არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა წესი არსებობდა მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებით და ვისთვის მოჰქონდა მას სარგებლობა?

მოსეს კანონი მიწათმოქმედებს უკრძალავდა მოსავლის ბოლომდე აღებას. მომკელებს სრულად არ უნდა მოემკათ თავიანთი მინდვრის ნაპირები. მათ, ვინც ყურძნის მოსავალს იღებდა, არ უნდა აეკრიფათ დაცვენილი მარცვლები და არც მოსამცვრევად უნდა დაბრუნებულიყვნენ. მათაც, ვინც ზეთისხილს ბერტყავდა, არ უნდა ჩამოეყარათ ტოტებზე დარჩენილი ნაყოფი (ლევიანები 19:9, 10; კანონი 24:19—21). ღარიბებს, ობლებს, ქვრივებსა და ხიზნებს შეეძლოთ მორჩენილი მოსავლის შეგროვება ან მომცვრევა.

მოსავლის აკრეფასთან დაკავშირებულ კანონს მთელი ისრაელისთვის მოჰქონდა სარგებლობა. მიწათმფლობელისგან ის მოითხოვდა გულუხვობას, არაეგოისტურ დამოკიდებულებასა და იეჰოვას კურთხევებზე მინდობას. მათგან კი, ვინც დარჩენილ მოსავალს აგროვებდა, შრომისმოყვარეობას მოითხოვდა, რადგან ეს ადვილი საქმე არ იყო (რუთი 2:2—17). ამის წყალობით ღარიბი ადამიანი არ დარჩებოდა მშიერი და არც ტვირთად დააწვებოდა საზოგადოებას. ეს ასევე დაიცავდა მათ მათხოვრობისა და მოწყალების მიღებით გამოწვეული უღირსობის გრძნობისგან.

რატომ შემოჰქონდა სოლომონს ხის მასალა ლიბანიდან იერუსალიმის ტაძრის ასაშენებლად?

პირველი მეფეების 5:1—10-ში საუბარია სოლომონსა და ტვიროსის მეფის, ხირამს შორის დადებულ შეთანხმებაზე. ამ შეთანხმების თანახმად, ტაძრის მშენებლობისთვის კედრისა და ღვიის მორები ტივებად უნდა შეეკრათ და ლიბანიდან ზღვით შეეტანათ ისრაელში.

ძველად შუა აღმოსავლეთში კედრით ვაჭრობა ერთ-ერთი წამყვანი საქმე იყო. ეგვიპტესა და შუამდინარეთში ამ მასალას ტაძრებისა და სასახლეების კოჭებად და კედლების მოსაპირკეთებლად იყენებდნენ. სამეფო არქივები, ხელნაწერები და წარწერები ადასტურებს, რომ კედარი შუამდინარეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოებშიც ჩაჰქონდათ ნაძარცვის ან ხარკის სახით. ეგვიპტეში მას სამეფო სატვირთო გემების, კუბოებისა და დაკრძალვისთვის საჭირო სხვა ნივთებისთვის იყენებდნენ.

ლიბანის კედარი ცნობილი იყო თავისი გამძლეობით, სილამაზითა და სასიამოვნო არომატით, რომ აღარაფერი ვთქვათ მწერებისადმი რეზისტენტობაზე. ასე რომ, სოლომონი ტაძრის ასაშენებლად საუკეთესო მასალას იყენებდა. დღეს კედრის ტყეებიდან, რომელიც ერთ დროს ლიბანის მთებს ფარავდა, მხოლოდ რამდენიმე მცირე კორომიღა დარჩა.

[სურათი 15 გვერდზე]

ლიბანის კედრის გადატანა (სარგონის სასახლის ასურული რელიეფი)

[საავტორო უფლება]

Erich Lessing/Art Resource, NY