არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

როგორ ისწავლა ადამიანების სიყვარული ერთმა პანკ-როკის მიმდევარმა, რომელიც ერთ დროს საზოგადოებას გაურბოდა? რამ აღძრა მექსიკელი მამაკაცი, უზნეო ცხოვრება მიეტოვებინა? როგორ დატოვა ერთმა წარმატებულმა იაპონელმა ველომრბოლმა სპორტი ღვთის მსახურების გამო? ვნახოთ, რას გვიამბობენ თავად ისინი.

„უხეში, აგრესიული და ამპარტავანი ვიყავი“ — დენის ო’ბირნი

დაბადების წელი: 1958

ქვეყანა: ინგლისი

წარსულში: პანკ-როკის მიმდევარი

მოკლე ბიოგრაფია: ირლანდიურ ოჯახში დავიბადე, ამიტომ კათოლიკედ აღმზარდეს. ეკლესიაში რეგულარულად დავდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მომწონდა. სულიერ წყურვილს ვერ ვიკლავდი. „მამაო ჩვენოს“ ყოველთვის ვამბობდი. მახსოვს, ღამით საწოლში როგორ ვფიქრობდი მის მნიშვნელობაზე. ლოცვას ნაწილებად ვყოფდი და ვცდილობდი, თითოეულის მნიშვნელობას ჩავწვდომოდი.

მოზარდობის წლებში რასტაფართა მოძრაობას შევუერთდი. მაინტერესებდა აგრეთვე ისეთი პოლიტიკური მოძრაობები, როგორიც იყო ანტინაცისტური ლიგა. მაგრამ ყველაზე მეტად პანკ-როკის მიმდევართა ცხოვრებამ გამიტაცა და მალევე გადავიღე მათი მოჯანყე სტილი. ვიღებდი ნარკოტიკებს, განსაკუთრებით მარიხუანას, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვეწეოდი. ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, უზომოდ ვსვამდი, სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი და არავინ მაინტერესებდა. საზოგადოებას გავერიყე, იშვიათად ველაპარაკებოდი ადამიანებს და ისიც მაშინ, როცა ვფიქრობდი, რომ ეს აუცილებელი იყო. იმაზეც კი უარს ვამბობდი, რომ ვინმეს ჩემთვის სურათი გადაეღო. ახლა ვხვდები, რომ უხეში, აგრესიული და ამპარტავანი ვიყავი. კარგი და გულუხვი მხოლოდ მის მიმართ ვიყავი, ვინც ჩემთან ახლოს იყო.

ოცი წლის ასაკში ბიბლიით დავინტერესდი. ციხეში ჯდომის დროს ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობდა, ბიბლიის კითხვა დაიწყო. ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით ხოლმე რელიგიაზე, ეკლესიასა და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენდა სატანა მსოფლიოზე. ვიყიდე ბიბლია და დამოუკიდებლად დავიწყე მისი გამოკვლევა. მე და ჩემი მეგობარი გარკვეულ ნაწილებს ვკითხულობდით, მერე ერთად ვმსჯელობდით და დასკვნებს ვაკეთებდით. ასე გრძელდებოდა თვეების განმავლობაში.

ბიბლიის გამოკვლევამ შემდეგ დასკვნამდე მიგვიყვანა: ჩვენ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ; ქრისტიანები ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უნდა ქადაგებდნენ; ისინი არ უნდა იყვნენ ამ ქვეყნიერების ნაწილი და არც პოლიტიკაში უნდა ერეოდნენ. გავიგეთ ისიც, რომ ბიბლიაში მოცემულია ზნეობრივი პრინციპები, რომლის თანახმადაც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი. აშკარად დავინახეთ, რომ ბიბლიაში ჭეშმარიტება ეწერა და მივხვდით, რომ არსებობდა ჭეშმარიტი რელიგია. მაგრამ რომელი იყო ეს? დავრწმუნდით, რომ წამყვანი რელიგიები ქრისტეს კვალს არ მიჰყვებოდნენ, რადგან პომპეზურობითა და ცერემონიებით გამოირჩეოდნენ და პოლიტიკაშიც ერეოდნენ. აშკარად დავინახეთ, რომ ღმერთი მათთან არ იყო, ამიტომ ჭეშმარიტების ძიება ნაკლებად ცნობილ რელიგიებში განვაგრძეთ.

