არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იეჰოვას ინდიელებიც ვუყვარვართ?“

„იეჰოვას ინდიელებიც ვუყვარვართ?“

წერილი მექსიკიდან

„იეჰოვას ინდიელებიც ვუყვარვართ?“

ოდამი ენაზე მოლაპარაკე მელესიო პერიოდულად ჩადიოდა მთებიდან ქალაქში სამუშაოს საშოვნელად. ის ქალაქში ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდა და სხვებისთვისაც მიჰქონდა ბიბლიური ლიტერატურა მთებში. მელესიო ძმებს სთხოვდა, რომ ვინმე ასულიყო მათთან და ბიბლია ესწავლებინა.

ოდამი საზოგადოებისგან მოწყვეტილი ეთნიკური ჯგუფია. ეს ხალხი სიერას მთებში ცხოვრობს (ცენტრალური მექსიკის ჩრდილოეთი). იეჰოვას მოწმეების უახლოესი კრება მათგან დაახლოებით 240 კილომეტრშია. რამდენიმე ძმამ გადავწყვიტეთ, მათთან ჩავსულიყავით.

ვიშოვეთ მანქანა, კარვები და საძილე ტომრები, მოვიმარაგეთ სამი დღის სამყოფი საკვები და საწვავი. დურანგოდან დილის 4 საათზე გავედით და 8 საათი მთის მტვრიან გზებზე ვიარეთ. მივადექით ოდამის რეგიონში შესასვლელ ვიწრო ხევს და ჩვენ წინ კიდევ ერთი მთა აღიმართა.

მანქანა პატარა სოფელში დავტოვეთ და ბარგით დატვირთულებმა სამი საათი ფეხით ვიარეთ დამშრალ ხევში. გავშალეთ კარვები, მოვაგროვეთ შეშა, ცხოველებისგან თავდასაცავად დავანთეთ კოცონი და ცეცხლი რომ არ ჩამქრალიყო, სამსაათიანი მორიგეობა დავაწესეთ.

მეორე დილით გზას ავუყევით მთაზე, რომელიც დასერილი იყო ბილიკებით და ბევრჯერ დავიკარგეთ კიდეც. ჩვენგან ერთ-ერთს ოდამი ენაზე ლაპარაკი შეეძლო, ამიტომ გზადაგზა ხალხს ბიბლიურ ცნობაზე ვესაუბრებოდით. ჩვენდა გასაკვირად, ხალხი გვეუბნებოდა, რომ ლოს-არენალესში, იქ, სადაც ჩვენ მივდიოდით, ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს იეჰოვას მოწმეებს უწოდებდნენ და ბიბლიურ შეხვედრებსაც ატარებდნენ. ამ ამბავმა გაგვაოცა, თუმცა გაგვამხნევა კიდეც.

დაღლილ-დაქანცულებმა როგორც იქნა მივაღწიეთ ლოს-არენალესამდე. აქა-იქ იდგა ალიზით ნაშენი და მუყაოთი გადახურული სახლები. სოფელს არც ელექტროენერგია ჰქონდა და არც სკოლა. გარესამყაროს მოწყვეტილი ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და, ძირითადად, ტორტილათი (სიმინდის თხელი პური) და მწირი საკვებით კმაყოფილდებოდა. ჩვენ შევხვდით მელესიოს, გამხდარ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა. მან თავის ღარიბულ სახლში დაგვპატიჟა და გვითხრა, რომ ყოველდღე ევედრებოდა იეჰოვას, მოწმეები გამოეგზავნა, რათა მისი ოჯახისა და თანასოფლელებისთვის ბიბლია ესწავლებინათ. ის ფიქრობდა, რომ მათთვის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას თავად ვერ შეძლებდა.

