არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოსაწყენი ხომ არ იქნება სამოთხეში მარადიული სიცოცხლე?

მოსაწყენი ხომ არ იქნება სამოთხეში მარადიული სიცოცხლე?

მკითხველები გვეკითხებიან

მოსაწყენი ხომ არ იქნება სამოთხეში მარადიული სიცოცხლე?

▪ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 37:29; ლუკა 23:43). შეიძლება, რომ სრულყოფილ გარემოში უსასრულოდ ცხოვრება მოსაწყენი გახდეს?

ამ კითხვაზე დაფიქრება მართლაც ღირს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქრონიკული მოწყენილობის გამო, ადამიანი შეიძლება შფოთმა შეიპყროს, დეპრესიაში ჩავარდეს ან თავს რაიმე აუტეხოს. ვისაც ცხოვრებაში მიზანი არა აქვს ან ვინც ყოველდღიური ცხოვრებით გადაიღალა, შეიძლება ყველაფრის ინტერესი დაკარგოს. უაზრო იქნება სამოთხეში ცხოვრება? მოსაბეზრებელი იქნება ყოველდღიური ცხოვრება?

პირველ რიგში დაფიქრდით, რომ მარადიულ სიცოცხლეს ბიბლიის ავტორი, იეჰოვა ღმერთი გვთავაზობს (იოანე 3:16; 2 ტიმოთე 3:16). ღვთის ძირითადი თვისება სიყვარულია (1 იოანე 4:8). იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და ყოველივე კარგი, რაც დღეს გვაქვს, მისგან გვაქვს (იაკობი 1:17).

ჩვენმა შემოქმედმა იცის, რომ ბედნიერებისათვის აზრიანი სამუშაო გვჭირდება (ფსალმუნი 139:14—16; ეკლესიასტე 3:12). ცხოვრება სამოთხეში აზრით აღსავსე და საინტერესო იქნება; ადამიანები რობოტებივით არ შეასრულებენ სამუშაოს. ისინი საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების კეთილდღეობისთვის იშრომებენ (ესაია 65:22—24). განა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება, თუ საინტერესო და პერსპექტიული სამუშაო გექნებოდათ?

იმაზეც დაფიქრდით, რომ იეჰოვა ღმერთი ყველას არ მისცემს სამოთხეში ცხოვრების უფლებას. ის ამით მხოლოდ მათ დააჯილდოვებს, ვინც მის ძეს, იესოს ჰბაძავს (იოანე 17:3). დედამიწაზე ყოფნისას იესო სიამოვნებით ასრულებდა მამის ნებას. ის თავის მიმდევრებს სიტყვითა და საქმით ასწავლიდა, რომ გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას (საქმეები 20:35). სამოთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ძირითადი მცნების შესრულება იქნება. მათ ეყვარებათ ღმერთი და ეყვარებათ მოყვასი (მათე 22:36—40). წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გარშემო უანგარო ადამიანები არიან, რომლებსაც თქვენც უყვარხართ და თავიანთი საქმეც. განა ასეთ ხალხთან ურთიერთობა მოსაწყენი გახდება?

როგორი იქნება ცხოვრება სამოთხეში? იქ ყოველდღე რაღაც ახალს გავიგებთ ჩვენი შემოქმედის შესახებ. მეცნიერებმა უკვე მრავალი რამ აღმოაჩინეს იეჰოვას დიდებული შემოქმედებიდან (რომაელები 1:20). თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. საუკუნეების წინ ერთგულმა კაცმა იობმა ღვთის შემოქმედებაზე დაფიქრების შემდეგ ასეთი სიტყვები თქვა: „აი, მისი [ღვთის] გზების კიდეები, მასზე ჩურჩულით გვესმის! მაგრამ ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?“ (იობი 26:14).

რაოდენ დიდხანსაც არ უნდა ვიცხოვროთ, ბოლომდე ვერასოდეს გავიცნობთ იეჰოვა ღმერთს და ვერ ჩავწვდებით მის საქმეებს. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა მარადიულობა ჩადო ჩვენს გულებში. მაგრამ ამ წიგნში იმასაც ვკითხულობთ, რომ ადამიანი „თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაიგებს, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა“ (ეკლესიასტე 3:10, 11). როგორ ფიქრობთ, მოგბეზრდებათ ოდესმე შემოქმედის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაციის გაგება?

დღეს ისინი, ვინც სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავენ და თავიანთი საქმეებით ღმერთს განადიდებენ, იშვიათად არიან მოწყენილნი. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თუ მსგავსი საქმით ვიქნებით დაკავებული, არასოდეს მოვიწყენთ, მთელი მარადიულობის განმავლობაშიც კი.

[სურათის საავტორო უფლებები 27 გვერდზე]

Earth: Image Science and Analysis Laboratory, NASA-Johnson Space Center; Galaxy: The Hubble Heritage Team (AURA/STScI/NASA)