რას ნიშნავს სიღატაკე?
რას ნიშნავს სიღატაკე?
უკიდურესი სიღატაკე საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. იყო ღატაკი ნიშნავს არ გქონდეს საკმარისი საჭმელი, სასმელი, საწვავი, არ გაგაჩნდეს თავშესაფარი, არ შეგეძლოს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განათლების მიღება. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ერთი მილიარდი ადამიანი, დაახლოებით იმდენი, რამდენიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს. თუმცა ისეთ ქვეყნებში მცხოვრები ხალხის უმეტესობისთვის, როგორიცაა დასავლეთი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა, სიღატაკე უცხოა. მოდი, გავეცნოთ სიღატაკეში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობას.
მბარუშიმა რუანდაში (აფრიკა) ცხოვრობს ცოლთან და ხუთ შვილთან ერთად. მისი მეექვსე შვილი მალარიით დაიღუპა. ის გვიყვება: „მამაჩემმა მიწის ნაკვეთი ექვს და-ძმას გაგვიყო. მე იმდენად პატარა ნაკვეთი მერგო, რომ იძულებული გავხდი, მეზობელ ქალაქში გადავსულიყავი. მე და ჩემი ცოლი მტვირთავებად ვმუშაობთ — ქვებითა და ქვიშით სავსე ტომრები გადაგვაქვს. ჩვენს სახლს ფანჯრები არა აქვს. წყალი ჭიდან მოგვაქვს, რომელიც პოლიციის განყოფილებასთან არის. საჭმელს დღეში ერთხელ ვჭამთ, მაგრამ, როცა სამუშაო არა გვაქვს, მთელი დღე მშივრები ვართ. ასეთ დროს სახლიდან გავდივარ, რადგან არ შემიძლია ატირებული ბავშვების ყურება, რომლებიც საჭმელს ითხოვენ“.
ვიქტორი და კარმენი ფეხსაცმლის შემკეთებლები არიან. ისინი ბოლივიის ერთ მივარდნილ ქალაქში ცხოვრობენ ხუთ შვილთან ერთად. ნახევრად დაშლილ შენობაში ერთ ოთახს ქირაობენ, რომელსაც სახურავი და ელექტრობა არა აქვს. სკოლაში იმდენად ბევრი ბავშვია, რომ ვიქტორმა თავის გოგონას მერხი თვითონ გაუკეთა, რათა გაკვეთილებზე დასწრება შეძლოს. ვიქტორსა და კარმენს 10 კილომეტრის გავლა უწევთ, რომ საჭმლის მოსამზადებლად და სასმელი წყლის ასადუღებლად შეშა მოაგროვონ. „საპირფარეშო არა გვაქვს, ამიტომ მდინარეზე გვიწევს ჩასვლა, — ამბობს კარმენი. — დასაბანადაც მდინარის წყალს ვიყენებთ და ნაგავსაც იქ ვყრით. ბავშვები ხშირად ავადდებიან“.
ფრანცისკო და ლიდია მოზამბიკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. მათი მეხუთე შვილი მალარიით დაიღუპა, რადგან სავადმყოფოში მკურნალობაზე უარი უთხრეს. პატარა ნაკვეთში მათ სამი თვის სამყოფი ბრინჯი და ბატატი მოჰყავთ. „ზოგჯერ მოსავალს გვალვა გვინადგურებს ან ქურდები გვპარავენ. ამიტომ ოჯახის სარჩენად ვჭრი
ბამბუკს და სამშენებლო მასალად ვყიდი. გარდა ამისა, ფიჩხის მოსაგროვებლად სახლიდან ორი საათის სავალზე მივდივართ. ფიჩხს მეც მოვათრევ და ჩემი ცოლიც. ნახევარს ვყიდით, ნახევარს კი საჭმლის მოსამზადებლად ვიყენებთ“, — ამბობს ფრანცისკო.ბევრი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ყოველი შვიდიდან ერთი მბარუშიმას, ვიქტორისა და ფრანცისკოს მსგავსად სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაშინ როცა მილიონობით ადამიანი ფუფუნებით ტკბება. ზოგი ცდილობს, რომ ეს პრობლემა რამენაირად გადაჭრას. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გზებს მიმართავენ ისინი და რისი იმედი აქვთ.
[სურათი 2, 3 გვერდებზე]
კარმენი თავის ორ შვილთან ერთად მდინარიდან წყალს იღებს