რატომ ინგრევა ოჯახები?
რატომ ინგრევა ოჯახები?
«ფარისევლები მივიდნენ მასთან [იესოსთან] და საცდუნებლად ჰკითხეს: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“» (მათე 19:3).
იესოს ზოგ თანამედროვეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელი ან საერთოდ აუცილებელი იყო. იესომ მათ უთხრა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ» (მათე 19:4—6) *. ცხადია, რომ ღვთის განზრახვით ქორწინება მუდმივი კავშირი უნდა ყოფილიყო.
დღეს ბევრ ქვეყანაში დაქორწინებულთა 40 პროცენტი ან მეტი განქორწინებას მიმართავს. ხომ არ არის ქორწინებასთან დაკავშირებული ბიბლიური რჩევა მეტისმეტად მოძველებული? ან თავად ქორწინების ინსტიტუტს ხომ არა აქვს რაიმე წუნი?
მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ორი წყვილი ერთი და იმავე მოდელის მანქანას ყიდულობს. პირველი წყვილი მანქანას ელოლიავება და ფრთხილად ატარებს, შესაბამისად, მათი მანქანა კარგ მდგომარეობაშია. ხოლო მეორე წყვილი მანქანის მოვლას არც დროს ახმარს, არც ენერგიას და დაუდევრად ატარებს. მათი მანქანა ფუჭდება და გადასაგდები ხდება. როგორ ფიქრობთ, მანქანის გაფუჭების მიზეზი მანქანაა თუ მანქანის მეპატრონე? უდავოა, რომ მანქანის მეპატრონე.
მსგავსად ამისა, ოჯახების ნგრევის მიზეზი ქორწინების ინსტიტუტში არ უნდა ვეძებოთ. არსებობს მილიონობით წარმატებული წყვილი. მათ ქორწინებას ბედნიერება და სტაბილურობა მოაქვს როგორც პირადად მათთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. მანქანის მაგალითისა არ იყოს, ოჯახის შესანარჩუნებლად წყვილი ერთმანეთს უნდა მოუფრთხილდეს და მუდმივად ზრუნავდეს ცოლქმრული კავშირის განმტკიცებაზე.
ახალდაქორწინებული ხართ თუ დიდი ხნის დაქორწინებული, მნიშვნელობა არა აქვს. ბიბლიური რჩევები, რომლებიც ოჯახის შენარჩუნებასა და განმტკიცებას ეხება, ყველასთვის გამოსადეგია. მომდევნო გვერდებზე გაეცნობით ზოგიერთ ასეთ რჩევას.
[სქოლიო]
^ აბზ. 3 ბიბლია განქორწინების უფლებას მხოლოდ ცოლქმრული ღალატის ანუ მრუშობის შემთხვევაში იძლევა (მათე 19:9).