არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველები გვეკითხებიან

ამბობენ უარს იეჰოვას მოწმეები სამედიცინო მკურნალობაზე?

ამბობენ უარს იეჰოვას მოწმეები სამედიცინო მკურნალობაზე?

იესომ თქვა, რომ „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათე 9:12). აქედან გამომდინარე, ბიბლია არ კრძალავს სამედიცინო მკურნალობას. წამლების მიღებასა და მკურნალობაზე არც იეჰოვას მოწმეები ამბობენ უარს. მათ სურთ, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაიხანგრძლივონ. დღეს ზოგი იეჰოვას მოწმე პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი ლუკას მსგავსად, ექიმია (კოლოსელები 4:14).

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ ისეთ მკურნალობაზე, რომელიც ბიბლიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ისინი არ ისხამენ სისხლს და ეს იმიტომ, რომ ბიბლია კრძალავს სისხლის მიღებას თუნდაც სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით (დაბადება 9:4; ლევიანები 17:1—14; საქმეები 15:28, 29). ღვთის სიტყვა მკურნალობის ისეთ მეთოდებსაც გმობს, რომლებშიც ჯადოქრობა ან სპირიტიზმის ელემენტებია ჩართული (ესაია 1:13; გალატელები 5:19—21).

ჯანდაცვის ბევრი მუშაკი პაციენტებს მკურნალობის ისეთ მეთოდებს სთავაზობს, რომლებიც ბიბლიის ნორმებს არ ეწინააღმდეგება. მკურნალობის ის საშუალებები, რომლებსაც ბევრი იეჰოვას მოწმე მიმართავს, ხშირ შემთხვევაში უფრო ხარისხიანია, ვიდრე მათი, ვინც უგულებელყოფს ღვთის მოთხოვნებს.

რასაკვირველია, მკურნალობასთან დაკავშირებით არაერთი აზრი არსებობს. ის, რაც ერთს არგებს, მეორეს შეიძლება ავნოს. ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და სათანადო მკურნალობის შესარჩევად, ზოგს სურს, სხვა ექიმის აზრიც გაიგოს (იგავები 14:15).

ყველა მოწმე ერთნაირ არჩევანს არ აკეთებს. ღვთის სიტყვა ნებას რთავს ქრისტიანებს, საკუთარი სინდისით იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ ღვთის კანონი არ ირღვევა (რომაელები 14:2—4). აქედან გამომდინარე, თითოეულმა ქრისტიანმა კარგად უნდა გამოიკვლიოს შემოთავაზებული მკურნალობის მეთოდი და დარწმუნდეს, რომ ის არ ეწინააღმდეგება ბიბლიით განსწავლულ მის სინდისს (გალატელები 6:5; ებრაელები 5:14).

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდნენ. მოვიყვანოთ მძღოლის მაგალითი, რომელიც მოძრაობით გადატვირთულ გზაჯვარედინს უახლოვდება. თუ ის მხოლოდ წინ მიმავალ მანქანებს გაჰყვება და გზაჯვარედინზე სიჩქარეს მოუმატებს, შეიძლება სერიოზულად დაშავდეს. გონიერი მძღოლი გზაჯვარედინზე სვლას შეანელებს და მანქანების მოძრაობას დააკვირდება. მსგავსად ამისა, მკურნალობასთან დაკავშირებით მოწმეები გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ იღებენ და ბრმად არ იზიარებენ პოპულარულ შეხედულებებს. გადაწყვეტილების მიღებამდე ისინი კარგად იკვლევენ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს და იმას, ირღვევა თუ არა მისი გამოყენებით ბიბლიის პრინციპები.

იეჰოვას მოწმეები ძალიან აფასებენ ექიმების მძიმე და თავდაუზოგავ შრომას. ისინი ემადლიერებიან ექიმებს იმისათვის, რომ შვებას ჰგვრიან ავადმყოფებს.