არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვირწმუნე

ვირწმუნე

მიჰბაძეთ მათ რწმენას

ვირწმუნე

მართას ჯერ კიდევ თვალწინ ედგა თავისი ძმის სამარხი, გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული. მწუხარებისგან გული საშინლად დამძიმებოდა. ვერ იჯერებდა, რომ მისი საყვარელი ძმა ცოცხალი აღარ იყო. უკვე ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც მან სამუდამოდ დახუჭა თვალი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მართას თვალზე ცრემლი არ შეშრობია და არც სანუგეშებლად მისული ხალხის ნაკადი შეწყვეტილა.

ახლა კი, მართას წინ იდგა კაცი, რომელიც ლაზარესთვის ძალიან ძვირფასი იყო. იესოს დანახვაზე მართას ტკივილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა, რადგან ის სამყაროში ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც მისი ძმის გადარჩენა შეეძლო. და მაინც, მართა ცოტათი დამშვიდდა, რადგან იესო მის გვერდით იყო. როგორც კი მის თვალებში სითბო და გულწრფელი თანაგრძნობა დაინახა, მართამ ნუგეში პოვა. კითხვების მეშვეობით იესომ მართას ყურადღება რწმენასა და მკვდრეთით აღდგომის იმედზე გადაატანინა. სწორედ ამ საუბრის დროს თქვა მართამ თავის სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები: „ვირწმუნე, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე, ქვეყნიერებაში მომავალი“ (იოანე 11:27).

მართას ძლიერი რწმენა ჰქონდა. ის მცირე ინფორმაციაც კი, რაც მის შესახებ ბიბლიაში ჩაიწერა, საკმარისია ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად. ამისათვის, მოდი თვალი გადავავლოთ იმ ბიბლიურ მონაკვეთს, სადაც მართას პირველად ვხვდებით.

„ქალი, რომელიც ბევრ რამეზე წუხდა და ზრუნავდა“

რამდენიმე თვით ადრე, როცა ლაზარე ჯერ კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი იყო, მისი ოჯახი ბეთანიაში განსაკუთრებული სტუმრის, იესო ქრისტეს, დასახვედრად ემზადებოდა. ლაზარე, მართა და მარიამი დედმამიშვილები იყვნენ და, სავარაუდოდ, ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ზოგი მკვლევარის აზრით, მართა უფროსი იყო, რადგან, როგორც ჩანს, სტუმრების გამასპინძლებას თავის თავზე იღებდა და სახარების დამწერი იოანეც და-ძმებიდან პირველს მას მოიხსენიებს (იოანე 11:5). ცნობილი არ არის, იყო თუ არა რომელიმე მათგანი დაოჯახებული, თუმცა ის კი ვიცით, რომ სამივენი იესოს ახლო მეგობრები იყვნენ. იუდეაში მსახურებისას, სადაც სასტიკ დევნასა და მტრობას ხვდებოდა, იესომ მათ სახლში პოვა თავშესაფარი. უდავოა, მას ძალიან სიამოვნებდა ამ ოჯახში ყოფნა, სადაც სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა.

მართა ყველანაირად ცდილობდა, რომ მის სახლში სტუმარს თავი კარგად ეგრძნო. ის შრომისმოყვარე, გამრჯე ქალი იყო და, ალბათ, დამჯდარს ვერ ნახავდით. არც იესოს სტუმრობა იყო გამონაკლისი. ამ ძვირფასი სტუმრისა და მისი თანამგზავრებისთვის მან გადაწყვიტა, განსაკუთრებული სუფრა გაეშალა. იმ დროს სტუმარს დიდი პატივისცემით იღებდნენ. სახლში შესულ სტუმარს მასპინძელი სიხარულით ეგებებოდა, გადაკოცნიდა, სანდლებს ხდიდა, ფეხებს აბანინებდა და თავზე სურნელოვან ზეთს სცხებდა (ლუკა 7:44—47). ტრადიციის თანახმად, სტუმარს უხვად უმასპინძლდებოდნენ და კარგ ადგილას აძინებდნენ.