შევხვდით ზოგიერთი ამ რელიგიის მიმდევარს და მრავალი კითხვა დაუსვით. კითხვებზე პასუხი ჩვენ უკვე ვიცოდით ბიბლიიდან, ამიტომ ადვილად ვხვდებოდით, ღვთის სიტყვიდან გვპასუხობდნენ თუ არა. შეხვედრებამდე ღმერთს ყოველთვის ვთხოვდი: თუ ეს ხალხი ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევარია, გთხოვ, მათთან შეხვედრის სურვილი კვლავ გამიჩინე. თვეების განმავლობაში ვხვდებოდი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მაგრამ ჩვენს კითხვებზე პასუხებს ბიბლიიდან ვერავინ გვცემდა; არც რომელიმე მათგანთან გამჩენია ხელმეორედ შეხვედრის სურვილი.

ბოლოს მე და ჩემი მეგობარი იეჰოვას მოწმეებს შევხვდით და მათაც იგივე კითხვები დავუსვით. ჩვენდა გასაკვირად, ყველა კითხვაზე ბიბლიიდან გვიპასუხეს. მათი ნათქვამი ზუსტად შეესაბამებოდა იმას, რაც ბიბლიიდან გვქონდა ნასწავლი. ბოლოს უკვე ისეთი კითხვები დავუსვით, რომლებზეც ჯერ ჩვენ არ გვქონდა პასუხები. მაგალითად გვაინტერესებდა, რა თვალსაზრისი ჰქონდა ღმერთს სიგარეტსა და ნარკოტიკებზე. მათ კვლავ ბიბლიიდან გვიპასუხეს. შევთანხმდით, რომ მათ შეხვედრას დავესწრებოდით.

ამის გაკეთება ჩემთვის იოლი არ იყო. ხალხს გავურბოდი და არ მსურდა, ურთიერთობა მქონოდა ამ ლამაზად ჩაცმულ, თბილ ადამიანებთან. როცა ზოგიერთი მათგანი ჩემთან სალაპარაკოდ მოვიდა, მათ მოტივებში ეჭვი შემეპარა, ამიტომ მოწმეების შეხვედრებზე დასწრების სურვილი დავკარგე. ღმერთს ისევ ვთხოვე, რომ თუ ისინი ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები იყვნენ, მათთან შეხვედრის სურვილი კვლავ გამჩენოდა. ვიგრძენი, რომ უზომოდ მინდოდა მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყება.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ვიცოდი, რომ ნარკოტიკებისთვის უნდა დამენებებინა თავი და ეს არც გამჭირვებია. ყველაზე რთული ჩემთვის სიგარეტის გადაგდება აღმოჩნდა. რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. როცა გავიგე, რომ ზოგმა ადვილად დაანება სიგარეტს თავი და მას შემდეგ აღარ მოუწევია, იეჰოვას მივმართე ლოცვით. მხოლოდ იეჰოვას დახმარებით შევძელი სიგარეტის გადაგდება. ამის შემდეგ კიდევ უფრო დავაფასე იეჰოვასთან გულწრფელი საუბარი.

