იცოდით თუ არა?
იცოდით თუ არა?
ემთხვევა უძველეს თიხის ბეჭდებზე აღბეჭდილი სახელები ბიბლიაში მოხსენიებულ სახელებს?
▪ ძველად ოფიციალურ დოკუმენტებს გრაგნილივით ახვევდნენ და ბაწრით კრავდნენ, შემდეგ კვანძზე სველ თიხას ადებდნენ და ბეჭედს ასვამდნენ. ბეჭედი გამოიყენებოდა ხელმოწერის ნაცვლად, რაიმეს დასამოწმებლად და დოკუმენტის უტყუარობის დასადასტურებლად.
ბეჭდის დასასმელად ზოგჯერ საბეჭდავ ბეჭედს იყენებდნენ და ის მნიშვნელოვან ნივთად ითვლებოდა (დაბადება 38:18; ესთერი 8:8; იერემია 32:44). ხშირად საბეჭდავ ბეჭედზე ამოტვიფრული იყო მისი მფლობელის სახელი, ტიტული და მამის სახელი.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს ასობით უძველესი ანაბეჭდი, რომელიც ბულას სახელითაა ცნობილი. ზოგ მათგანზე ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანების სახელებია აღბეჭდილი. მაგალითად, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბეჭდები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ ისინი იუდას ორი მეფის მიერ იყო დასმული. ერთ მათგანზე წერია: „იუდას მეფე ახაზისა, იოთამის [ვაჟისა]“. მეორეზე კი ვკითხულობთ: „იუდას მეფე ხიზკიასი, ახაზის [ვაჟისა]“ (2 მეფეები 16:1, 20). ახაზი და ხიზკია ძვ. წ. მერვე საუკუნეში მეფობდნენ.
მკვლევარებმა შეისწავლეს რამდენიმე სხვა ბულა, რომლებზეც ფიქრობდნენ, რომ ისინი ბიბლიურ პერსონაჟებს ეკუთვნოდა, მაგალითად, იერემიას წერილებში მოხსენიებულ ბარუქს (იერემიას მდივანს), გემარიას („შაფანის ძეს“), იერახმეელს („მეფის ძეს“), იუქალს („შელემიას ძეს“) და სერაიას (ბარუქის ძმას) (იერემია 32:12; 36:4, 10, 26; 38:1; 51:59).
როგორ არის დღის პერიოდები დაყოფილი ბიბლიაში?
▪ ებრაულ წერილებში ვხვდებით ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა „დილა“, „შუადღე“ და „საღამო“ (დაბადება 24:11; კანონი 28:29; 1 მეფეები 18:26). ებრაელები ღამეს ყოფდნენ სამ გუშაგობად; თითოეული გუშაგობა ოთხ საათს გრძელდებოდა. მოგვიანებით, ებრაელებმა ბერძნებისა და რომაელების მსგავსად, ღამე ოთხ ნაწილად დაყვეს. როგორც ჩანს, დროის დაყოფის ეს სტილი ჰქონდა იესოს მხედველობაში, როცა თქვა: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: დღის ბოლოს, შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ დილით ადრე“ (მარკოზი 13:35). „დღის ბოლო“ იწყებოდა მზის ჩასვლის შემდეგ და საღამოს 9 საათამდე გრძელდებოდა. შემდეგი გუშაგობა შუაღამისას მთავრდებოდა, მესამე გუშაგობა ანუ „მამლის ყივილი“, გრძელდებოდა დაახლოებით დილის 3 საათამდე. ბოლო გუშაგობა ანუ „დილით ადრე“ კი მზის ამოსვლით მთავრდებოდა. როცა იესომ გალილეის ზღვაზე გაიარა, „ღამის მეოთხე გუშაგობა“ იყო (მათე 14:23—26).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებულ სიტყვა „საათში“ იგულისხმებოდა დღის ერთი მეთორმეტედი, დღის ათვლა კი მზის ამოსვლიდან იწყებოდა და მზის ჩასვლისას მთავრდებოდა (იოანე 11:9). ვინაიდან ისრაელში მზის ამოსვლა და ჩასვლა სეზონურად იცვლებოდა, დროს მხოლოდ მიახლოებით განსაზღვრავდნენ, მაგალითად ასე: „მეექვსე საათისთვის“ (საქმეები 10:9).
[სურათი 15 გვერდზე]
თიხაზე დასმული ბეჭდები, რომლებზეც აღბეჭდილია ხიზკიასა და ახაზის სახელები (წინა პლანზე) და შესაძლოა ბარუქის (უკანა პლანზე)
[საავტორო უფლებები]
Back: Courtesy of Israel Museum, Jerusalem
Front: www.BibleLandPictures.com/Alamy
[სურათი 15 გვერდზე]
მზის საათი, რომის იმპერიის ხანა (ძვ. წ. 27— ახ. წ. 476)
[საავტორო უფლებები]
© Gerard Degeorge/ The Bridgeman Art Library International