ოდამი ენაზე მოლაპარაკენი შამანიზმს მისდევენ. ისინი ამულეტებად იყენებენ არწივის ბუმბულსა და ძვლებს, ეთაყვანებიან ბუნების ძალებს და ეშინიათ შამანების, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ მათ. მელესიომ გვითხრა, რომ ყველა კერპი გაანადგურა მას შემდეგ, რაც ქალაქში ყოფნის დროს გაიგო, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია. თანასოფლელები ფიქრობდნენ, რომ ამის გამო მას ღმერთები სიკვდილით დასჯიდნენ. მაგრამ, როცა დაინახეს, მელესიოს არაფერი დაემართა, ისინი მიხვდნენ, რომ იეჰოვა მათ ღმერთებზე ძლიერი იყო. ამის შემდეგ მათ დაიწყეს ბიბლიის შესწავლაზე დასწრება, რომელსაც მელესიო ჩვენი ლიტერატურის მეშვეობით ატარებდა თავის ოჯახთან.

„მათ ვუთხარი, რომ ამულეტები და კერპები უნდა დაეწვათ“, — გვითხრა მელესიომ. ბევრმა დასძლია ცრურწმენის შიში და შესწავლას 80-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ამის გაგებამ გაგვაოცა, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეხვედრა იმავე დღეს ჩაგვეტარებინა. რამდენიმე კაცი გავგზავნეთ ცხენებით მათთან, ვინც რეგულარულად იკრიბებოდა მელესიოს სახლში. მართალია, შუა კვირა იყო და შეხვედრის დაწყებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, 25 კაცი მაინც მოვიდა — ზოგი ფეხით და ზოგიც ვირით.

მელესიო კითხვებს გვითარგმნიდა, ჩვენ კი ბიბლიიდან ვპასუხობდით. ისინი გვეკითხებოდნენ: „იეჰოვას ინდიელებიც ვუყვარვართ? ის ოდამი ენაზეც ისმენს ლოცვებს? არმაგედონის დროს იეჰოვა ქალაქიდან ამ სიშორეზე მცხოვრებ ხალხსაც გადაგვარჩენს?“. ძალიან გვიხაროდა, რადგან ბიბლიის მეშვეობით შევძელით ამ თავმდაბალი ხალხის დარწმუნება, რომ იეჰოვა ზრუნავს თვინიერებზე, მიუხედავად იმისა, რა ენაზე ლაპარაკობენ ისინი და სად ცხოვრობენ. ისინი გვეხვეწებოდნენ, რომ ვინმე გაგვეგზავნა იქ, რათა მეტი ესწავლებინა მათთვის ბიბლიიდან.

შეხვედრის შემდეგ ახალშეძენილ მეგობრებს ვახშმით გავუმასპინძლდით. ამასობაში ჩამოღამდა და ძალიან აცივდა. მადლიერები ვიყავით, როცა დასაძინებლად ერთი ოთახი გამოგვიყვეს სახლში, რომელიც ჯერ დამთავრებული არ იყო. დილით მოკლე გზით ჩაგვიყვანეს ჩვენს მანქანამდე და ჩვენც დურანგოს გზას დავადექით; შინ დაღლილები, მაგრამ უზომოდ კმაყოფილები ვბრუნდებოდით.

ძალიან სასიამოვნო იყო ამ გულწრფელ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთაგან უმეტესობამ ესპანურად არც კითხვა იცოდა, არც წერა და არც ლაპარაკი შეეძლო, მაგრამ ძალიან უნდოდათ, ესწავლათ ჭეშმარიტი ღვთის შესახებ და თაყვანი ეცათ მისთვის! ჩვენ შემდეგ მათ დასახლებაში ექვსი იეჰოვას მოწმე ჩავიდა და სამ კვირას დარჩა იქ. ისინი დაეხმარნენ დაახლოებით 45 ადამიანს, რომლებსაც გულწრფელად სურდათ, იეჰოვასთვის ემსახურათ. მათგან ყველა რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს.

დაბოლოს, ლოს-არენალესის ერთადერთ პატარა მაღაზიაში აღარ იყიდება სიგარეტი, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ბიბლიას სწავლობს და სიგარეტს აღარ ეწევა. მათ აგრეთვე რეგისტრაციაში გაატარეს თავიანთი ქორწინება.

[სურათი 24 გვერდზე]

მელესიო ცოლთან, ოთხ ქალიშვილსა და სიდედრთან ერთად

[სურათები 25 გვერდზე]

ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრა ლოს-არენალესში

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

Servicio Postal Mexicano, Correos de Mexico