არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო“

„სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო“

დაუახლოვდით ღმერთს

„სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო“

„მეგონა, რომ იეჰოვა, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს, არასდროს შემიყვარებდა და მის მოწონებას ვერასდროს დავიმსახურებდი“, — დაწერა ერთგულმა ქრისტიანმა ქალმა, რომელიც უღირსობის გრძნობას ებრძოდა. თუ თქვენც გქონიათ მსგავსი გრძნობები და გიფიქრიათ, რომ იეჰოვას ყურადღებას ვერასდროს დაიმსახურებდით, რომ აღარაფერი ვთქვათ მისგან მოწონების დამსახურებაზე, თქვენთვის გამამხნევებელი იქნება ნეემიას 13:31-ში ჩაწერილი სიტყვები.

ნეემიამ, რომელიც ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში იუდეველთა გამგებელი იყო, ყველაფერი გააკეთა, რომ ღმერთისთვის ესიამოვნებინა. მტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან იერუსალიმის კედლების აღდგენას უხელმძღვანელა. ის ღვთის კანონის თანახმად ცხოვრობდა, ზრუნავდა დაჩაგრულ ხალხზე და ისრაელების რწმენის განმტკიცებას ცდილობდა. ხედავდა ღმერთი იმ კარგ საქმეებს, რომლებსაც ეს ერთგული კაცი აკეთებდა? დაიმსახურა მან იეჰოვას მოწონება? ამ კითხვებზე პასუხები შეგვიძლია ვნახოთ იმ ბიბლიური წიგნის დასკვნით ნაწილში, რომელიც ნეემიას სახელს ატარებს.

ნეემია ლოცულობდა: „სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო!“. * ეშინოდა ნეემიას, რომ ღმერთი ვერ შეამჩნევდა მის კარგ საქმეებს ან დაივიწყებდა მას? რა თქმა უნდა, არა. მას უეჭველად ეცოდინებოდა ბიბლიის პირველი წიგნებიდან, რომ იეჰოვა გულწრფელად იყო დაინტერესებული თავისი ერთგული თაყვანისმცემლებით და მათი კარგი საქმეებით (გამოსვლა 32:32, 33; ფსალმუნი 56:8). მაშ, რის გაკეთებას სთხოვდა ის ღმერთს? ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ებრაულ სიტყვაში, რომელიც „გამიხსენედ“ არის ნათარგმნი, იგულისხმება „სიყვარულით გახსენება და მის თანახმად მოქმედება“. ლოცვის ძალაში დარწმუნებული ნეემია სთხოვდა ღმერთს, რომ სიყვარულით გაეხსენებინა და ეკურთხებინა ის (ნეემია 2:4).

უპასუხებდა იეჰოვა ნეემიას ლოცვას? გარკვეულწილად, მან ეს უკვე გააკეთა. ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ნეემიას ლოცვა სამუდამოდ ჩაწერა წმინდა წერილებში, გვარწმუნებს, რომ მას სიყვარულით ახსოვს ის. მაგრამ „ლოცვების მომსმენი“ უფრო მეტს გააკეთებდა, რომ ნეემიას გულწრფელი ლოცვისთვის ეპასუხა (ფსალმუნი 65:2).

ღმერთი დააჯილდოებს ნეემიას ყველა იმ კარგი საქმისთვის, რაც მან წმინდა თაყვანისმცემლობისთვის გააკეთა (ებრაელები 11:6). დაპირებულ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა აკურთხებს ნეემიას იმით, რომ მკვდრეთით აღადგენს * (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4). ნეემია, რომელსაც მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ექნება სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე, დაინახავს, რომ იეჰოვამ ის მართლაც გაიხსენა სასიკეთოდ.

ნეემიას ლოცვა ადასტურებს მეფე დავითის სიტყვების ჭეშმარიტებას, რომელმაც თქვა: „შენ თავად აკურთხებ ყველა მართალს, იეჰოვა; როგორც დიდი ფარით, ისე დაიფარავ მათ შენი კეთილგანწყობით“ (ფსალმუნი 5:12). ღმერთი ნამდვილად ამჩნევს და აფასებს ჩვენს ძალისხმევას, რომ გულწრფელად ვცდილობთ, მას ვასიამოვნოთ. თუ ყველაფერს გააკეთებთ ღვთის მსახურებაში, დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი სიყვარულით გაგიხსენებთ და უხვად გაკურთხებთ.

თებერვალში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ნეემია 1—13

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ბიბლიის ამ წიგნში ეს ოთხიდან ბოლო შემთხვევაა, სადაც ნეემია იეჰოვას ლოცვაში სთხოვს, რომ ახსოვდეს ის კარგი საქმეებისთვის (ნეემია 5:19; 13:14, 22, 31).

^ აბზ. 5 იმის შესახებ, რაც ღმერთს დედამიწაზე მცხოვრები ერთგული ადამიანებისთვის აქვს განზრახული, მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავები 3 და 7.