არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუგეში გულგატეხილთათვის

ნუგეში გულგატეხილთათვის

დაუახლოვდით ღმერთს

ნუგეში გულგატეხილთათვის

„იეჰოვა არასოდეს შემიყვარებს“, — ამბობდა ერთი ქრისტიანი ქალი, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება დეპრესიით იტანჯება. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა შორს იყო მისგან. მართლა შორს არის ღმერთი დეპრესიაში მყოფი თავისი თაყვანისმცემლებისგან? ამ კითხვაზე მანუგეშებელ პასუხს ფსალმუნის 34:18-დან ვიგებთ, რომელიც ფსალმუნმომღერალმა დავითმა ღვთის შთაგონებით დაწერა.

დავითს კარგად ესმოდა, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებზე უკიდურეს მწუხარებას. ახალგაზრდობაში ის გაქცეული იყო და გამუდმებით ემალებოდა შურიან მეფე საულს, რომელსაც მისი მოკვლა სურდა. დავითმა ფილისტიმელთა ქალაქ გათს შეაფარა თავი, რადგან ფიქრობდა, რომ საული მას იქ ვეღარ მიაგნებდა. გათელებმა იცნეს დავითი, მაგრამ მან თავი მოიგიჟიანა და ასე გადაურჩა სიკვდილს. დავითმა დიდება მიაგო ღმერთს გადარჩენისთვის და 34-ე ფსალმუნიც ამ შემთხვევის შემდეგ დაწერა.

ფიქრობდა დავითი, რომ ღმერთი შორს არის გასაჭირში მყოფი თავისი მსახურებისგან, რომლებსაც გული აქვთ დამძიმებული და თავს ღვთის ყურადღების ღირსად არ თვლიან? დავითი წერს: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან [ამ სიტყვას ებრაულ ენაში გულგატეხილის მნიშვნელობაც აქვს] და სულგამწარებულებს იხსნის“ (მუხლი 18). განვიხილოთ, როგორ შეუძლია ამ სიტყვებს გვანუგეშოს და იმედი ჩაგვისახოს.

იეჰოვა ახლოს არის. ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ეს ფრაზა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ უფალი მზრუნველი და ყურადღებიანია. ის ყოველთვის მზად არის თავისი ხალხის დასახმარებლად. გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის აქცევს ყურადღებას თავის ხალხს. ის ხედავს, თუ რა პრობლემებს ხვდებიან მისი მსახურები ამ მძიმე დროში და ესმის, რას გრძნობენ ისინი (2 ტიმოთე 3:1; საქმეები 17:27).

გულგატეხილებთან. ზოგ ქვეყანაში გულგატეხილს უწოდებენ ადამიანს, ვინც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება. მაგრამ, როგორც ერთი სწავლული ამბობს, ფსალმუნმომღერლის სიტყვებში უფრო დიდი მწუხარება და ტკივილი იგულისხმება. დიახ, ზოგჯერ ღვთის ერთგული თაყვანისმცემლებიც ხვდებიან მძიმე განსაცდელებს, რაც მათ გულს უტეხს.

სულგამწარებულებთან. გულგატეხილებს საკუთარ თავზე შეიძლება იმდენად ცუდი წარმოდგენა შეექმნათ, რომ მომენტალურად გადაეწუროთ ყველაფრის იმედი. ბიბლიის მთარგმნელთათვის განკუთვნილ ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ „სულგამწარებული“ შეიძლება ითქვას ადამიანზე, „ვინც კარგს აღარაფერს ელოდება“.

როგორ ეპყრობა იეჰოვა გულგატეხილებსა და სულგამწარებულებს? შორს იჭერს მათგან თავს და ფიქრობს, რომ ისინი არ არიან მისი სიყვარულისა და ყურადღების ღირსნი? ნამდვილად არა! მოსიყვარულე მშობელივით იეჰოვა არასოდეს ტოვებს განსაცდელში თავის თაყვანისმცემლებს, რომლებიც მას საშველად შეღაღადებენ. მას ძალიან სურს, ანუგეშოს და დაამშვიდოს გულგატეხილები და სულგამწარებულები. იეჰოვას შეუძლია მისცეს მათ სიბრძნე და ძალა, რაც საჭიროა განსაცდელებთან გასამკლავებლად (2 კორინთელები 4:7; იაკობი 1:5).

თქვენც შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ დაუახლოვდეთ იეჰოვას. თანამგრძნობი ღმერთი გვპირდება: „დაჩაგრულებთან და თავმდაბლებთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სულები და გამოვაცოცხლო დაჩაგრულთა გულები“ (ესაია 57:15).

ივნისში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ფსალმუნები 26—59