კიდევ ერთი დიდი ცვლილება ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებით მოვახდინე. პირველად სამეფო დარბაზში რომ მივედი, პანკ-როკის მიმდევართათვის დამახასიათებელი ვარცხნილობა მქონდა. თმა ლურჯად მქონდა შეღებილი, რომელიც მოგვიანებით ნარინჯისფრად გადავიღებე. ჯინსები და წარწერებიანი ტყავის პიჯაკი მეცვა. როცა მოწმეები თავაზიანად დამელაპარაკნენ ჩაცმულობაზე, ვერანაირი მიზეზი ვერ დავინახე, რომ შევცვლილიყავი. ბოლოს დავფიქრდი 1 იოანეს 2:15—17-ში ჩაწერილ სიტყვებზე: „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს“. ჩემი გარეგნობა კი იმაზე მეტყველებდა, რომ ქვეყნიერება მიყვარდა. მივხვდი, რომ ღვთის სიყვარულს იმით დავამტკიცებდი, თუ გარეგნობას შევიცვლიდი. ასეც მოვიქეცი.

დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მხოლოდ მოწმეების სურვილი არ იყო, ქრისტიანულ შეხვედრებს დავსწრებოდი. ებრაელების 10:24, 25-დან დავინახე, რომ ღმერთსაც ეს სურდა. რეგულარულად ვესწრებოდი კრების შეხვედრებს და როცა მოწმეები ახლოს გავიცანი, გადავწყვიტე, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვნათლულიყავი.

კურთხევები: ჩემზე დიდად იმოქმედა იმან, რომ იეჰოვა თავისთან დაახლოების უფლებას გვაძლევს. მისმა თანაგრძნობამ და მზრუნველობამ აღმძრა, მიმებაძა მისთვის და მისი ძე იესო ქრისტესთვის (1 პეტრე 2:21). ვისწავლე, როგორ შემეძინა ქრისტიანული თვისებები და ამავე დროს საკუთარი ინდივიდუალურობაც შემენარჩუნებინა. ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რომ სიყვარული და მზრუნველობა მესწავლა. ვცდილობდი, ცოლ-შვილთან ურთიერთობისას ქრისტესთვის მიმებაძა. ამასთანავე, მთელი გულით ვზრუნავდი თანაქრისტიანებზე. ქრისტიანობამ ღირსების გრძნობა ამიმაღლა, საკუთარი თავის პატივისცემა და ადამიანების სიყვარული მასწავლა.

„პატივისცემით მომექცნენ“ — გვადალუპე ვილიარეალი

დაბადების წელი: 1964

ქვეყანა: მექსიკა

წარსულში: ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე სონორის შტატის ქალაქ ერმოსილიოს (მექსიკა) ღარიბ უბანში. ოჯახში შვიდი და-ძმანი ვიყავით. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მამა რომ გარდაგვეცვალა. დედა დღე და ღამეს ასწორებდა, ჩვენთვის ლუკმა პური რომ ეშოვა. ფეხსაცმლის საყიდელი ფული არ გვქონდა და მუდამ ფეხშიშველი დავდიოდი. წამოვიზარდე თუ არა, მუშაობა დავიწყე, რომ ოჯახს დავხმარებოდი. მრავალი ოჯახის მსგავსად, ჩვენც ვიწროდ ვცხოვრობდით.

დედა ისე იყო დაკავებული, რომ შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ გვაქცევდა. ექვსი წლის, რომ ვიყავი 15 წლის ბიჭმა გამაუპატიურა. ჩემზე სექსუალური ძალადობა წლები გრძელდებოდა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ სექსზე არასწორი შეხედულება ჩამომიყალიბდა. ვფიქრობდი, ნორმალური იყო, რომ კაცები მიზიდავდა. როცა დახმარებისთვის ექიმებსა და სასულიერო პირებს მივმართე, დამარწმუნეს, რომ პრობლემა არ მქონდა და ამაში არაბუნებრივი არაფერი იყო.

