არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

„იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

დაუახლოვდით ღმერთს

„იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

შეხედეთ ამ სურათს! შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა დაცულად გრძნობს თავს ბატკანი მწყემსის უბეში? 23-ე ფსალმუნი მწყემსისა და ცხვრის მაგალითით გვიჩვენებს, თუ რა სათუთად ზრუნავს იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებზე. ღმერთს სურს, რომ ფსალმუნმომღერალ დავითივით ჩვენც დაცულად ვგრძნობდეთ თავს. მან თქვა: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“ (მუხლი 1). *

ამ ფსალმუნის დამწერი დავითი, ახალგაზრდობაში მწყემსი იყო. მან კარგად იცოდა, რა სჭირდებოდა ცხვარს და რაოდენ სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრა მწყემსს. დავითმა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის მზრუნველობა, დაწერა ფსალმუნი, რომელსაც „რწმენისა და ნდობის ფსალმუნს“ უწოდებენ. ამ ფსალმუნის პირველ და ბოლო მუხლებში ღვთის სახელი, იეჰოვაა მოხსენიებული (მუხლები 16). დანარჩენ მუხლებში კი აღწერილია, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე მწყემსივით, რომელიც თავის ცხვარს უვლის (ფსალმუნი 100:3).

იეჰოვა მიუძღვის თავის ცხვარს. მწყემსის მოვლა-პატრონობის გარეშე ცხვარი დაიკარგება. ჩვენც გვჭირდება დახმარება, რომ ცხოვრებაში სწორი გზით ვიაროთ (იერემია 10:23). დავითი გვიხსნის, რომ იეჰოვა თავის ხალხს „აბიბინებული საძოვრებისა“ და „წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ“ მიუძღვის. მას ისინი „სიმართლის ბილიკებით“ მიჰყავს (მუხლები 23). ეს სიტყვები გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია ბოლომდე ვენდოთ ღმერთს. თუ ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის მითითებებს მივყვებით, იმ გზით ვივლით, რომელსაც კმაყოფილება, ხალისი და უსაფრთხოება მოაქვს.

იეჰოვა იცავს თავის ცხვარს. მწყემსის გარეშე ცხვარი დამფრთხალი და უმწეოა. იეჰოვა თავის ხალხს ეუბნება, რომ არაფრის უნდა ეშინოდეთ მაშინაც კი, როცა „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში“ დააბიჯებენ ანუ, როდესაც მათი ცხოვრება სიბნელესავით პირქუში ჩანს (მუხლი 4). იეჰოვა აკვირდება მათ და ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს. ის თავის თაყვანისმცემლებს სიბრძნესა და ძალას აძლევს პრობლემებთან გასამკლავებლად (ფილიპელები 4:13; იაკობი 1:2—5).

იეჰოვა კვებავს თავის ცხვარს. ცხვარს დამოუკიდებლად არ შეუძლია საკვების შოვნა. არც ჩვენ შეგვიძლია სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ღვთის გარეშე (მათე 5:3). საბედნიეროდ, იეჰოვა გულუხვად ზრუნავს თავის მსახურებზე და მათ მდიდრულ სუფრას უშლის (მუხლი 5). ბიბლია და ისეთი ბიბლიური პუბლიკაციები, როგორიც ეს ჟურნალია, სულიერ წყურვილს გვიკლავს და გვიჩვენებს, რა არის სიცოცხლის აზრი და რა განზრახვა აქვს ღმერთს ჩვენთან დაკავშირებით.

დავითი უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, რადგან კარგად იცოდა, რომ თუ ზეციერ მწყემსთან ახლო ურთიერთობა ექნებოდა, იეჰოვას ზრუნვა არ მოაკლდებოდა „მთელი . . . სიცოცხლის დღენი“ (მუხლი 6). გსურთ, რომ თქვენც ასე დაცულად იგრძნოთ თავი? თუ დიახ, გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ იეჰოვას. ამგვარად, უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს დიდებული მწყემსის მკლავებში, რომელიც მიუძღვის, იცავს და კვებავს თავის ერთგულებს (ესაია 40:11).

მაისში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

იობი 38 ფსალმუნი 25

[სქოლიო]

^ აბზ. 1 ბიბლიის ბევრ თარგმანში ეს ფრაზა შემდეგნაირადაა ნათარგმნი: „უფალი ჩემი მწყემსია“. იმის გასაგებად, თუ რატომ არის ზოგიერთ ბიბლიაში ღვთის სახელი, იეჰოვა, შეცვლილი უფლით, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 195—197. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.