რა არის ღვთის სამეფო?
რა არის ღვთის სამეფო?
„სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14).
იესომ მთაზე ქადაგებისას მოგვცა ლოცვის ნიმუში, რომელშიც ასეთი თხოვნაც შედიოდა: „მოვიდეს შენი სამეფო“. მილიონობით ადამიანმა ზეპირად იცის ეს ლოცვა და ხშირად იმეორებს მას. ერთი ენციკლოპედიის თანახმად, ეს არის „ყველა ქრისტიანის თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილი და მთავარი ლოცვა“. მაგრამ მრავალმა არც კი იცის, რა არის სამეფო და რას გააკეთებს ის? (მათე 6:9, 10).
ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები ხშირად ურთიერთსაპირისპირო, ბუნდოვან და რთულ განმარტებას იძლევიან იმის შესახებ, თუ რა არის ღვთის სამეფო. ერთი განმარტების თანახმად, ღვთის სამეფო არის „რაღაც ზებუნებრივი . . . შინაგანი კავშირი ცოცხალ ღმერთთან . . . ღმერთთან დამოკიდებულება, რომელსაც კაცებისა და ქალებისთვის ხსნა მოაქვს“. სხვაგან ნათქვამია, რომ სწავლება სამეფოზე არის „მოძღვრება ეკლესიის შესახებ“. „კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოს“ თანახმად, „ღვთის სასუფეველი [არის] სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდით“.
ამ ჟურნალის მე-2 გვერდზე ეს საკითხი ბევრად უფრო ნათლად არის ახსნილი: „ღვთის სამეფო, ზეცაში დამყარებული რეალური ხელისუფლება, მალე ბოროტებას აღმოფხვრის და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს“. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ.
დედამიწის მომავალი მმართველები
სამეფო არის ხელისუფლება, რომელსაც მეფე უდგას სათავეში. ღვთის სამეფოს მეფე მკვდრეთით აღდგენილი იესო ქრისტეა. ზეცაში მისი გამეფება წინასწარმეტყველ დანიელის ხილვაში ასეა აღწერილი: „აი, ცის ღრუბლებზე მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის [იესოს] მსგავსი. მას ძველ დღეთასთან [იეჰოვა ღმერთთან] მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს. მას მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:13, 14).
დანიელის წინასწარმეტყველებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთმა სამეფო მყარად დააფუძნა. ეს სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანთა ყველა ხელისუფლებას, თავად კი მარადიულად იარსებებს. დანიელის წინასწარმეტყველების მე-2 თავში აღწერილია სიზმარი, რომელიც ღმერთმა ბაბილონის მეფეს ახილვინა. ამ სიზმარში მან ნახა დიდი ქანდაკება, რომლითაც მსოფლიო იმპერიები იყო წარმოდგენილი. დანიელმა ეს სიზმარი ასე ახსნა: „უკანასკნელ დღეებში . . . ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:28, 44).
ღვთის სამეფოს მეფე მარტო არ იმმართველებს. დედამიწაზე მსახურებისას იესომ თავისი ერთგული მოციქულები დაარწმუნა, რომ სხვებთან ერთად ისინიც აღდგებოდნენ მკვდრეთით ზეციერი ცხოვრებისთვის და ტახტებზე დასხდებოდნენ (ლუკა 22:28—30). ის არ გულისხმობდა პირდაპირი გაგებით ტახტებს, რადგან იესოს სიტყვების თანახმად, ეს სამეფო ზეცაში უნდა ყოფილიყო. ბიბლია გვამცნობს, რომ იესოს თანამმართველები იქნებოდნენ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“; ღმერთმა თავის „სამეფოდ და მღვდლებად გახადა ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10).
რატომ არის ცნობა სამეფოს შესახებ სასიხარულო?
ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტე იესოს მიეცემოდა მეფობა ყოველ „ხალხზე, ერზე და ენაზე“ და მისი თანამმართველები იქნებოდნენ მეფეები მთელ დედამიწაზე. მაშინ, ვინ იქნებიან ამ სამეფოს ქვეშევრდომები? ისინი, ვინც დადებითად გამოეხმაურებიან სასიხარულო ცნობას, რომელსაც დღეს ქადაგებენ. სამეფოს ქვეშევრდომებს შორის იქნებიან დედამიწაზე საცხოვრებლად მკვდრეთით აღდგენილნიც, რომელთაც მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ.
ბიბლია ნათლად და გასაგებად აღწერს კურთხევებს, რომლებსაც ღვთის სამეფო ადამიანებს მოუტანს. აი, ზოგიერთი მათგანი:
„ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“ (ფსალმუნი 46:9).
„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ესაია 65:21, 22).
„[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
„მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6).
„მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29).
„თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).
ეს ნამდვილად სასიხარულო ცნობაა! უფრო მეტიც, შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, რომ ახლოს არის დრო, როდესაც ღვთის სამეფო სამართლიანად იმმართველებს მთელ დედამიწაზე.