მართას და მარიამს ბევრი რამ ჰქონდათ გასაკეთებელი, რომ სტუმრებს სათანადოდ გამასპინძლებოდნენ. ცხადია, მარიამი, რომელიც ერთი შეხედვით უფრო მგრძნობიარე და ინტერესიანი ჩანს, თავიდან ეხმარებოდა მართას. მაგრამ როგორც კი იესო დაინახა, ყველაფერს თავი მიანება. იესოს სურდა, რომ ეს შემთხვევაც გამოეყენებინა და იქ მყოფთათვის ესწავლებინა. იმ დროინდელი რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, იესო აფასებდა ქალებს და სიხარულით ასწავლიდა მათ ღვთის სამეფოს შესახებ. გახარებული მარიამი იესოს ფეხებთან მიუჯდა და გაფაციცებით უსმენდა.

ადვილი წარმოსადგენია, რა ცეცხლი ტრიალებდა მართას გულში. საჭმლის მომზადება თუ სხვა რამე, ყველაფერი მისი გასაკეთებელი გახდა. ის დაბნეული იყო და აღარ იცოდა, რომელი ერთი საქმე მოესწრო. წინ და უკან დარბოდა და ხედავდა, რომ მისი და იქვე იჯდა და არ ეხმარებოდა. ალბათ უკმაყოფილებისგან სახე ჰქონდა ალეწილი, მწარედ ოხრავდა ან წარბს იჭმუხნიდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამდენ საქმეს მარტო ვერ აუვიდოდა.

ბოლოს ვეღარ მოითმინა, იესოსთან მივიდა, სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა: „უფალო, ნუთუ შენთვის სულერთია, ჩემმა დამ რომ მე შემომატოვა ყველაფერი? უთხარი, მომეხმაროს“ (ლუკა 10:40). მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ბიბლიაში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „უფალო, ნუთუ ვერ ხედავ . . . ?“. შემდეგ მან იესოს სთხოვა, მარიამისთვის შენიშვნა მიეცა და ეთქვა, მიხმარებოდა.

იესოს პასუხი ალბათ გააოცებდა მართას. ეს სიტყვები ბიბლიის მრავალ მკითხველსაც აკვირვებს. იესომ რბილად უთხრა: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ და ზრუნავ. საჭირო კი სულ ცოტაა ან მხოლოდ ერთი. მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“ (ლუკა 10:41, 42). რას გულისხმობდა იესო? იმას, რომ მართა ბევრს ფიქრობდა მიწიერზე? ან იქნებ არ აფასებდა მართას შრომას, რომელიც მისთვის გემრიელ სადილს ამზადებდა?

ნამდვილად არა! იესო ხედავდა მართას სუფთა გულსა და მოტივებს. უფრო მეტიც, ის არც გულუხვად გამასპინძლებაში ხედავდა რაიმე ცუდს. არც ისე დიდი ხნის წინ, ის სიამოვნებით მივიდა „დიდ წვეულებაზე“, რომელიც მათემ მის პატივსაცემად გამართა (ლუკა 5:29). პრობლემა საჭმლის მზადება კი არა, მართას პრიორიტეტები იყო. ის საჭმლის მომზადებაზე იმდენს ფიქრობდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი დაავიწყდა.

იესო, იეჰოვა ღმერთის მხოლოდშობილი ძე, მართას სახლში იყო და იქ მყოფთ ჭეშმარიტებას ასწავლიდა. შეიძლება ყოფილიყო რაიმე, თუნდაც საყვარელი საქმე, ამაზე მნიშვნელოვანი? იესოს ნამდვილად დასწყდებოდა გული, რომ მართა ხელიდან უშვებდა რწმენის განმტკიცების უნიკალურ შესაძლებლობას, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო. მარიამის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარად იყო — მართას არ ჰქონდა უფლება იესოსთვის ეთხოვა, ეიძულებინა მარიამი საპირისპირო არჩევანი გაეკეთებინა.

