არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გადავანაწილოთ შემოსავალი გონივრულად?

როგორ გადავანაწილოთ შემოსავალი გონივრულად?

დავუშვათ, გაქვთ ბუშტი და მისი გაბერვა გსურთ. მაგრამ რთული ამოცანის წინაშე დგახართ, რადგან ის გახვრეტილია. როგორ მოიქცევით? ბუშტს იმ შემთხვევაში გაბერავთ, თუ იმაზე მეტ ჰაერს ჩაჰბერავთ, ვიდრე ნახვრეტიდან იპარება.

მსგავსი რამ ხდება, როცა საქმე ოჯახის რჩენას ეხება. თქვენი შემოსავალი შეიძლება პარკში ჩაბერილ ჰაერს შევადაროთ, ხარჯები კი ნახვრეტიდან გასულ ჰაერს. მთავარია, რომ ხარჯებმა თქვენს შემოსავალს არ გადააჭარბოს.

ამის თქმა ადვილია, მაგრამ პრაქტიკაში გამოყენება გაცილებით რთული. ადამიანები უამრავ ფინანსურ პრობლემას აირიდებდნენ თავიდან, ამ უბრალო რჩევას რომ ითვალისწინებდნენ. როგორ შეიძლება ამ რჩევის გამოყენება? სად შეიძლება სანდო ხელმძღვანელობის პოვნა? ამ მხრივ ბიბლიას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. მოდი, თვალი გადავავლოთ ამ წიგნში ჩაწერილ საინტერესო რჩევებს.

ბიბლიური პრინციპები, რომლებიც დაგვეხმარება

ბიბლიაში ჩაწერილი ბევრი პრინციპის გამოყენება ფინანსურ საკითხებში დაგვეხმარება. ვიმსჯელოთ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე. ამის შემდეგ, ეჭვგარეშეა, დაგვეთანხმებით, რომ ეს რჩევები ნამდვილად სასარგებლოა.

შეადგინეთ ბიუჯეტი.

ფული გონივრულად რომ ხარჯოთ, უნდა იცოდეთ, რამდენი გაქვთ შემოსავალი და რაში გეხარჯებათ. ბიბლია ამბობს: „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5). ამისათვის ზოგი კონვერტებს იყენებს. მაგალითად ერთი კონვერტი განკუთვნილი აქვთ „საჭმლისთვის“, მეორე „გადასახადებისთვის“, მესამე კი „ტანსაცმლისთვის“. არა აქვს მნიშვნელობა ამ მეთოდს გამოიყენებთ თუ გულდასმით შემუშავებულ სხვა მეთოდს, მთავარია, იცოდეთ, რაში დახარჯავთ ფულს. პირველ რიგში ის იყიდეთ, რაც აუცილებელია და არა ფუფუნების საგნები.

არავისი არაფერი შეგშურდეთ.

განვითარებად ქვეყნებში ბევრი ნატრობს იმ ნივთების შეძენას, რაც განვითარებულ ქვეყნებში ყველას აქვს. ხშირად ადამიანებს სწორედ ის უნდათ, რაც მათ მეზობლებს აქვთ. ეს მათთვის შეიძლება მახედ იქცეს. შეიძლება მეზობელმა ის ნივთები ვალით იყიდა. რატომ უნდა მიიღოთ ვიღაცის მსგავსად არაგონივრული გადაწყვეტილება და ვალებში ჩავარდეთ? ბიბლია გვაფრთხილებს: „შურიანი თვალის მქონე კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, ის კი არ იცის, სიდუხჭირეში რომ აღმოჩნდება“ (იგავები 28:22).

იცხოვრეთ უბრალოდ.