14 წლისამ გადავწყვიტე, აღარ დამემალა, რომ ჰომოსექსუალისტი ვიყავი. მომდევნო 11 წელი ასეთ ცხოვრებას ვეწეოდი და არაერთ მამაკაცთან მქონდა კავშირი. გარკვეული დროის შემდეგ თმის შეჭრა ვისწავლე და სილამაზის სალონი გავხსენი. მაგრამ მაინც არ ვიყავი ბედნიერი. ცხოვრებაში ბევრი ტანჯვა გამოვიარე და არაერთხელ გავხდი ღალატის მსხვერპლი. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ნეტავ არსებობენ კარგი და ღირსეული ადამიანები?“

ხშირად ვფიქრობდი ჩემს უფროს დაზე, რომელმაც იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მოინათლა. ის მიყვებოდა, რასაც ბიბლიიდან სწავლობდა, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი. მიუხედავად ამისა, მოხიბლული ვიყავი მისი ოჯახური ცხოვრებით. ვხედავდი, რომ მას და მის ქმარს ერთმანეთი მართლა უყვარდათ და პატივისცემით ექცეოდნენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში ერთმა იეჰოვას მოწმემ ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თავიდან შესწავლას ზერელედ ვეკიდებოდი, მერე კი ყველაფერი შეიცვალა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ერთხელ მოწმეებმა კრების შეხვედრაზე დამპატიჟეს და მეც წავედი. სრულიად სხვა გარემოში აღმოვჩნდი. როგორც წესი, ხალხი სასაცილოდ მიგდებდა, მაგრამ მოწმეებს ეს არ გაუკეთებიათ. ისინი თბილად მესალმებოდნენ და პატივისცემით მეპყრობოდნენ. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.

მოწმეებმა ჩემზე კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, როცა მათ კონგრესს დავესწარი. დავინახე, რომ ჩემი დის მსგავსად ისინიც გულწრფელები იყვნენ. მაშინ ვკითხე საკუთარ თავს, ნეტავ ესენი ხომ არ არიან ის კარგი და ღირსეული ადამიანები, რომლებსაც ამდენი ხანი ვეძებდი. მათმა სიყვარულმა და ერთიანობამ გამაოცა. აღფრთოვანებული ვიყავი იმითაც, თუ როგორ ოსტატურად იყენებდნენ ისინი ბიბლიას ჩემს კითხვებზე პასუხის გასაცემად. მივხვდი, რომ ბიბლიამ შეცვალა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ. მათ გვერდით რომ ვყოფილიყავი, მეც ბევრი რამ უნდა შემეცვალა.

ფაქტობრივად, მეტამორფოზა უნდა განმეცადა, რადგან ქალივით ვცხოვრობდი. უნდა შემეცვალა მეტყველება, მანერები, ჩაცმულობა, ვარცხნილობა და მეგობრები. ძველი მეგობრები დამცინოდნენ და მეუბნებოდნენ: „ასე რატომ იქცევი? ისედაც კარგი ხარ. დაანებე თავი ბიბლიას. ყველაფერი გაქვს, მეტი რაღა გინდა?“. ჩემთვის ყველაზე რთული უზნეო ცხოვრების მიტოვება იყო.

მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავდი. ჩემზე ძალიან იმოქმედა 1 კორინთელების 6:9—11-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ“. იეჰოვა ადრეც ეხმარებოდა ხალხს შეცვლაში და მეც დამეხმარა. რამდენიმე წელი დიდი ბრძოლა დამჭირდა რომ შევცვლილიყავი. დამეხმარა ასევე მოწმეების მიერ გამოვლენილი სიყვარული და რჩევები.

კურთხევები: დღეს ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ. მყავს ცოლი და ორივე ერთად ჩვენს ვაჟს ბიბლიურ პრინციპებს ვუნერგავთ. ძველი ცხოვრება უკან მოვიტოვე. დღეს ბედნიერი ვარ, რადგან არ მაკლია სულიერი კურთხევები. კრებაში უხუცესად ვმსახურობ და სხვებს ჭეშმარიტების გაგებაში ვეხმარები. ჩემმა ცვლილებამ დედაჩემი ისე გაახარა, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მოინათლა კიდეც. ჩემი უმცროსი დაც იეჰოვას მოწმე გახდა, რომელიც ადრე უზნეო ცხოვრებას ეწეოდა.

