდნელ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების წინაშე დგებიან, იბნევიან და ვერ ხვდებიან, როდის უნდა შეჩერდნენ“ (Sex Smart). სწორედ ამიტომ არის საჭირო კარგად ჩამოყალიბებული ზნეობრივი ნორმები. როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს მაღალზნეობრივი ნორმები?
ნათლად დაანახვეთ შვილს თქვენი ფასეულობები.
თუ თვლით, რომ სექსი მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის არის მისაღები, გასაგებად და ხშირად გაუმეორეთ ეს თქვენს შვილს. ერთ-ერთ წიგნში მოცემული გამოკვლევის თანახმად, „ის თინეიჯერები, რომლებსაც მშობლები გასაგებად ეუბნებიან, რომ არ მიესალმებიან მოზარდებს შორის სქესობრივ ურთიერთობას, შედარებით გვიან იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას“ (Beyond the Big Talk).
როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რა შეხედულებები გაქვთ ზნეობაზე, არ არის იმის გარანტია, რომ თქვენს შვილსაც მსგავსი შეხედულება ექნება. მყარი ოჯახური ფასეულობები კარგი საფუძველია შვილისთვის ზნეობრივი ნორმების ჩამოსაყალიბებლად. როგორც გამოკვლევები აჩვენებს, მრავალი ახალგაზრდა ირჩევს მშობლების ფასეულობებს მიუხედავად იმისა, რომ მოზარდობის წლებში არ მოსწონდათ ისინი.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: რომელიმე ახალი ამბავი საუბრის დასაწყებად გამოიყენეთ და შვილს თქვენს ზნეობრივ ფასეულობებზე დაელაპარაკეთ. მაგალითად, თუ ახალ ამბებში სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ, შეგიძლიათ ასეთი რამ თქვათ: „მზარავს, როცა ვიგებ, რა სასტიკად ეპყრობა ზოგი მამაკაცი ქალს. როგორ ფიქრობ, საიდან მოსდით მათ ასეთი აზრები?“
სწორი წარმოდგენა შეუქმენით შვილს სექსზე.
შვილის გაფრთხილება აუცილებელია (1 კორინთელები 6:18; იაკობი 1:14, 15). მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიბლიაში სექსზე ძირითადად საუბარია, როგორც ღვთის ძღვენზე და არა როგორც სატანის მახეზე (იგავები 5:18, 19; ქებათა ქება 1:2). თუ მოზარდებს მხოლოდ უარყოფით მხარეებზე ელაპარაკებით, მათ დამახინჯებულ და არაბიბლიურ წარმოდგენას შეუქმნით ამ საკითხზე. ერთი ფრანგი ახალგაზრდა, სახელად კორინა, ამბობს: „ჩემი მშობლები სექსს ყოველთვის უზნეობას უკავშირებდნენ, ამიტომაც სექსზე უარყოფითი წარმოდგენა ჩამომიყალიბდა“.
დარწმუნდით, რომ თქვენს შვილებს სწორი წარმოდგენა აქვთ სექსზე. მექსიკელი ნადია ამბობს: „ჩემს მოზარდ შვილებს ყოველთვის იმას ვასწავლიდი, რომ სექსი ნორმალურია. ის იეჰოვა ღმერთმა ადამიანებს სიამოვნებისთვის უბოძა, მაგრამ ის დასაშვებია მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის. სექსი შეიძლება სიხარულის ან ტანჯვის მიზეზი გახდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვიყენებთ ღვთის ამ ძღვენს“.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: როცა თქვენს შვილთან საუბარი გექნებათ სექსზე, ეცადეთ ის დადებით სულში დაასრულოთ. ნუ მოგერიდებათ იმის თქმა, რომ სექსი ღვთის ძვირფასი საჩუქარია, რომელსაც თქვენი შვილი მომავალში, დაქორწინების შემთხვევაში მიიღებს. დაარწმუნეთ შვილი, რომ ღვთის პრინციპებისადმი მისი ერთგულების იმედი გაქვთ.
დაეხმარეთ შვილს, იფიქროს შედეგებზე.
ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სწორი გადაწყვეტილების
მიღება რომ შეძლონ, ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ იმის დანახვა, რა არჩევნის გაკეთება შეუძლიათ კონკრეტულ სიტუაციაში და რა დადებითი თუ უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს თითოეულ არჩევანს. ნუ იფიქრებთ, რომ საკმარისია მხოლოდ იმის ცოდნა, რა არის სწორი და რა არასწორი. ერთი ავსტრალიელი ქრისტიანი, სახელად ემა, ამბობს: „როცა ახალგაზრდობაში ჩადენილ შეცდომებზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ღვთის პრინციპების ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ მათ ცხოვრებაში გამოიყენებ. მთავარია გესმოდეს, რა შედეგებს მოგიტანს მათი გაუთვალისწინებლობა“.ბიბლიიდან არა მარტო იმას ვიგებთ, რა არის სწორი და რა არა, არამედ იმასაც, რა შედეგები მოჰყვება არასწორ მოქმედებას. მაგალითად, იგავების 5:8, 9 ახალგაზრდას აფრთხილებს, რომ გაექცეს სიძვას. ამის მიზეზიც იქვეა ახსნილი: „რათა სხვებს არ მისცე შენი ღირსება“. როგორც ამ მუხლებიდან ჩანს, ქორწინებამდელი სექსის შემთხვევაში ადამიანი უარს ამბობს საკუთარ პრინციპებზე და კარგავს უმწიკვლობასა და ღირსების გრძნობას. ამგვარად ის ნაკლებად მიმზიდველი იქნება მომავალი მეუღლის თვალში, რომლისთვისაც მაღალზნეობრივ ნორმებს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენს შვილებს ეცოდინებათ, რა ფიზიკური, ემოციური და სულიერი ზიანი მოაქვს ღვთის კანონის უგულებელყოფას, ისინი უფრო მეტად მოინდომებენ ღვთის პრინციპების თანახმად ცხოვრებას. *
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: მაგალითების მეშვეობით დაანახვეთ შვილებს, რომ ღვთის კანონები მართლაც ბრძნულია. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ: „კოცონი სასიამოვნოა, ხანძარი კი საშიში. რა განსხვავებაა ამ ორს შორის და შენი აზრით, როგორ ეხება ეს მაგალითი იმ ზღვარს, რომელიც ღმერთმა დაგვიდო სექსთან დაკავშირებით?“ იგავების 5:3—14 მუხლების მეშვეობით დაანახვეთ მოზარდს მრუშობის სავალალო შედეგები.
18 წლის იაპონელი ტაკაო ამბობს: „ვიცი, რომ იმას უნდა ვაკეთებდე, რაც სწორია, მაგრამ ჩემს ხორციელ სურვილებთან გამუდმებული ბრძოლა მიწევს“. ახალგაზრდებს, რომელთაც მსგავსი გრძნობები ეუფლებათ, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მხოლოდ ისინი არ გრძნობენ თავს ასე. თვით ერთგული ქრისტიანი, მოციქული პავლეც აღიარებდა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომაელები 7:21).
ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი ბრძოლა ყოველთვის არ არის ცუდი. ეს მათ ეხმარება იმის განსაზღვრაში, როგორები უნდათ რომ იყვნენ. მათ მოუწევთ დაფიქრება შემდეგ კითხვაზე: „როგორ ადამიანად მინდა მიცნობდნენ — ისეთად, რომელიც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს და უმწიკვლოა, თუ უნებისყოფო და სუსტ ადამიანად, რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევს არასწორ სურვილებს?“ ზნეობრივი ფასეულობების ქონა დაეხმარება თქვენს მოზარდებს, სწორად უპასუხონ ამ კითხვას.
^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 10 რჩევები იმასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყოთ საუბარი შვილებთან სექსზე და როგორ მიაწოდოთ მათი ასაკისთვის შესაფერისი ინფორმაცია, იხილეთ 2010 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 12—14.
^ აბზ. 22 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2010 წლის აპრილის „გამოიღვიძეთ!“, სტატია „გააუმჯობესებს სექსი ჩვენს ურთიერთობას?“ რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .
-
რა მარწმუნებს, რომ ჩემს შვილს ზნეობრივი ფასეულობები აქვს?
-
როცა ჩემს თინეიჯერ შვილს სექსზე ვესაუბრები, წარმოვუდგენ მას, როგორც ღვთისგან ბოძებულ ძღვენს თუ როგორც სატანის მახეს?