იესომ თავის მიმდევრებს ურჩია, რომ „თვალი სუფთა“ ჰქონოდათ (მათე 6:22). ნუ მოინდომებთ ხიზილალისა და შამპანურის ყიდვას, თუ მხოლოდ თევზისა და ლუდის ფული გაქვთ. ეს ვალებში ჩაგაგდებთ. აზიის განვითარების ერთ-ერთი ბანკის მონაცემებით, ფილიპინელთა მესამედისა და ინდოელთა ნახევარზე მეტის დღიური შემოსავალი 1.35 აშშ დოლარზე ნაკლებია, რაც ამ ქვეყნების საარსებო მინიმუმს შეადგენს. ვისაც ასეთი მიზერული შემოსავალი აქვს, გონივრულია, ყურადღება მნიშვნელოვანზე შეაჩეროს. თუმცა ეს პრინციპები მდიდარ ქვეყნებში მცხოვრებთაც დაეხმარება, რომ ფინანსურ პრობლემებს აარიდონ თავი.

დაკმაყოფილდით იმით, რაც აუცილებელია.

ეს რჩევა პირდაპირ კავშირშია უბრალო ცხოვრებასთან. 1 ტიმოთეს 6:8-ში ბიბლია გვირჩევს: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“. ბედნიერი ადამიანებიდან ზოგს სულაც არა აქვს ბევრი ფული. მიუხედავად ამისა, ისინი კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ. ისინი მატერიალურზე მეტად ოჯახის წევრებისა და მეგობრების სიყვარულს აფასებენ (იგავები 15:17).

არ აიღოთ ვალი, თუ აუცილებელი არ არის.

ჭეშმარიტია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „მდიდარი ღარიბებზე ბატონობს; მოვალე მევალის მსახურია“ (იგავები 22:7). ზოგჯერ შეიძლება ვალის აღება აუცილებელი გახდეს, მაგრამ, ვინც ხშირად ვალს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ სასურველი ნივთი იყიდოს, რთული ფინანსური პრობლემის წინაშე დგება. ეს განსაკუთრებით მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა საკრედიტო ბარათებს იყენებთ ან განვადებით ყიდულობთ რაიმე ნივთს. ჟურნალ „ტაიმში“ ნათქვამია: „როდესაც საკრედიტო ბარათით ვსარგებლობთ, ადვილი შესაძლებელია დაუფიქრებლად ვიყიდოთ რამე“. ფილიპინელი ერიკი ამბობს: „ხშირად უფრო მეტ ნივთს ვყიდულობ, როცა საკრედიტო ბარათით ვიხდი, ვიდრე ნაღდი ანგარიშსწორებისას. ჯიბეში ერთი ცენტიც აღარ მრჩება, როდესაც კრედიტის დაფარვის დრო მოდის“. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, როცა ასე ადვილად შეგიძლიათ კრედიტის აღება (2 მეფეები 4:1; მათე 18:25).

ფული გადაინახეთ.

შეიძლება მოძველებული მეთოდია, მაგრამ ფულის გადანახვა ერთ-ერთი ყველაზე გონივრული საშუალებაა, რაც ფინანსურ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. ბევრს, ვინც ასე იქცევა, არც ვალები აქვს და არც მაღალი პროცენტის გადახდა უწევს განვადებით ნაყიდ ნივთებზე. ბიბლიაში ჭიანჭველაზე ნათქვამია, რომ „ბრძენია“, რადგან „მკის დროს აგროვებს საზრდოს“ (იგავები 6:6—8; 30:24, 25).

ისწავლეთ სხვებისგან

ზემოთ განხილული ბიბლიური რჩევები შეიძლება შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად დაგვეხმარება ფულის ყაირათიანად ხარჯვაში? განვიხილოთ რამდენიმე ადამიანის შემთხვევა, ვინც გამოიყენა ეს რჩევები და წარმატებით გაართვა თავი ფინანსურ პრობლემებს.

ოთხი შვილის მამა დიოსდადო ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის გამო კიდევ უფრო გაუჭირდა ოჯახის რჩენა. მაგრამ მას ძალიან დაეხმარა ბიუჯეტის შედგენა. „გათვლილი მქონდა, რაში დავხარჯავდი ჩემი შემოსავლიდან თითოეულ სენტავოს. შემდეგ კი ვწერდი, რაში რამდენს ვიხდიდი“, — ამბობს ის. დანილოც იმავე მეთოდს იყენებს. მას და მის მეუღლეს პატარა ბიზნესი ჰქონდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ბიზნესი ჩაუვარდათ. მიუხედავად ამისა, ისინი ფულს გონივრულად ანაწილებენ და ამგვარად ახერხებენ აუცილებლის ყიდვას. დანილო ამბობს: „ვიცით, რამდენი გვაქვს შემოსავალი და რამდენი — გასავალი. ამიტომ, ჩვენი შემოსავლის გადანაწილებაზე დეტალურად ვმსჯელობთ ხოლმე“.

ზოგი მიხვდა, რომ გარკვეული ხარჯი უნდა შეემცირებინა, რათა გათვალისწინებულ თანხაზე მეტი არ დაეხარჯა. ერთი ქვრივი ქალი, სახელად მირნა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, ამბობს: „დღეს მე და ჩემი შვილები ქრისტიანულ შეხვედრებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად, ფეხით დავდივართ“. მირნამ შვილებს უბრალო ცხოვრების ფასი ასწავლა. ის ამბობს: „ვცდილობდი, შვილებისთვის კარგი მაგალითი მიმეცა და გამეთვალისწინებინა 1 ტიმოთეს 6:8—10-ში ჩაწერილი პრინციპი, სადაც ნათქვამია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმით დაკმაყოფილება, რაც გვაქვს“.

ორი შვილის მამა ჟერალდიც მსგავსად იქცევა. ის ამბობს: „ოჯახური შესწავლის დროს იმ ქრისტიანების შემთხვევებს განვიხილავთ, რომლებსაც მთელი ყურადღება სულიერზე აქვთ გადატანილი, რაც ნამდვილად ღირებულია. ამას კარგი შედეგი მოაქვს, რადგან ბავშვები არ ითხოვენ იმას, რაც აუცილებელი არ არის“.

ფილიპინებში მცხოვრები ჟანეტი ღმერთს სრული დროით ემსახურება და ხალხს ბიბლიის შესწავლაში ეხმარება. მან ახლახან დაკარგა სამსახური, მაგრამ იმით კმაყოფილდება, რაც აქვს. ის ამბობს: „ვცდილობ სწორად გავანაწილო ხარჯები და ეკონომიურად ვიცხოვრო. სავაჭრო ცენტრების ნაცვლად, ახლა უკვე ისეთ მაღაზიებში დავდივარ, სადაც დაბალი ფასებია. რატომ უნდა გადავიხადო ძვირი, როცა იმავე საქონლის ყიდვა იაფადაც შემიძლია? დაუფიქრებლად არაფერს ვყიდულობ“. ჟანეტმა დაინახა, რამდენად პრაქტიკულია ფულის გადანახვა. ის ამბობს: „როცა ფული მრჩება, თუნდაც ეს მცირედი იყოს, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ვინახავ“.

საკრედიტო ბარათების შესახებ, ზემოხსენებული ერიკი ამბობს: „კატეგორიულად გადავწყვიტე, გამოუვალი სიტუაციის გარდა საკრედიტო ბარათი არ გამომეყენებინა“. დიოსდადოც მსგავსად იქცევა: „ნაჩქარევად რომ არაფერი ვიყიდო, საკრედიტო ბარათს ოფისში ვტოვებ ხოლმე“.

თქვენ შეგიძლიათ კმაყოფილი იყოთ იმით, რაც გაქვთ

ბიბლია ძირითადად სულიერ ფასეულობებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებითაც გვაძლევს პრაქტიკულ რჩევებს (იგავები 2:6; მათე 6:25—34). თუ გამოიყენებთ ამ სტატიაში განხილულ რჩევებს და მიბაძავთ მათ, ვინც ამ პრინციპებით ცხოვრობს, თქვენც შეძლებთ შემოსავლის გონივრულად გადანაწილებას. ამგვარად თავიდან აირიდებთ მრავალ პრობლემასა და თავსატეხს, რითაც დღეს მილიონები იტანჯებიან.