ზოგმა ძველმა მეგობარმა აღიარა, რომ ბიბლიამ უკეთეს ადამიანად მაქცია. ვიცი, ეს რა ძალამ შემაძლებინა. წარსულში დახმარებისთვის პროფესიონალებს მივმართავდი, მაგრამ სასარგებლო რჩევებს ვერ მაძლევდნენ. ჩემი დახმარება მხოლოდ იეჰოვამ შეძლო. მართალია თავს უღირსად ვგრძნობდი, მაგრამ იეჰოვამ შემამჩნია და სიყვარულითა და მოთმინებით მომექცა. იმის გაანალიზებამ, რომ ასეთმა დიდებულმა, გონიერმა და მოსიყვარულე ღმერთმა ყურადღება მომაპყრო, ძალა მომცა, შევცვლილიყავი.

„დაუკმაყოფილებლობას, მარტოობასა და სიცარიელეს ვგრძნობდი“ — კაზუხირო კუნიმოჩი

დაბადების წელი: 1951

ქვეყანა: იაპონია

წარსულში: ველომრბოლი

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე იაპონიის ერთ წყნარ საპორტო ქალაქში, რომელიც შიზუოკას პრეფექტურას ეკუთვნის. ოჯახში რვანი ვიყავით და პატარა სახლში ვცხოვრობდით. მამაჩემი ველოსიპედების მაღაზიის მენეჯერი იყო. პატარაობიდანვე მამას ველომრბოლთა შეჯიბრებებზე დავყავდი, რომ სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი გამჩენოდა. მას ძალიან უნდოდა, რომ პროფესიონალი ველომრბოლი გავმხდარიყავი. დაწყებითი კლასი რომ დავამთავრე, მამამ ინტენსიურად დამაწყებინა ვარჯიში. მაღალ კლასებში ყოველწლიურ ეროვნულ შეჯიბრებებში ერთი მეორის მიყოლებით სამჯერ მოვიპოვე გამარჯვება. ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან შემოთავაზება მივიღე, რომ მათთან გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ გადავწყვიტე, ველომრბოლთა სკოლაში წავსულიყავი. 19 წლისა უკვე პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავი.

ამის შემდეგ გადავწყვიტე, იაპონიის საუკეთესო ველომრბოლი გავმხდარიყავი. მინდოდა, ბევრი ფული მეშოვა, რომ ჩემს ოჯახს უზრუნველად ეცხოვრა. ამ მიზნისთვის რომ მიმეღწია, დღედაღამ ვვარჯიშობდი. ვარჯიშისა და შეჯიბრის დროს, როცა ძალები მეცლებოდა, საკუთარ თავს შევუძახებდი ხოლმე, რომ ამ სპორტისთვის ვიყავი დაბადებული და ფარ-ხმალი არ უნდა დამეყარა. შრომა დამიფასდა. პირველივე წელს დამწყებ მრბოლელებს შორის პირველ ადგილზე გავედი. მომდევნო წელს ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოვიპოვე. ასეთ შეჯიბრებებზე ექვსჯერ გავედი მეორე ადგილზე.

რადგან წლების მანძილზე ვინარჩუნებდი ამ ადგილს, იაპონიაში „ძლიერფეხება ტოკაელი“ შემარქვეს. პირველობის სული მქონდა და ზოგჯერ შეჯიბრების დროს დაუნდობელი ვიყავი, რაც ცოტა არ იყოს მაშინებდა. ჩემი შემოსავალი თანდათანობით იზრდებოდა. შემეძლო ყველაფერი მეყიდა, რასაც მოვისურვებდი. შევიძინე სახლი, სადაც განთავსებული იყო სავარჯიშო ოთახი საუკეთესო ტრენაჟორებით. ვიყიდე უცხოური მანქანა, რომელშიც თითქმის იმდენივე გადავიხადე, რამდენიც სახლში. უზრუნველი მომავალი რომ მქონოდა, ფული დავაბანდე უძრავ ქონებაში და საფონდო ბირჟაზე.