ამიტომ იესომ რბილად მიანიშნა მართას, რომ არასწორად ფიქრობდა; რამდენჯერმე თბილად მიმართა სახელით, რომ დაემშვიდებინა, მერე კი, უთხრა, რომ საჭირო არ იყო ბევრ რამეზე წუხილი და ზრუნვა. ერთი ან ორი კერძი სრულიად საკმარისი იქნებოდა, რადგან იქვე სულიერი ნადიმი იყო გამართული. იესო არავითარ შემთხვევაში არ წაართმევდა მარიამს იმ უკეთესს, რაც აირჩია — იესოსგან სწავლის შესაძლებლობას.

ბიბლიაში აღწერილი ეს ეპიზოდი ქრისტეს დღევანდელი მიმდევრებისთვის კარგი გაკვეთილია. არაფერს უნდა მივცეთ უფლება, რომ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში შეგვიშალოს ხელი (მათე 5:3). ჩვენ გვინდა, მივბაძოთ მართას გულუხვობასა და გარჯაში, მაგრამ არ გვინდა, ზედმეტად ვწუხდეთ ნაკლებად მნიშვნელოვანზე და ამის გამო მხედველობიდან გამოგვრჩეს ყველაზე მნიშვნელოვანი. თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას მთავარი მდიდრული სუფრები კი არ უნდა იყოს, არამედ ერთმანეთის გამხნევება და „სულიერი ძღვნის“ გაზიარება (რომაელები 1:11, 12). უბრალო სუფრასთანაც შეიძლება სასიამოვნო ურთიერთობა.

საყვარელი ძმის სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა

გაითვალისწინა მართამ იესოს შენიშვნა? როგორც ჩანს, კი. მოციქული იოანე თავის სახარებაში ლაზარეს აღდგომის ამაღელვებელი სცენის აღწერისას, ამბობს: „იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც“ (იოანე 11:5). თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც იესო ბეთანიაში ლაზარესთან იყო სტუმრად. ცხადია, მართა არ გაბუტულა და არც წყენა ჩაუდია გულში სიყვარულით მიცემული რჩევის გამო. მართა ამ მხრივაც რწმენის გამოვლენის ჩინებულ მაგალითს გვაძლევს. რომელ ჩვენგანს არ გვჭირდება დროდადრო რჩევა?

როდესაც ლაზარე ცუდად გახდა, მართა ძმას თავზე დაჰფოფინებდა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ მისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა და გამოჯანმრთელებაში დახმარებოდა. მიუხედავად ამისა, ლაზარეს მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. დები დღედაღამ მის გვერდით იყვნენ და მასზე ზრუნავდნენ. რამდენჯერაც შეხედავდა ძმის ღონემიხდილ სახეს, მართას ალბათ იმდენჯერ გაახსენდებოდა ერთად გატარებული წლები — ერთად განცდილი სიხარული თუ მწუხარების წუთები.

როცა მართა და მარიამი მიხვდნენ, რომ ვეღარაფერს უშველიდნენ, ლაზარეს ამბავი იესოს შეატყობინეს. იმ დროს იესო ბეთანიიდან ორი დღის სავალზე ქადაგებდა. დებმა იესოს მოკლედ შეუთვალეს: „უფალო, ის, ვინც გიყვარს, ავად არის“ (იოანე 11:1, 3). მათ იცოდნენ, რომ იესოს უყვარდა ლაზარე და სჯეროდათ, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა მეგობრის დასახმარებლად. იმედოვნებდნენ, რომ იესო ავადმყოფს დროზე მიუსწრებდა? თუ ასე იყო, დებს იმედი გაუცრუვდებოდათ, რადგან ლაზარე მოკვდა.

მართას და მარიამს გლოვის მძიმე დღეები დაუდგათ. ამას ემატებოდა დაკრძალვაზე ზრუნვა და ბეთანიიდან და მის შემოგარენიდან მათ სანუგეშებლად მისული სტუმრების მიღება. იესოსგან კი არაფერი ისმოდა. დღეები გადიოდა, მართა სულ უფრო მეტად ვარდებოდა საგონებელში. ბოლოს, ლაზარეს სიკვდილიდან ოთხი დღის შემდეგ, მართამ გაიგო, რომ იესო ქალაქს უახლოვდებოდა. მართამ ამ მწუხარების დროსაც საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა და ისე გაიქცა იესოსთან შესახვედრად, რომ მარიამისთვისაც კი არაფერი უთქვამს (იოანე 11:20).

როგორც კი მოძღვარი დაინახა, მაშინვე უთხრა ის, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში დებს მოსვენებას არ აძლევდა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. თუმცა მართას ჯერ კიდევ არ ჰქონდა იმედი ბოლომდე გადაწურული, რაც მისი სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „მაგრამ ახლაც ვიცი, რომ რაც უნდა სთხოვო ღმერთს, ღმერთი მოგცემს“. იესოს ნათქვამმა მას რწმენა განუმტკიცა: „აღდგება შენი ძმა“ (იოანე 11:21—23).

მართას ეგონა, რომ იესო მომავალ აღდგომაზე ლაპარაკობდა და უთხრა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:24). მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა. ზოგიერთი იუდეველი წინამძღოლი, რომლებსაც სადუკეველებს ეძახდნენ, უარყოფდა, რომ მკვდრები აღდგებოდნენ. თუმცა ამის შესახებ საკმაოდ გასაგებად ეწერა წმინდა წერილებში (დანიელი 12:13; მარკოზი 12:18). მართამ იცოდა, რომ იესო მკვდრეთით აღდგომას ქადაგებდა და რამდენიმე ადამიანიც ჰყავდა გაცოცხლებული, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო ისე დიდი ხნის მკვდარი, როგორც ლაზარე. მართა ვერც კი წარმოიდგენდა, წინ რა ელოდა.

სწორედ მაშინ თქვა იესომ ეს მნიშვნელოვანი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“. იეჰოვა ღმერთმა თავის ძეს მისცა ძალაუფლება, რომ მომავალში მსოფლიო მასშტაბით აღადგინოს მკვდრები. იესომ ჰკითხა მართას: „გწამს ეს?“. პასუხად მართამ ამ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული სიტყვები უთხრა. მას სჯეროდა, რომ იესო იყო ქრისტე ანუ მესია, ღვთის ძე. მართამ იცოდა, რომ წინასწარმეტყველები იესოს დედამიწაზე მოსვლას წინასწარმეტყველებდნენ (იოანე 5:28, 29; 11:25—27).

აფასებენ ამგვარ რწმენას იეჰოვა ღმერთი და მისი ძე, იესო? მართას თვალწინ განვითარებული მოვლენები ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გვცემს. ის თავისი დის მოსაყვანად გაიქცა. მართამ ისიც დაინახა, როგორ აცრემლდა იესო მარიამთან და სხვა მგლოვიარეებთან საუბრისას. იესოს ცრემლები იმის მაჩვენებელი იყო, რომ მისთვისაც მტკივნეული იყო სიკვდილით გამოწვეული ტკივილი. მართამ გაიგონა, როგორ თქვა იესომ, სამარხისთვის ლოდი მოეცილებინათ (იოანე 11:28—39).

მართამ იესოს ურჩია, ეს არ გაეკეთებინათ, რადგან ოთხი დღის ცხედარი უკვე აყროლებული იქნებოდა. იესომ შეახსენა მას: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“. მანაც ირწმუნა და იხილა იეჰოვა ღმერთის დიდება. სწორედ იეჰოვამ მისცა იესოს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის ძალა! შემდგომში განვითარებული მოვლენები მართას სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებოდა, მაგალითად, როგორ დაიძახა იესომ ხმამაღლა: „ლაზარე, გამოდი!“; როგორ მოისმა სამარხიდან ადამიანის წამოდგომისა და სახვევების შარიშურის ხმა, როცა ის გასასვლელისკენ მიაბიჯებდა; იესოს სიტყვები: „გახსენით, იაროს“; და ის, თუ როგორ ჩაეხუტნენ დები გაცოცხლებულ ძმას (იოანე 11:40—44). მართას გულს დარდი გადაეყარა და შვებით ამოისუნთქა.

ამ შემთხვევიდან ნათლად ჩანს, რომ მკვდრეთით აღდგომა ილუზია არ არის. ეს ბიბლიური სწავლებაა, რომელიც ისტორიულადაც დადასტურებულია. იეჰოვა და მისი ძე ყოველთვის აჯილდოებენ ძლიერი რწმენის მქონე ადამიანებს, როგორც ეს მართას, მარიამისა და ლაზარეს შემთხვევიდანაც გამოჩნდა. თუ მსგავსი რწმენა გექნებათ, ღმერთი თქვენც დაგაჯილდოებთ! *

„მართა . . . ემსახურებოდა“

ბიბლიაში მართა კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული. იესოს დედამიწაზე ყოფნის ბოლო კვირაა. მან იცის, რა ელის წინ და ამჯერადაც ბეთანიაში მიდის, რომელიც იერუსალიმიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. იესომ და ლაზარემ ერთად ივახშმეს კეთროვანი სიმონის სახლში. იმ დროს მართაც იქ იყო და როგორც ბიბლიაში წერია, „სუფრას ემსახურებოდა“ (იოანე 12:2).

მართა ნამდვილად გამრჯე ქალი იყო. ის შრომობს, როცა მის შესახებ ბიბლიაში პირველად ვკითხულობთ და მაშინაც, როცა მის შესახებ ბოლო შემთხვევას ვკითხულობთ. ის ყველაფერს აკეთებს სხვების დასახმარებლად. დღეს ქრისტიანულ კრებებშიც არიან მართას მსგავსი დები, რომლებიც რწმენას საქმეებით ავლენენ. ეს დაუზარელი დები გულუხვობითა და თავგანწირვის სულით გამოირჩევიან. როგორც ჩანს, მართამ ბოლომდე შეინარჩუნა ეს თვისებები, რაც უდავოდ დაეხმარებოდა იმ რთული განსაცდელების გადატანაში, რაც წინ ელოდა.

რამდენიმე დღეში მას იესოს სიკვდილით გამოწვეული ტკივილის ატანა მოუწევდა. სისხლისმსმელ ფარისევლებს, რომლებმაც იესო მოკლეს, ლაზარეს მოკვლაც უნდოდათ, რადგან მისი აღდგომით ბევრმა ირწმუნა ქრისტე (იოანე 12:9—11). ცხადია, საბოლოოდ, სიკვდილი დედმამიშვილებს ერთმანეთს მაინც დააშორებდა. ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ მოხდა ეს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: მართას ძლიერი რწმენა დაეხმარა, რომ ბოლომდე მოეთმინა. ამიტომაც უნდა მივბაძოთ ქრისტიანებმა მართას რწმენის გამოვლენაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 27 დამატებითი ინფორმაცია მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 7. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 11 გვერდზე]

მართამ მწუხარების დროსაც კი მოუსმინა იესოს და ყურადღება უფრო მნიშვნელოვანზე გადაიტანა

[სურათი 12 გვერდზე]

მართამ თავმდაბლურად მიიღო იესოს რჩევა, როცა მან უთხრა, რომ ბევრ რამეზე წუხდა და ზრუნავდა

[სურათი 15 გვერდზე]

მართას რწმენა დაჯილდოვდა, როცა იესომ მისი ძმა მკვდრეთით აღადგინა