არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო — როგორ ცხოვრობდა?

იესო — როგორ ცხოვრობდა?

„ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოანე 4:34).

თუ გავითვალისწინებთ, რა ვითარებაში წარმოთქვა იესომ ეს სიტყვები, უკეთ გავიგებთ, რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. იესოსა და მის მოწაფეებს მთელი დილა სამარიის მთაგორიან მხარეში მოუწიათ სიარული (იოანე 4:6). მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ იესოს შიოდა და საჭმელი შესთავაზეს (იოანე 4:31—33). იესოს პასუხიდან გამოჩნდა, რა იყო მისი ცხოვრების მიზანი. ის ღვთის საქმის შესრულებას ჭამაზე მნიშვნელოვნად თვლიდა. სიტყვით თუ საქმით, იესო ცხადყოფდა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესი ღვთის ნების შესრულება იყო. რა იგულისხმებოდა ამაში?

ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და სწავლება.

ბიბლია გვიხსნის, რა საქმით იყო იესო დაკავებული: „დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა ხალხს, . . ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათე 4:23). იესო ღვთის სამეფოს შესახებ ადამიანებს მხოლოდ კი არ ესაუბრებოდა, არამედ ასწავლიდა, უხსნიდა, მითითებებს აძლევდა და ლოგიკური მსჯელობით არწმუნებდა. იესოს მსჯელობის მთავარი თემა ღვთის სამეფო იყო.

ქადაგების დროს იესო მსმენელებს ასწავლიდა, რა იყო ღვთის სამეფო და რას გააკეთებდა ის მათთვის. ამის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ. აქვე მოყვანილია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც იესომ სამეფოსთან დაკავშირებით წარმოთქვა.

  • ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება. იესო კი იეჰოვას მიერ დანიშნული ამ სამეფოს მეფე (მათე 4:17; იოანე 18:36).

  • სამეფო განწმენდს იეჰოვას სახელს და ღვთის ნებას დედამიწაზე ისევე შეასრულებს, როგორც ზეცაში (მათე 6:9, 10).

  • ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ლუკა 23:42, 43).

  • ღვთის სამეფო დედამიწაზეც მალე დაიწყებს მმართველობას და შეასრულებს ღვთის ნებას (მათე 24:3, 7—12). *

სასწაულები.

იესოს ხალხი, უმთავრესად, როგორც მოძღვარს ისე იცნობდა (იოანე 13:13). იესომ დედამიწაზე სამწელიწად-ნახევარი იმსახურა და ამ დროის განმავლობაში არაერთი სასწაული მოახდინა. ეს სასწაულები სულ მცირე ორ მიზანს ემსახურებოდა. პირველი, ხალხს ერწმუნა, რომ იესო ღმერთმა გამოგზავნა (მათე 11:2—6). მეორე, სასწაულები ცხადყოფდა, რომ იესო, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, მომავალში უფრო დიდი მასშტაბით მოახდენდა სასწაულებს. აი, ზოგი სასწაული, რომელიც იესომ მოახდინა:

წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ცხოვრება ასეთი ძლიერი მეფის მმართველობის დროს!

ხალხს იეჰოვა ღმერთს აცნობდა.

ღვთის ძეზე, იესო ქრისტეზე, უკეთ არავის შეეძლო იეჰოვა ღმერთი ხალხისთვის გაეცნო. იესო იყო „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ და ნებისმიერ სულიერ ქმნილებაზე დიდხანს ცხოვრობდა ზეცაში იეჰოვასთან (კოლოსელები 1:15). წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობა ჰქონდა მას, რომ ჩასწვდომოდა მამის აზროვნებას, გაეგო მისი ნება, ნორმები და გზები.

იესოს შეეძლო თამამად ეთქვა: „არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა. ასევე, არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გაუმჟღავნოს“ (ლუკა 10:22). დედამიწაზე ყოფნისას იესო მთელი მონდომებით ცდილობდა ხალხისთვის თავისი მამის გაცნობას. მისი სწავლება მართლაც განსაკუთრებული იყო, რადგან სულიერ სამყაროში უზენაეს ღმერთთან მკვიდრობდა და იქ ნასწავლი შეეძლო ხალხისთვის გადაეცა (იოანე 8:28).

ის, თუ როგორ აცნობდა იესო ადამიანებს თავის მამას, შეგვიძლია შევადაროთ ტრანსფორმატორის მუშაობის პრინციპს. ამ ელექტრო მოწყობილობას შეუძლია მაღალი ძაბვის ელექტრული დენი დაბალ ძაბვად გარდაქმნას, რათა ჩვეულებრივმა მომხმარებელმა ისარგებლოს ელექტროენერგიით. დედამიწაზე ყოფნისას იესოც ზეცაში მამის შესახებ ნასწავლს ადამიანებს მათთვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი ენით უყვებოდა.

განვიხილოთ, როგორ აცნობდა იესო მამას ადამიანებს:

  • იესომ ხალხს სიმართლე უთხრა ღვთის სახელის, მისი განზრახვისა და გზების შესახებ (იოანე 3:16; 17:6, 26).

  • იესომ თავისი საქმეებით იეჰოვას არაერთი შესანიშნავი თვისება დაანახვა ადამიანებს. ის იმდენად სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს, რომ თამამად შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 5:19; 14:9).

იესოს ცხოვრება მართლაც განსაკუთრებული იყო. თუ გამოვიკვლევთ იესოს სიკვდილის მიზეზს და ნასწავლის თანახმად ვიცხოვრებთ, უდიდეს კურთხევებს მოვიმკით.

^ აბზ. 9 დამატებითი ინფორმაცია ღვთის სამეფოსა და იმის შესახებ, რომ ის დედამიწაზეც მალე დამყარდება, იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 8, „რა არის ღვთის სამეფო?“ და თავი 9, „ნამდვილად ბოლო დღეებში ვცხოვრობთ?“.