დაოჯახებული ვიყავი და სამი შვილი მყავდა, მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობას, მარტოობასა და სიცარიელეს ვგრძნობდი. ცოლ-შვილთან ხშირად მქონდა კონფლიქტი. პატარა რამეზეც კი მდგომარეობიდან გამოვდიოდი. შეშინებულები თვალებში შემომყურებდნენ, რომ გაეგოთ ცუდ ხასიათზე ხომ არ ვიყავი.

ერთხელაც ჩემმა ცოლმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამან ბევრი რამ შეცვლა. ცოლმა მითხრა, რომ მოწმეების შეხვედრებზე სურდა დასწრება. გადავწყვიტე, ამ შეხვედრას მთელი ოჯახი ერთად დავსწრებოდით. დღესაც მახსოვს ის საღამო, როცა სახლში ერთი უხუცესი მესტუმრა და ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა ის, რასაც ვსწავლობდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: არასოდეს დამავიწყდება, როგორ იმოქმედა ჩემზე ეფესოელების 5:5-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „არც მეძავს, არც უწმინდურს და არც ხარბს, იგივე კერპთაყვანისმცემელს, არა აქვს მემკვიდრეობა ღვთისა და ქრისტეს სამეფოში“. მივხვდი, რომ ველოსპორტი აზარტული თამაშივით იყო და სიხარბის სულს მივითარებდა. სინდისმა ქენჯნა დამიწყო. ვგრძნობდი, იეჰოვასთვის რომ მესიამოვნებინა, სპორტისთვის თავი უნდა დამენებებინა. მაგრამ ეს ადვილი არ იყო.

ის წელი ჩემთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და დიდი შემოსავალი მომიტანა, მაგრამ მე უფრო მეტის შოვნის სურვილი გამიჩნდა. თუმცა იმასაც ვხედავდი, რომ ბიბლიის შესწავლა ჩემზე დადებითად მოქმედებდა და უფრო მშვიდი და წყნარი ვხდებოდი. ამ განწყობას საერთო არაფერი ჰქონდა მეტოქეობის სულთან, რაც მოგებისთვის იყო საჭირო. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან მხოლოდ სამ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა, თუმცა ეს უწინდებური ხალისით არ გამიკეთებია. სპორტი რომ მიმეტოვებინა, არ ვიცოდი, ოჯახი როგორ მერჩინა. გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი. ჩემი ახალი რწმენის გამო, ნათესავებთან ურთიერთობა დამეძაბა. მამაჩემი იმედგაცრუებული და განაწყენებული იყო. ცუდ დღეში ვიყავი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. სტრესისგან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიც კი გამიჩნდა.

იმ რთული პერიოდის გადატანაში ბიბლიის შესწავლა და მოწმეების შეხვედრებზე დასწრება დამეხმარა. დროთა განმავლობაში რწმენა გამიძლიერდა. იეჰოვას ვთხოვე ჩემი ლოცვები შეესმინა და იმაშიც დავერწმუნებინე, რომ ნამდვილად ისმენდა. სტრესი მომეხსნა, როცა ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ დიდ სახლში ცხოვრება, სულაც არ იყო საჭირო ბედნიერებისთვის. ნელ-ნელა სულიერად წინ წავიწიე.

კურთხევები: მათეს 6:33-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე გამოვცადე. იქ წერია: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“. არასდროს მოგვკლებია „სხვა დანარჩენი“ ანუ სიცოცხლისთვის აუცილებელი. დღეს ჩემი შემოსავალი 30-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მაშინ, როცა ველოსპორტს მივსდევდი, მაგრამ უკვე ოცი წელია, მე და ჩემს ოჯახს მატერიალურად არ გაგვჭირვებია.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას ისეთ სიხარულსა და კმაყოფილებას განვიცდი, როგორიც არასდროს განმიცდია. წლები სწრაფად გადის. დღეს ჩვენს ოჯახში უკვე სითბო და სიყვარული სუფევს. ჩემი ვაჟები მეუღლეებთან ერთად ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას.